ელვია
- ამ მაღაზიაში ადამიანებზე 70-პროცენტიანი ფასდაკლება თვის ბოლომდე გაგრძელდება. ახალ კოლექციას ნოემბრისთვის ელოდებიან. როგორც ამბობენ, დიზაინზე საუკეთესო მოდელიორებმა იმუშავეს. რაც მთავარია, იმუშავეს მხოლოდ კაცებმა, მამაკაცებმა, მამრებმა, ძლიერი სქესის სუსტმა წარმომადგენლებმა, - ხაზეს, ხატეს, შალეს, ფხრიწეს, ბლანდეს, ქარგეს, ჭრეს, კერეს. ისე დააგლიჯეს თურმე ერთმანეთს ნერვები, რომ რამდენიმე მათგანს ტვინში სისხლმა აასხა, თმის ღერებიდან გამოჟონა და თითქმის დასრულებულ მოდელებს წითელ წვეთებად შეეწუწა და მოკლედ, წელს თურმე წითელკოპლებიანი ადამიანები არიან მოდაში... იმასაც ამბობენ, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული და უნიკალური კოლექცია იქნება.
„თუ ფული გაქვს, აჯობებს, თვის ბოლომდე დაიცადო და ბარემ უნიკალური წითელკოპლებიანი ადამიანი შეიძინო, თუ არა და შეიხედე, ნახე ვინ დარჩა, იქნებ რომელიმე შენი ზომაც აღმოჩნდეს”, - ჩასჩურჩულა ევლიას მარცხენა ბიბილოზე ჩამოკონწიალებულმა ციცქნა ეშმაკმა და ისე უდარდელად გააგრძელა მზეზე შავი თვალების ბრჭყვიალი, თითქოს ეშმაკი კი არა, ანგელოზი ყოფილიყოს... არადა, შარშან ეს ეშმაკი ზუსტად ფასდაკლებაზე შეაჩეჩა ლურჯთმიანმა გამყიდველმა და თან დააიმედა, კარგი რა, წელს საითაც არ უნდა გაიხედო, ყველას ანგელოზები ჰკიდია, ჰოდა, შენ ხომ ყველა არ ხარო...
- 70 პროცენტიანი ფასდაკლება? ანუ ჩემი ზომა აღარავინ იქნება. თავის დროზე გაიყიდებოდნენ, - მაინც, ყოველი შემთხვევისათვის შეაღო მაღაზიის შუშის კარი ევლიამ და გამოცარიელებულ დახლებს ჩამოუარა... XL, XL, XXL…
- სამწუხაროდ, არა მგონია, აქ ვინმე მოირგოთ. თქვენ ისეთი სტანდარტული ზომისა ხართ, რომ, როგორც წესი, ამგვარი ზომები კოლექციის შემოსვლის პირველსავე დღეს იყიდებიან, ვითომ საშინლად დადარდიანებულმა ზედმეტად სტანდარტული ზომის გამყიდველმა პირში მიახალა სიმართლე ევლიას და მაშინვე დაეტყო სახეზე, რომ მისი ზომის ადამიანები სულ უფასოდ, ნაცნობობით, დახლს ქვემოდან, საწყობიდან, დღეში ათ-ათი გაჰყავდა და ახლობლებს ორმაგ ფასად აძლევდა... თავისთვისაც ჰყავს რამდენიმე გადანახული: ზამთარში, ძალიან რომ აცივდება, სამ-სამს მიიწვენს ხოლმე გვერდში და მთელი ღამე ერთს ხელებს ათბობინებს, მეორეს ცუდად გაპარსულ ფეხებს და მესამეს წელსა და მუცელზე იხვევს... და თუ ძალიან შესცივდება, რიგ-რიგობით შიგნითაც უშვებს - შეისრიალებს ფეხებს შუა ჭროღა გველივით, მუცლის ღრუში გამოიმწყვდევს, დაიტრიალებს, ჯერ საშვილოსნოს გაიღუღუნებს, მერე კუჭისკენ გაატარებს, მერე გულისკენ, - რვა-ცხრაჯერ შეაბერვინებს თბილ სულს გულის მესამე პარკუჭისთვის (რატომღაც ყველაზე მეტად მესამე პარკუჭი ეყინება ხოლმე), მერე უკან გამოაბრუნებს, გზად ნაღვლის ბუშტიდან ნაღველს ამოაწუწნინებს და ბოლოს ისევ საშვილოსნოდან გამოიტყორცნის... და ამ დროს, ზუსტად ამ დროს, ისეთი საზიზღარი კვნესა-კნავილი გაუდის ამ ზედმეტად სტანდარტული ზომის ქალს, თითქოს კატის კნუტს ატყავებენო... აქ შევეშვები მის ამბავს.
