7 ამბავი -
ადამიანებსა და მწერებზე
13 წლის გოგო,
ვირთხის თათები და ვაშლი
მამა ხეზე კონწიალობს. ნაცრისფერი შარვალი წელში მაგრად აქვს ქამრით წაჭერილი, თითქოს ეშინოდა, თავს რომ ჩამოვიხრჩობ, არ ჩამძვრესო. ცხვირგაცვეთილი ცალი ფეხსაცმელი ბალახებში გდია. წინდა ქუსლთან აქვს გამოხეული. დაძენძილი ლურჯი ჯემპრიდან გამოყრილი ხელები მკვდარი ვირთხის თათებს მიუგავს. დაკრუნჩხულია. შორს იყურება. სადღაც ჰორიზონტს იქით. ვერ მხედავს, როგორ ვუთვალთვალებ. ვერ მხედავს, როგორ ვათვალიერებ მის გამოხეულ ქუსლს, მის ნაცრისფერ, მუხლებზე გამობერილ შარვალს, თვალწასულ, დაძენძილ ჯემპრს და ვირთხის თათებს და ალბათ ამიტომაც კონწიალობს ასე მშვიდად. ნიავის წამობერვაზე შუბლზე თმა რომ ეშლება, თითქოს ცოცხლდება. თითქოს რამდენიმე წამით იმ კაცს ემსგავსება, ერთხელ, საახალწლოდ, ქურთუკიდან ხელისგულისოდენა ცისფერი დათვი რომ გამოაძვრინა და კალთაში ჩამიდო. ჰოდა, მინდება, დავუძახო:
– მამააა, მოიხსენი ყელიდან ეგ თოკი, ამოიცვი ფეხსაცმელი ქუსლგამოხეულ წინდაზე და წამომყევი სახლში. მამაააა, დედა სისხლისგან იცლება. ყელში ნაჯახი აქვს გარჭობილი, როგორც ზამთრისთვის დასაჩეხ მორს, გესმიიიის, დედა სისხლისგან იცლება, მოდი, მომეშველე, მამააა, დედას ბუზები ეხვევიან... მაგრამ მის ვირთხის თათებს მოვყავარ აზრზე. დაკრუნჩხულ თათებს. თათებს, რომლებმაც დედა მოკლეს.
* * *
ადვილია მოკლა დედა. ძალიან ადვილი. დედას წვრილი კისერი აქვს. თხელი ძვლები. რა საჭიროა ნაჯახი. დედას მოკვლა კარაქის დანითაც შეიძლება. ან სულაც ვირთხის თათებით. წაუჭერ ხელში თათებს, დედა ჯერ გაწითლდება, მერე თვალები დაებერება, მერე პირს დააფჩენს, მერე ხროტინს დაიწყებს, მერე თვალები შუშად ექცევა. მერე ხროტინსაც შეწყვეტს და გაჩუმდება ყველაფერი. მაგრამ ვირთხის თათები რატომღაც ნაჯახს არჩევენ. ასე უფრო ადვილია ალბათ.
* * *
მამა ხეზე კონწიალობს. კონწიალობს რაღაცნაირად უდარდელად. მშვიდად. ქარის წამობერვაზე თითქოს ცოცხლდება და მინდება ამბავი მოვუყვე. ჩემი და ჩემი დების და ძმების. როგორ ვართ მას მერე, რაც მამამ დედას ნაჯახით წააცალა თავი, თვითონ კი ხეზე ჩამოეკიდა. მინდა, რომ რაღაცნაირად მოვუკლა გული. მინდა, რომ ვატირო ჩვენი ცოდვით. ჩემი და ჩემი შვიდი და-ძმის ცოდვით. მამა კონწიალობს ვაშლის ხეზე და მისმენს მშვიდად, ძალიან მშვიდად. მისმენს ისე მშვიდად, როგორც არასდროს. თუმცა, ჩვენ არც არასდროს გვილაპარაკია მას შემდეგ, რაც წინასაახალწლოდ ცისფერი, ხელისგულისოდენა დათვი ჩამიდო კალთაში, ლოყაზე ხელი მომიცაცუნა, ეს შენო, მითხრა და მეც მადლიერების ნიშნად, ლოყა ჩავუდე ხელისგულში. ეს იყო და ეს, მას მერე ათი წელი გავიდა...
