რწმენა სიკეთისა
„ამ ლექსების ავტორს რვეულისთვის მისამართიც კი არ მიუწერია. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ მასწავლებელია და ოჩამჩირეში ცხოვრობს, თუ, რა თქმა უნდა, ისიც ამჟამად ლტოლვილი არ არის...
წელიწადნახევარზე მეტია, რვეული ჩემს უჯრაში დევს და მეც ველოდები, როდის მოაკითხავს პატრონი. მაგრამ ახლა, როცა მისი გამოჩენის ყოველგვარი იმედი გადამეწურა, გადავწყვიტე გამოვაქვეყნო ეს წრფელი ლექსები, იქნებ ასე მაინც მივაწვდინო ხმა მათ ავტორს და მასთან ერთად აფხაზეთში ყველა ჩვენიანს ვუთხრა „მათი გულების მსგავსად რომ ფეთქავენ ჩვენი გულებიც“...
იმედია, ღმერთი მაპატიებს, ავტორის უნებართვოდ რომ ვაქვეყნებ ამ ლექსებს, მაგრამ, რატომღაც მგონია, სწორად ვიქცევი, მით უმეტეს დღეს, როცა საქართველოს ამ უძვირფასეს კუთხეში უბედურება ტრიალებს. აფხაზეთი ჩვენთვის მარტო ქართული მიწის ნაწილი კი არა – სულის მდგომარეობაა. „აფხაზეთის წვიმა მიყვარს“-ო, თქვა გალაკტიონ ტაბიძემ და არ მეგულება ქართველი ადამიანი, ისიც კი, ვინც აფხაზეთში ერთხელაც არ ყოფილა, ამ ფრაზამ უცნაური ნეტარება არ მოჰგვაროს.
ეს, ერთი შეხედვით, წყნარი და მოკრძალებული ლექსები ფარული დრამატიზმითაა დამუხტული. მოულოდნელად მათი წიაღიდან ამოსხლტება ხოლმე ნათელხილვასავით სულისშემძვრელი ფრაზა: „ცა მსხვერპლი გახდა მერე ყაჩაღთა!“ რა არის ეს, თუ არა იმ იდუმალი ძალის ნიშანი, რასაც პოეზიას ვეძახით?..
რატომღაც მგონია, რომ უამლექსებოდ თითოეული ჩვენგანის სულს რაღაც დააკლდება, თუნდაც „მწველი სევდის უხმო წვეთი“...
ეს ლექსები, ტრადიციული ტერმინოლოგიით, ინტიმურ-მედიტაციურ ლირიკას განეკუთვნება და, ამავე დროს, სწორედ ეს ლექსები ერთხელ კიდევ ცხადყოფს ტრადიციული ტერმინოლოგიის უზუსტობას – ლირიკა არ შეიძლება დაიყოს „ინტიმურად“ და „სამოქალაქოდ“, ლირიკა თუ ინტიმური არ არის, არ ვარგა, ხოლო კარგი, ანუ ნამდვილი ლირიკა – უსათუოდ სამოქალაქოცაა!
ლირიკის მოთხოვნილება, ლირიზმი ყველა ადამიანის სულშია ღმერთისგან ჩანათებული. ზოგჯერ ის ზედაპირზე დევს, უმთავრესად კი თვალჩაუწვდომ სიღრმეებშია დანთქმული და ის, ვინც სიღრმეებიდან მის ამოტანას ცდილობს – არა აქვს მნიშვნელობა, აღწევს თუ არა მიზანს – პოეტია, დღესდღეისად ყველასგან დავიწყებული, მაგრამ, დე, ნურავის ეწყინება, ყველასთვის გაცილებით უფრო საჭირო, ვიდრე სხვა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი. რაც უნდა დიდი წინააღმდეგობა გავუწიოთ და ნარკოტიკად ქცეული ინფორმაციის ცვილით ამოვიგლისოთ ყურები, ჩვენს არსებამდე მაინც აღწევს ჭეშმარიტი პოეზიის ხმა, რომანტიკულ სანაპიროზე რომ გვიხმობს და სანამ ეს ხმა გვესმის, ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის...
