შესავალ-გამოსავალი
„წერილი ეწოდების ყოველსა
კალამთაგან აღწერილსა...
ხოლო მინაწერსა მოკითხვათა
და სასაქმოთა – უსტარი...“
სულხან-საბა
ბატონო დაჩი!
მოდი, ამ ჩვენს უსტარ-წერილობანას დასაწყისს შესავალ-გამოსავალი დავარქვათ. იმიტომ კი არა, რომ შესავალი ყოველნაირ წიგნსა აქვს, მაგრამ შესავალ-გამოსავალი ჯერ არავის დაურქმევია და ჩვენ აღმოჩენას, ან უთქმელის, ხელთუქმნელის ქმნას ვაპირებთ, არამედ, სანამ შეხვიდოდე, გამოსავალზე უნდა იფიქრო. მით უმეტეს, თუ გაუწალდავ-გაუკვალავში გაღწევას აპირებ.
კარგი დასაწყისი კია ნახევარი საქმისა, მაგრამ ნახევარია და ესეც საკითხავია, კარგად ვიწყებთ? მთავარი შესვლაა... ტყეში, უღრანში, უსიერში გზის გაკვალვა და მერე გამოკვალვა-გამოსვლა. მით უმეტეს, ჩვენ უკან ვერ დავბრუნდებით – რასაც ვიტყვით, ხომ ვერ გავიმეორებთ. ესე იგი, უნდა ვიაროთ წინ, გაუკაფავში, და გავაღწიოთ.
ვიცი, იკითხავ: ეს წერილ-უსტარი ამისთანა რა გაუღწეველი ტევრია, არავის ჯერ ფეხი არ დაუდგამს, რომ ვიწრო ბილიკი მაინც დაეტოვებინაო?!
- რა თქმა უნდა, მართალია, არ უვლიათ და არ უკვალავთ კი არა, წერა-კითხვა მთლად ამისთვის გამოიგონეს და ამით დაიწყეს!
ჰოდა, შენ იმის თქმასაც ინდომებ: და თუ ამ უღრანში და უსიერში ბილიკები კი არა, შარაგზებია გაჭრილი და გაჭენებული, ჩვენ რატომ მივადგეთ უსიერს და ახალი რატომ ვკაფოთ, წინა კაცი ხომ უკანას ხიდია და ხიდის გვერდით ბონდი რატომ გავდოთ, როცა წინამორბედებს შესასვლელიც უპოვიათ, გამოსავალიც და გაუღწევიათ.
- უნდა დაგეთანხმო. იმ ოჯახაშენებულებს, რა თქმა უნდა, მარტო თავისთვის არ უღვაწიათ და მათ გაკაფულ გზასა და გადებულ ხიდზე ჩვენც შეგვიძლია გავიაროთ, მაგრამ...
შენ გეკრძალება, სიტყვას რომ მაწყვეტინებ, მაგრამ ახლავე გინდა იცოდე, იმისთანა საქმე არ წამოვიწყოთ, რაც უჩვენოდაც მოხელკეთილებულია. როცა, აგერ, კარადებიც და თაროებიც წიგნებითაა დატენილი და... წაკითხვა მითხარი შენ, მერე გაცნობიერება-გათავისება, თორემ...
- თორემ... ახლა მე გამოგართმევ სიტყვას პირიდან და გეტყვი: დაწერილი და დასურათხატებული იმდენია, შენ ჯერ რა ხარ, მაგრამ კიდევ ასი წელიწადი რომ იქნე და მეტი არაფერი აკეთო, რასაც წაიკითხავ და ისწავლი, მაინც ზღვაში წვეთი იქნება.
- მაშინ, უღრანი, უსიერი და გაუვალი რატომაა?! – ენას კბილი რომ დააჭირო, მაინც წამოგცდება.