* * *
ვაშლს ვწყვეტ იმ ტოტიდან, რომელზეც მამა კონწიალობს, მერე ბალახებში, მამას ფეხებთან ვიმუხლები, ვკბეჩ ვაშლს და გამობერილი ლოყით მამას ვუყვები ჩვენს ამბავს:
მა, შენ რომ დედა მოკალი, მეც იქ ვიყავი. კარში ვიდექი და გიყურებდი. იცი, ვფიქრობდი, რომ გუშინდელივით იჩხუბებდით, იყვირებდით და გაჩუმდებოდით. ვფიქრობდი, რომ დედას ერთს გაარტყამდი და დამშვიდდებოდი, ზუსტად ისე, როგორც გუშინწინ. იმასაც ვფიქრობდი, რომ საწოლზე დააგდებდი, მწვანე კაბას შემოახევდი, პირზე ხელს ააფარებდი და ფეხებს შუა შეუძვრებოდი, როგორც იმის წინ და მერე გაყუჩდებოდი. კიდევ ვფიქრობდი, რომ გამოვიქცეოდი და ფეხებზე შემოგეხვეოდი და დედას გაქცევაში დავეხმარებოდი, მაგრამ ვერ მოვასწარი. იცი, რას ვერ მივხვდი? როგორ მოახერხე აი, ამ ვირთხის თათებით დედას მოკვლა?..
დედამ რომ სისხლი გადმოარწყია, შენ მაშინ გაიქეცი. მე მუხლებზე დავეცი და ისე მივხოხდი დედასთან. იცი, დედა სუნთქავდა. ჩუმად. ბეჭებში ჩავეჭიდე, ჩემკენ მოვწიე, მაგრამ თავი გადააგდო გვერდზე, როგორც ნაჭრის თოჯინამ და მივხვდი, რომ დედა მოკვდა. ყველას ეძინა სახლში. შენს ბიჭებს, შენს გოგოებს და, რაც მთავარია, დედას ეძინა. ყველაზე ღრმად, ყველაზე მშვიდად. მარტო მე არ მეძინა, გესმის? მე არ მეძინა! მუხლებით ვცურავდი დედას სისხლში, კაბის კალთით ვწმენდდი სისხლიან თვალებს და ვეძახდი. ძალიან ჩუმად, ჩურჩულით ვეძახდი, როგორც წლების წინ, ღამღამობით, ცუდ სიზმარს რომ ვნახავდი და ვეძახდი, ჩუმად, ძალიან ჩუმად, რომ არ შემეშინებინა. დე, დე...
* * *
გემრიელია ვაშლი, არ გინდა, მა? მე კიდევ მინდა. შეგიძლია, აი, ის ვაშლი მომიწყვიტო, შენს თავზე რომ კონწიალობს? მე ჯერ ვერ ვწვდები. მე ჯერ ცამეტი წლის ვარ. და მჭირდება ვინმე, ვინც ფეხებში მომკიდებს ხელს და ზევით ამწევს, რომ ვაშლს მივწვდე. ძლიერი ვინმე, მამასნაირი ვინმე. შენ კიდევ ახლა თავად კონწიალობ ამ ვაშლის ხეზე. რა უცნაურია, მაინც როგორ მოახერხე ამ ვირთხის თათებით ყულფის გამონასკვა?!.
* * *
მა, იცი, დედას დილისკენ ბუზები დაეხვივნენ. აზრზე არ ვარ, საიდან მოფრინდნენ ერთად ამდენი. ტუჩებზე ასხდებოდნენ და სისხლისგან გაწებებულ საცეცებს იფშვნეტდნენ, ფრთებს ისწორებდნენ. ვუქშევდი, ვუქშევდი და ისინი უფრო მრავლდებოდნენ. კარგად რომ ინათა, ბიჭები და გოგოები გამახსენდნენ. ოთახში გავედი. ისევ ეძინათ.