წიგნი მესამე წაკითხვის მოლოდინში - „ქალაქი წყალზე“ მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა ამ მოთხრობებთან: ბაკალავრიატი ახალი დამთავრებული მქონდა, მაგრამ ჩემს გზაზე ჯერაც არ ვიდექი. დაბნეული და დაკარგული ვიყავი; ჰო, კიდევ - შეყვარებულიც (რასაკვირველია, ცალმხრივად). ერთ-ერთ პროექტში ვმონაწილეობდი, შეხვედრაზე ცოტა ადრე მომიხდა მისვლა და მრგვალ ბაღში ჩამოვჯექი. თან სწორედ ეს წიგნი მქონდა. ისიც მახსოვს, რა მეცვა.
ეს დასაწყისი წინასიტყვაობისთვის, ალბათ, გეუცნაურებათ. ვინმეს ეგებ ეუხერხულოს კიდეც, მაგრამ გამოცდილმა მკითხველებმა იციან: კითხვა, შესაძლოა, ძალზე პირადი, ძალზე ინტიმური აქტი იყოს. კითხვის დროს ხომ არა მხოლოდ ჩვენი წინარე ცოდნა, არამედ წინარე გამოცდილებაც ცოცხლდება და გვეხმარება ტექსტის ცარიელი ადგილების, მკითხველისთვის დატოვებული ადგილების ამოვსებაში.
კონკრეტულად რომელი მოთხრობა წავიკითხე, სანამ ვიცდიდი, ამას კი ვეღარ ვიხსენებ. ალბათ, იმიტომ, რომ კრებულში შემავალი რვავე ტექსტი წიგნის დასრულების შემდეგ ჩემთვის ერთ მთლიანობად იქცა. მართლაც მთლიანობაა - ყოველი მომდევნო მოთხრობა ავსებს და გვიხსნის წინას. გამჭოლი თემა კი სულ ორია: სიყვარული და წყალი (ეს უკანასკნელი - თავისი სიმბოლური მრავალშრიანობით). მაშინ მე ყურადღება მხოლოდ პირველს მივაქციე.
რა არის სიყვარული? როგორია?
ეგებ გაყინულ ხელებს რომ გაგითბობს, ისაა სიყვარული. ან იქნებ ისაა, მთელი სამყარო რომ ერთი ადამიანის თვალებში ეტევა („ლიდია“). იქნებ ძიებაა სიყვარული, მარცხისთვის განწირული ძიება („ილარია“). იქნებ თავის შეწირვაა სიყვარული, უანგარო თავდადებაა, თუნდაც მისთვის, ვისაც ეს არ დაუმსახურებია („ელენა“). იქნებ ისაა სიყვარული, რაც ვერასოდეს იქნება ნელთბილი, რადგან სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებულ ზღვარს ერთ ნაბიჯად აქცევს („ეფი“). იქნებ ჯადოქრობაა სიყვარული, თავადაა ჯადოქრობა და ამიტომაც ვერ ჰგუობს სხვა ამგვარ ძალას („კატარინა“). ან ღმერთია სიყვარული და ისიც, ვისაც უყვარს, ღმერთია, ოღონდ თავად არაფერი იცის ამაზე („მარია“) ანდა იქნებ მოუშუშებელი ჭრილობაა სიყვარული, ტკივილია, რომელიც უნდა დასძლიო, რომელსაც პირისპირ უნდა შეხვდე შენთვის უცხო ქალაქში, რათა რაღაც ახალი იშვას შენში („ანა-ულრიკე“)...
აი, ამაზე ვფიქრობდი პირველი წაკითხვისას.