მე იმედი მაქვს, საქართველო ისევ მიუბრუნდება პოეზიას. ბუნებით შემოქმედ ხალხს დიდხანს დუმილი არ შეუძლია...“
აი, ეს ზემოთ მოყვანილი პატარა წერილი და ჟანა ოთხვანის რვა ლექსი, ანუ ყველა, რაც იმ რვეულში იყო, სათაურით „იის სურნელი“ გამოვაქვეყნე „ლიტერატურულ საქართველოში“, 1993 წლის 5 თებერვლის ნომერში. გაიარა კიდევ რამდენიმე ხანმა, მგონი, მთელმა წელმაც და ჟანაც გამოჩნდა. ოჩამჩირიდან ლტოლვილს, სვანეთში წაუკითხავს გაზეთის ის ნომერი...
მერე მისი ლექსები რამდენჯერმე გამოქვეყნდა „მნათობში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, დაიბეჭდა მისი საინტერესო გამოკვლევა ქართულ სიმბოლიზმზე, აგრეთვე შესანიშნავი ესე კოლაუ ნადირაძის ცნობილ ლექსზე, საქართველოში რუსული წითელი ურდოს შემოჭრას რომ ეძღვნებოდა და რომლის შედეგიც, ბევრ სხვა უბედურებასთან ერთად, აფხაზეთის ტრაგედიაც იყო...
ჩვენმა ლიტერატურულმა საზოგადოებამ თანდათანობით შეაჩვია ყური მის სახელს, მაგრამ მგონი არ იცის, თუნდაც ჩვენს მწერლობაში ამჟამად გამეფებული სრული განუკითხაობის გამო, რომ ჟანა ოთხვანის სახით ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი ჰყავს, რომელმაც ჩვენს თანამედროვე ლიტერატურაში მეტად საინტერესო სამყარო შემოიტანა.
ოჩამჩირიდან ლტოლვილი, სვანეთში გადასულა. ცოტა ხანს მშობლიურ ბუდეში მოუთქვამს სული. ჭრილობები, დაუნდობელმა დრომ სულზე რომ დაამჩნია, თითქოს მოშუშებია, თუკი საერთოდ შესაძლებელია ასეთი ჭრილობების მოშუშება, მაგრამ სამაგიეროდ, მისი საკუთარი, ფიქრითა და ოცნებით შემოზღუდული გალაქტიკა ტკივილს გაუთანგავს, რაც უკიდურესი სიცხადით გამომჟღავნდა კიდეც მის ლექსებში, ანუ ტკივილის ტკივილად – სასოწარკვეთადაც მოგვევლინა.
პირველივე ლექსები, რომლებიც ჟანას დაბრუნების შემდეგ წავიკითხე, თითქოს მისი არსების შებრუნებულ პროექციას ამხელდა, თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად ავტორის სურვილისა. საიდუმლოს შესანახად ლექსი ნამდვილად არ გამოდგება, უსათუოდ გაგთქვამს, „გიღალატებს“, შენს ტკივილს საქვეყნოდ გამოააშკარავებს. მისი ახალი ლექსები გარესამყაროსადმი ავტორის აშკარად შეცვლილ, გამკაცრებულ, უფრო მეტიც – დანასავით წამახვილებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებდნენ, რაც, ამავე დროს, ძალზე ბუნებრივად ჟღერდა, რამდენადაც ამქვეყნად, თუნდაც, გასაძლებად აუცილებელი, სინამდვილესთან ჰარმონიული წონასწორობის დაკარგვის შედეგი იყო. სწორედ რეალური გარემო მოერღვა, ჩამოექცა უცებ, როგორც მიწისძვრის დროს – ჯებირი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს არსებობის საზღვარზე, თითქოს უფსკრულის პირას, გვიცავს გაურკვეველ უსაზღვროებისგან.
ეს იყო ომის ექო ...
„მე მორიგი მსხვერპლი ვარ მხოლოდ
იმ დაუნდობელ სინამდვილის, რომელშიც ვცხოვრობ“,
ეს სიტყვები ერთ-ერთი იმ პირველი ლექსიდანაა, რომელიც საკუთარ სამშობლოში ლტოვილად ქცეულმა