ევლიამ ჩუმად გამოიხურა შუშის კარი. სახლში მისულს სულაც აღარ ახსოვდა სამოცდაათპროცენტიანი ფასდაკლება. ახლა უფრო მეტად ის ადარდებდა, რომ უკვე მეჩვიდმეტე დღე იყო, რაც საკუთარ ანარეკლს ვეღარ ხედავდა სარკეში. არადა, ჩვიდმეტი დღის წინაც, როგორც მთელი 28 წლის მანძილზე, დილით ჩვეულებრივად გაეღვიძა: კარგა ხნის წინ გაცივებული წყლიდან ამოვიდა, ჯერ მარცხენა თვალი ჩაისვა ბუდეში, მერე მარჯვენა, სამი ხალი ყელთან მიიკრა, თორმეტი ზურგზე, ერთი მკერდზე და შვიდი მუცელზე. ცისფერი და იასამნისფერი ძარღვები საოცარი სიზუსტით მიიმაგრა მაჯებზე, ოცდამეცამეტე კბილი ჩაისვა და სარკეში ჩაიხედა. სარკეში ყველაფერი გადასარევად დაინახა, - მწვანედ შეღებილი კედელი, ზედ ჩამოკონწიალებული რომელიღაცა ცნობილი მხატვრის ცნობილი ნახატის ყველაზე უცნობი რეპროდუქცია, ფანჯრებზე დაკიდებული მოყვითალო, გამჭვირვალე ფარდა, და სკამზე მიგდებული, გადაბრუნებული ზოლიანი კაბა... თუმცა ადრე ეს ყველაფერი რომ დაენახა, ოდნავ მარჯვნივ უნდა გადაეხარა თავი, ახლა კი თავის გადახრა არ დასჭირვებია... არსად ჩანდა ევლია. აი ასე, უბრალოდ, იდგა სარკის წინ, მაგრამ არ ჩანდა.
ცივ სარკეს მიადო კიდევ უფრო ცივი შუბლი, თვალები ისე დააჭყიტა, კინაღამ გადმოუცვივდა, მაგრამ ანარეკლი კი ვერაფრით დაინახა. ერთადერთი მიზეზი მისი გაქრობისა მხოლოდ წუხანდელი სიზმარი შეიძლებოდა ყოფილიყო:
ვითომ ტრიალ მინდორში სულ მთლად შიშველი ცივ ქვაზე იჯდა, გარშემო ნეკის ტოლა ბავშვები დარბოდნენ, ზედ ჭიანჭველებივით აცოცდებოდნენ, ტანზე ღრმულებს უკეთებდნენ, სხეულში უძვრებოდნენ, თითო-თითო წვეთ სისხლს პირში იგუბებდნენ და ისევ უკან გამოდიოდნენ. ბოლოს ისე გამოახმეს, რომ ევლია ხედ იქცა. მერე იმ ტრიალ მინდორზე ცულიანი კაცები გამოჩდნენ, ცივ ქვაზე ამოსული ხე რომ დაინახეს, გაოცდნენ, მოჭრეს, მერე შეშად დაჩეხეს, სახლებში წაიღეს და ბუხარს შეუკეთეს. საკვამურიდან ამოსული ევლია ჰაერს ისე შეერია, რომ რაღაც გაურკვეველი, იმ ტრიალი მინდვრის გარშემო მცხოვრებთათვის უცნაურად სასიამოვნო სურნელი დატოვა და სანამ საბოლოოდ გაქრებოდა, შეამჩნია, როგორ გაიშალა მხრებში ცელით მდგარი მოკუნტული მოხუცი