ახლა კი, როცა მოთხრობები მეორედ გადავიკითხე, გარდა სიყვარულის არსის ძიებისა, იმასაც დავაკვირდი, ძიების ამ გზას რომელი პერსონაჟი როგორ გადის. პირველი ტექსტი, „სიზმარი - 13.06.2013“, ონტოლოგიურ ზღვარზე ყოფნის შესახებაა. ესაა ზღვარი სიკვდილსა და სიცოცხლეს, ძილსა და სიფხიზლეს, ცხადსა და სიზმარს შორის. პერსონაჟის არჩევანი სიცოცხლე, სიფხიზლე და სიცხადეა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სიყვარული შესაძლებელი. შემთხვევითი არ მგონია სათაურად გამოტანილი თარიღი - ყველას გვახსოვს 13 ივნისის ღამე თბილისში, როცა ბუნების, წყლის დამანგრეველი ძალის პირისპირ სრულიად უმწეონი აღმოვჩნდით (მართალია, სათაურში 2013 წელია, მაგრამ „ქალაქი წყალზე“ პირველად 2015 წელს გამოიცა, ანუ მაშინ, როცა ეს ტრაგედია მოხდა). ამ წიგნშიც წყალი ამგვარი, ამბივალენტური ბუნებისაა: ის, ერთი მხრივ, ძალებს ანიჭებს პროტაგონისტ ქალებს, მეორე მხრივ კი, საშიში ძალაა. სწორედ ამის გამო ერთ-ერთ პერსონაჟს, კატარინას, მისი მოთვინიერება სურს და ჯებირის აგებას გადაწყვეტს.
სწორედ ასეთივე ამბივალენტური ძალაა სიყვარული - ისიც ურთიერთსაპირისპირო მოვლენებს აერთიანებს თავის თავში. პერსონაჟი ქალების თავგადასავალი კი ამ ოპოზიციებს შორის მიმოსვლის ამბავია. თუმცა გზა მაინც თითოეულ მათგანს თავისი აქვს, განუმეორებელი:
ლიდიას გზა - ეს გამქრალი სიყვარულია, სიყვარული, რომლისგანაც მხოლოდ ხსოვნაღა დარჩა. ამიტომ ამ სიყვარულის ნაყოფიც ირეალური ხდება.
ეფის გზა - ეს ხანმოკლე სიყვარულია, რომელსაც მთელი არსებით მიეცემი და გაგანადგურებს.
ილარიას გზა არაკონვენციური გზაა, ის საზოგადოებრივი ნორმების დარღვევაზე გადის, გარიყულობაზე, გაწბილებაზე, ძალადობაზე. ამ ძალადობაში კი საზოგადოება, რასაკვირველია, ისევ და ისევ მსხვერპლს დაადანაშაულებს - ქალს.
ელენას გზა ხელახალი შობის გზაა, არსებობის დაწყებისა სხვა ფორმაში, სხვა სხეულში. ეს გზაც გაწბილებაზე, თავგანწირვასა და ტკივილზე გადის.
კატარინას გზა - ეს საკუთარი განსხვავებულობის მიღებაა. კატარინა ერთადერთია პროტაგონისტ ქალებს შორის, რომელსაც წყალი არ უყვარს, აშინებს, მისი დამორჩილება განუზრახავს. ის ჭკვიანი, ჯიუტი და დამოუკიდებელია - ისე იქცევა, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ და უკან დახევა არ სჩვევია.
მარიას გზა - ეს ქურდივით მალულად მოსული სიყვარულია, რომელიც, ამავდროულად, წრფელია და ნამდვილი.
ანა-ულრიკეს გზა კი ტკივილის გადახარშვის გზაა, სიყვარულის შემდგომი ტკივილის. მისი ამბავი ერთგვარად აჯამებს კიდეც დანარჩენ მოთხრობებში მოყოლილ ამბებს.
რა დატვირთვა აქვს ამ ტექსტებში წყალს?
ვფიქრობ, წყალი იმ პირველსაწყისის სიმბოლოა, რომელსაც ასე უმოწყალოდ აქრობს ჩვენში კულტურა. ეს ნორმებამდელი ძალაა, გაუკონტროლებელი, მისტიკური ძალა ქალობის, ქალურობის. სწორედ ამით უნდა აიხსნას მისი ამბივალენტური ბუნებაც - ამ ძალაში ყველაფერი მთლიანდება, ოპოზიციები მისთვის უცხოა. შეგვიძლია, მას ღვთაებრივი ქალური საწყისიც ვუწოდოთ (ღვთაებრიობა შემთხვევით არ მიხსენებია - ამაში