შეგიყვარებენ შენც! ზოგჯერ ასეც ხდება - ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვება, სახლში ერთდროულად იწვება წყლის გამაცხელებელი და ორი ნათურა, გავიწყდება გადასახადის გადახდა, სკდება მანქანის საბურავი და საღამოს, ძლიერი წვიმის შემდეგ, აბაზანის ჭერიდან წყალი იწყებს წვეთას. ჰო, არსებობს ასეთი დღეები, როცა წამიერად გგონია, რომ აღარ იცი, რა ქნა, საიდან დაიწყო, რომელ ერთს გაწვდე. როცა წამიერად უშვებ, რომ მეტი აღარ შეგიძლია.
მერე ვიღაცები მოდიან, მოდიან და გეუბნებიან, რომ ერთი ქალი ვერ ეყოფა ამდენს, რამდენსაც ეჭიდები, რომ ერთი ქალის ცხოვრება არ კმარა იმისთვის, რომ წიგნებსაც წერდეს, სახლსაც ალაგებდეს და სარკეში ჩასახედადაც რჩებოდეს დრო. გეუბნებიან, რომ ერთ ქალს, სინამდვილეში, არაფერი შეუძლია, მითუმეტეს, მთელი ცხოვრების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მისი საქმე არ არის. შენ კი დგახარ, უსმენ და გრძნობ, როგორ გიმაღლდება წამიერად დაშვებული მხრები, როგორ იზრდები, როგორ ცდილობ, დაგლიჯო ჯაჭვები, რომელსაც გარს გახვევენ და ამბობ: „ცდებით! მე ყველაფერი შემიძლია!“
„ქალი უნდა იყოს ნაზი“, „ქალი უნდა იყოს სუსტი“, „ქალმა უნდა იცოდეს საკუთარი ადგილი“, „ქალი უნდა იყოს იმდენად ჭკვიანი, რომ მამაკაცს თავისი ჭკუა არ დაანახოს“, „რა გჭირს საიმისო, რომ ყველაფერს მარტო უმკლავდებოდე, რაღაცაზე თვალი დახუჭე და უკან დაიხიე!“ - განაგრძობენ ისინი და სხვებისკენ მიგითითებენ, სხვების სანიმუშო ცხოვრებისკენ, სხვების სახლებისკენ და შვილებისკენ. შენ კი დგახარ და გახსენდება ყველა ნაბიჯი, რომელიც არ გადადგი, ყველა კომპრომისი, რომელზეც არ წახვედი, ყველა სიტყვა, რომლის მოსმენასაც შენგან ელოდნენ, შენ კი არ თქვი. გახსენდება შენი სიყვარული, რომელიც არ ჰგავდა სხვებისას და ამბობ: „ნათურას მე თვითონ გამოვცვლი!“
დამოუკიდებლობა არ არის სასჯელი ქალისთვის. დამოუკიდებლობა არჩევანია. არჩევანია, შენი პრობლემების მოსაგვარებლად სხვასთან არ გარბოდე, თავს სუსტად არ აჩვენებდე მას, ვისაც შენი ძლიერების ეშინია და იცოდე, რომ საკუთარი თავის უარყოფამ, საკუთარი სურვილების და ოცნებების სხვის გამო მიჩქმალვამ შიში იცის, შიში, რომელიც ვერასოდეს შეიქმს სიყვარულს.
არჩევანია, არ იცხოვრო ადამიანის გვერდით, რომელსაც, უბრალოდ, მარტოობა მობეზრდა, მიმოიხედა და ხელი დაგავლო, რომელსაც შერცხვება, თუკი შენი მომზადებული კერძებით მეგობრებთან თავს ვერ მოიწონებს, რომელმაც არ იცის, რაზე ფიქრობ, როცა ფანჯრის რაფაზე ფეხებმოკეცილი ზიხარ და წელიწადის დროების ცვლას აკვირდები.
არჩევანია, აგური აგურს თავად დაადო და გწამდეს, რომ ჰარმონიას მთელი პასუხისმგებლობის ერთი მხარისთვის დაკისრება კი არა, თანასწორობა ქმნის, რომ ცხოვრება ძალიან ჰგავს სასწორს და ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არაა, თუ რომელი პინა გადაწონის, არამედ ის, რომ ბალანსი შეინარჩუნო.
დამოუკიდებლობა ბედნიერებაა. მთავარია, გჯეროდეს, რომ შენი ერთი ცხოვრება ყველაფერს გაწვდება, რის მოსწრებასაც ცდილობ, რომ გამაცხელებელსაც გააკეთებ და წყალიც შეწყვეტს ჭერიდან წვეთას. მერე კი შეძლებ, სარკეში ჩაიხედო და საკუთარ ანარეკლს გაუღიმო, რადგან ეს უძილობით გამუქებული უპეები, თმაში გამორეული ჭაღარა, რამდენიმე ზემდეტი კილოგრამი - ყველაფერი შენია, შენი ცხოვრების ნაწილია, რომელსაც ვერ შეიძულებ. მთავარია, რომ შეძელი, შეძელი - დღისით გემუშავა, საღამოს ლამაზად ჩაგეცვა და წვეულებაზე წასულიყავი, ღამით გეწერა, სულ ცოტა ხნით დაგეძინა და გყვარებოდა, გყვარებოდა სულ, ისე, როგორც გესმოდა - თანასწორად და დამოუკიდებლად.
ერთხელაც იქნება და შეგიყვარებენ შენც, შეგიყვარებენ ისეთს, როგორიც ხარ, როგორ ქალადაც დაიბადე, არ შეგახსენებენ, რა შეგეფერება და რა არა, რა გევალება და რა გეკრძალება, შეგიყვარებენ და გეცოდინება, რომ სხვა ადამიანთან ცხოვრების გაყოფა საკუთარ თავზე უარის თქმას არ ნიშნავს, რომ სამყარო უსასრულობასა და სრულყოფილებას სწორედ თქვენ ქმნით: შენ, შენი დამოუკიდებლობა და შენი სიყვარული.