- რა გაეწყობა, რომ ისევ მართალი ხარ, მაგრამ იმ ,,წინა კაცებმა“ თავისი ბილიკები და გზები გაჭრეს...
- მაგრამ, თუ ჩვენ ზედ სიარულს არ გვიშლიან! – რაც უნდა ითმინო, ვერ მოითმენ და წამოიძახებ.
- არა. ვინ გიშლის... პირიქით, გაუხარდებათ, თუ ჩვენც მათ ნაკვალევზე ვივლით და ნაღვაწს დავუფასებთ.
- მაშინ, რა გამოდის?!
- ის, რომ იმ მოღვაწეებს და მოაზროვნეებს გზა თავის უღრანებში გაჰყავდათ, თავის ქვეყანაში და თავის ეზო-სახლში ბრუნდებოდნენ.
- გამოდის, რომ ჩვენ მათ ნაკვალევზე ფეხს ვერ დავადგამთ?!
- როგორ გეკადრება!.. ისინი გზამკვლევებია, მაგრამ თავ-თავიანთი ქვეყნისა. ჩვენ, ჩვენი ტევრი უნდა გავწალდოთ.
- მაგრამ ჩვენც ხომ გვყავდა ჩვენი, რომ გზა გზად გაგვიკვალეს და ხიდი ხიდად გადეს.
- ისევ ვერ შემოგედავები და სიტყვა რომ გამაწყვეტინე, ვერ გისაყვედურებ, მაგრამ ახლა, ერთხანს, მაგ ენა რომ გადასაღეჭი გაგიხდეს, კბილებიდან არ გაგიცდეს და გეტყვი, რომ ის, ვინც გვყავდა და გვყავს, რა თქმა უნდა, ჩვენია; ის, სხვა ხალხებისაც საჩვენოა, რაკი სიბრძნემ და ხელოვნებამ საზღვრები არ იცის და კაცობრიობის მონაპოვარია, მაგრამ არის ქვეყნები დიდი, დიდზე დიდი – იმპერიული, არის თვალსაჩინო, ჩვენსავით პატარა და უფრო პატარაც კი – ჯუჯა; არის - თავისუფალი, დაპყრობილი და დამონებული...
ხომ გითხარი, ეს მიწერ-მოწერა და უსტარობანა ისევე ძველთაძველია, როგორც ანა-ბანა და, ამდენად, ყველა ქვეყანაში და ყველგან იმთავითვე გზავნიდნენ მოკითხვის ბარათებს და ეპისტოლეებს. მაგრამ უფრო გასაგები რომ იყოს, ახლა, აგერ, იმ ასიათასიდან ერთი გავიხსენოთ...
მამა, მოგეხსენება, მოცლილიც რომ იყოს და მოწადინეც, აკვანს თუ გადაურწევს, თორემ ჩვილს ძუძუ დედამ უნდა აწოვოს. არადა, ბალღი დაბადებიდან კი არა, ჩასახვის დღიდან იზრდება. აკვნიდან გადმოვა და ფორთხვას დაიწყებს თუ წამოდგება და დაეცემა, ხელებს დედისკენ იწვდის. ატირებულ თოთოს ძუძუ უნდა პირში, ტკივილს უამებს და ჩუმდება. ,,ნანაა“ და, მამის ნამღერი, დააძინებს კი არა, მძინარეს გააღვიძებს. მუცელი დედის იყო, რძე დედის, ალერსი და ენა დედისაა. და, ეეე! როცა მამის დრო დადგება და მამა თუ იქვე, მის გვერდითაა, რაღა მიწერ-მოწერა და უსტარობანა დასჭირდებათ. მაგრამ არც იმ მამას (ვისზეც მინდა, გიამბო) ჰქონდა საქმე საამისოდ და, მე რა იმისთანა რაიმეს მაქნისი ვიყავი, მაგრამ იმდენი სადავიდარაბო მქონდა, არც - მე.
ის კაცი, უშველებელი იმპერიის,