ჩემი ასავალ-დასავალი
არავინ იფიქროს, არ ვიცოდე, რომ თავის თავზე არ ლაპარაკობენ... მწერლის შემოქმედებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიოგრაფიას. მწერლები თხზავენ, მაგრამ კი არაფერს იგონებენ, რაც არ უნახავთ ან არ განუცდიათ. ვისაც არ მოსწყურებია - მისთვის წყალი უბრალო, უფერული სითხეა; ვისაც არ ჰყვარებია, იმას არც უმღერია; ვისაც არ სტკენია - მას სიხარულის გაგება გაუჭირდება; ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.
მწერალი ბიოგრაფიაა.
1930 წლის 16 ივნისს მე რომ ჩვეულებრივად არ დავბადებულიყავ ქუთაისის მახლობლად, წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში ან პატარაობისას რომ დავკარგულიყავ, ტყეში გზა ამბნეოდა, მელას მოვეტყუებინე, ღამეები დათვის ბუნაგში გამეთია ან მგლის ძუძუ მეწოვა, ალბათ, სათავგადასავლო ფათერაკებით აღსავსე მოთხრობებსა და რომანებს დავწერდი.
ასე არ მოხდა, მაგრამ მოხდა სხვა უბედურება. წლისა და სამი თვისა ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. დავრჩით მე და ჩემი ძმა (იგი ჩემზე ზუსტად ერთი წლით უმცროსია) ახალგაზრდა, გამოუცდელი, უნიათო დედის ამარა. ეს თითქოს უკეთესიცაა. მამის დაკარგვის ტკივილი და მწუხარება არ განგვიცდია, მაგრამ მერე რამდენჯერაც ჩვენს უსუსურ მხრებს მძიმედ დააწვა ობლობის ცივი ლოდი, იმდენჯერ მოგვიკვდა მამა და იმდენჯერ გამოვიტირეთ მშობელი, რომელსაც არ ვიცნობდით, არ გვესმოდა, რა იყო სიტყვა ‘,,მამა“, ჩვენ იგი აქამდე არავისთვის დაგვიძახნია და ვინ მოთვლის, რამდენჯერ გამოგვიგლოვია მისი უსიყვარულობა და ჩვენი პარტახი ობლობა. არავინ იცის ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისაგან გასივებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, ის მართლა ტირის.
თუ ოდესმე ვინმემ ამ სტრიქონების წასაკითხავად მოიცალა (რომლის იმედი მე სულაც არა მაქვს), მინდა რაღაც ისეთი ვუამბო, რაკი ვიცი, ტკივილი ყველას სამყოფად აქვს, რომ ვასიამოვნო; დავსხდეთ ერთი და რჯულზე ვიხითხითოთ, რომ ვათქმევინო: შენ აგაშენა ღმერთმა, გუნებაზე არ მომიყვანეო! მაგრამ რა ვქნა, რომ ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ყოფა-ცხოვრებაში ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი?!
ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის ეთქვას: მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო. თუ ეს მართლა ასეა, უნდა გავკადნიერდე და ვთქვა: ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია და უზარმაზარი ცოდნა და განათლება გამაჩნია. კაცმა რომ თქვას, მე ამ ქუფრი წარსულით თავიც კი მომაქვს და ვფიქრობ (აბა, ეს რა საფიქრალია): ყველაფერს რომ ჩვეულებრივად, სასურველად ჩაევლო: მყოლოდა მამა (ამბობენ, კარგი კაცი იყოო), სახელდებული და ცოლ-შვილის ერთგული; დედა - თავიანი, შვილებზე გადაგებული და ოჯახის ბურჯი; მესწავლა სანიმუშოდ, უმაღლესი წარჩინებით დამემთავრებია; სადმე, მამაჩემის ან ბიძაჩემის გავლენით მოვწყობილიყავ სამსახურში ან გავმეცნიერებულიყავი (რომელიც ახლა ესოდენ საწადელია), უფრო მოსაწყენი და უღიმღამო ხომ არ იქნებოდა ჩემი ცხოვრება?! ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ უთქვამთ, მართალი ხომ არაა?
საცოდავმა დედაჩემმა რომ ვერაფრით თავი ვერ მოაბა ქვრივ-ოხრის გაწამებულ ცხოვრებას, ძმებმა და დებმა ურჩიეს (რა თქმა უნდა, უკეთილშობილესი განზრახვით) გათხოვილიყო ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე, ჩვენც გავეზარდეთ და გერებისთვისაც მიეხედა. უბედურმა ქალმა ვერც ეს ნაბიჯი გადადგა დროულად და როცა ეს მოხდა, უკვე გვიან იყო. ჩვენ, ძმები, ათი-თერთმეტი წლისანი ვიყავით. ბებიას წყალობით კარგად ვიცოდით ქართული ზღაპრები, დედინაცვალი და მამინაცვალი. ადათით და წესით ცოლი თუ მეორედ გათხოვდება, ეს ღალატია. ჩვენ მამისეული ეზო, ხე და ქოხი გვქონდა, ნამეტანი ნაადრევი იყო, მაგრამ თოხისა და ბარის სიმძიმეც ვიწვნიეთ. ჩვენ რომ ჩვენი ხელით ყანაში გლერტა ბალახი ამოვჩიჩქნეთ და ფრჩხილებში სისხლი გვადინა, უკვე ამის მიტოვება აღარ გვინდოდა, თუ „მოღალატე“ დედას ჩვენი დიდებული ბებია გვერჩია, თუ მამიდა ყურადღებას არ მოგვაკლებდა (ამის იმედი გვქონდა), არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ დედასთან წასვლაზე უარი ვთქვით (სასამართლოც კი შედგა ამის თაობაზე).
დავრჩით სოფელში (დედა ქუთაისში გადავიდა). უმამობას უდედობაც დაემატა. ეს ის დრო იყო, როცა ბავშვის შემეცნებაში ერთმანეთში ირევა მართალი და ტყუილი, ბოროტება და ჭეშმარიტება, სინამდვილე და ზღაპარი, ჯოჯო და ანგელოზი. ამ დროს სიზმრისა და ცხადის დომხალში იხარშები და ყოველ წუთს გჭირდება ვიღაცა შენთან იყოს და ამ გაუსაგისში არ დაიკარგო.
მახსოვს, ღამე ან დავფრინავდი და მერე უფსკრულში ვვარდებოდი, ან ვიღაც სადღაც მიმათრევდა, რაღაც საშინელებას, ჯოჯოხეთს მიპირებდა და ყოველთვის, როცა თავის დაღწევას ვერ ვახერხებდი, სიზმარშიც მახსოვდა, რომ როგორმე თვალები უნდა გამეღო და ყველაფერი გაქრებოდა. ვახელდი თვალებს, მაგრამ ბნელში მაინც მაცახცახებდა და სანამ დედა ჩემთან იყო, ვაღვიძებდი, ვაღვიძებდი, რომ მარტო არ ვყოფილიყავ. მე არც სიზმარს ვუყვებოდი და არც ჩემს შიშს ვუმხელდი,