წერილი კიდევ ერთი ღამის გათენებისათვის
შენ ხარ ჩემი უეცარი ავადმყოფობა.
ყოველ საღამოს, შეჩვეული შიშების გავლით,
უნახავი სიზმრების გავლით,
სიამაყის შორიდან მოვლით,
შენთან მოვდივარ.
ყოველ საღამოს, როცა მკლავებს მხრებიდან ვიხსნი
და როცა თვალებს მარილწყალში მშვიდად ვალაგებ,
როცა არ მყოფნის ფეთქვისათვის მშობლების სისხლი,
როცა თავდება მოგონების ყველა მარაგიც,
ყოველ საღამოს, როცა ხმაა ზურგსუკან კარის,
როცა ვხვდები, რომ საკუთარ ფრთებს ვერ გამოვები,
როცა ლანდები ქარის ხმაზე გადიან გარეთ,
მოჩვენებებიც მარტოდმარტოს როცა მტოვებენ,
ყოველ საღამოს, როცა მიწა მწვდება წელამდე,
როცა მალებად ვშლი და მერე ვაწყობ ხერხემალს,
ვიცი, რომ თუნდაც დროს და მანძილს თვითონ ვწელავდე,
ყველა სატკივარს მოარჩენდა შენი შეხება
და შუაღამის ყველა ფიქრის დასავიწყებლად,
ჩვენი საერთო ღამისთევა მაშფოთებს ისე,
შენ, ალბათ, იქვე დამთავრდები, სადაც იწყები,
მაგრამ მანამდე, მე, უბრალოდ, ვზივარ და გისმენ.
შენ ხარ ჩემი იშვიათი ავადმყოფობა.
ყოველ საღამოს, შეჩვეული შიშების გავლით,
უნახავი სიზმრების გავლით,
სიამაყის შორიდან მოვლით,
ანდა, საერთოდ, დავიწყებით,
შენთან მოვდივარ,
რომ კიდევ ერთხელ დავინახო შენი თვალები.