ავტორისაგან
ჩვენი სამშობლოს საქართველოს ისტორია, მისი კულტურა, ტრადიციები, ფლორა და ფაუნა ოდითგანვე აოცებდა ყოველ მათგანს ვინც ოდნავ მაინც შეხებია მის არსსა და მეობას. ხოლო ჩამწვდარნი ქართველი კაცის სულსა და გულს დაინახავდნენ უსაზღვრო სითბოს, სიყვარულსა და სტუმართმოყვარეობას.
რაც ჩამოვყალიბდი მას შემდეგ მოვალეობად მივიჩნევ არ დავიშურო ჩემი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები მამულისა და ქართველი ერის სამსახურში. თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე რეგიონის სხვადასხვა სკოლაში და ქ. ქუთაისის იოანე პეტრიწის სახ. უნივერსიტეტში მუშაობისას ნაწილობრივ შევასრულე ეს მისია. მიუხედავად ამისა გულში მაინც უკმარისობის გრძნობა მქონდა, სულს თითქოს რაღაც უხილავი ძალა ჩხვლეტდა, აწუხებდა, აწვალებდა და კალმის ხელში აღებამ ჩემს გრძნობა გონებაში გაჩენილი ეს უკმარისობა შეავსო.
თუ რამდენად გამოვიდა ამ წუხილის, ნაფიქრალისა და ნააზრევის გადმოტანა სუფთა ფურცელზე, ძვირფასო მკითხველო განსასჯელად თქვენთვის მომინდია.