დრო
დრო იაფფასიანი რამაა.
ყველა, ვინც საკუთარი ძალაუფლების შეზღუდულობის შესახებ იცის,
ცდილობს ბორკილები დაგადოთ.
და დრო აქ არათუ არ წარმოადგენს გამონაკლისს –
თავად დამწესებელია და წარმმართავი.
ვერც ერთი მეფე ვერ დაგადებთ საათებივით მაგარ ბორკილებს.
ახლა კი მეფეთა მიკროსკოპულობა წარმოიდგინეთ,
თუ დროც კი საპნის ბუშტივითაა.
დრო იაფფასიანი რამაა.
ამქვეყნად ყველაზე მწუხარე ხმა საათის წიკწიკია, ამხანაგებო,
და ყველაზე სამგლოვიარო სვლა – საათის სვლა.
საათები გვიკიდია მაჯებსა და კედლებზე.
საათები გვიცქერიან ვიტრინებიდან და ტრაგედიებს აკუმულირებენ,
საათები – ამაოების საცავები.
დრო ცეკვავს ჩვენს საათებში,
როგორც ტანხმელი ბერიკაცი უკაცრიელ დისკოთეკაზე.
ყველაზე არასაიმედო ყელსაბმელები
წუთების, დღეების, წლების აცმები გახლავთ.
დაიკიდეთ, ვისაც შეგიძლიათ, ბრილიანტები, მარგალიტები,
ვისაც არა, აასხით მონეტები, დაპობილი ძვლები და დაიკიდეთ ისინი,
ოღონდაც არ ენდოთ დროის მძივებს –
მათი გაწყდომა ყველაფერზე გარდაუვალია.
ნუ იხდით ასე ძვირს, ნუ იხდით ზედმეტს
სივრცის ამ მოსაწყენ და მდარე შოუზე დასასწრებად სახელად დრო!
დრო იაფფასიანი რამაა.
რადგან თუნდაც რომ არასოდეს არსად დავიგვიანოთ,
მაინც აღმოვაჩენთ ბოლოს, რომ ვერსად მიგვისწრია.
ხოლო ეს აღმოჩენა, დროისგან განსხვავებით, ერთ რამედ კი ღირს.
ჩვენ ვასწრებთ მხოლოდ ერთს,
ჩვენ ერთადერთს ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, დროულად: ვკვდებით.
თუმცა ამაშიც ვიღაცებისთვის შესაძლოა ვაგვიანებდეთ.
დრო რომ იაფფასიანი რამაა,
იმიტომაც გვიტაცებს ასე ძალიან მარადიულობაზე საუბარი.
ერთ მშვენიერ დღეს კი მაინც გვეჩვენება,
რომ გავფლანგეთ მთელი ჩვენი დრო და უკვე მეტისმეტად გვიანაა.
ყველა ფლეიტაზე დაკრულა ამის შესახებ.
ჩვენ ვექცევით ამ ფიქრის გავლენის ქვეშ,
როგორც სპილოები ხვდებიან ორმოებში.
რა დასანანია!
ზოგჯერ დროის უბადრუკობა იმდენად თვალში საცემია,
რომ დამატებით დროს იგონებენ.
ეს ხდება ხოლმე დროსავით იაფფასიანი სხვადასხვა შეჯიბრებისას,
როდესაც საქმეში ვიღაცების მერკანტილური ინტერესებია ჩართული.
აი დამატებითი დროის მთელი არსი.
ვერანაირი დამატებითი დრო
ვერ შეავსებს ძირითადი დროის ნაკლებობას.
ქუჩაში ჩქარ-ჩქარა მსვლელნო,
სად მიიჩქარით? უკელით ნაბიჯს!
ჩვეულებრივად წადით, მშვიდად,
და სიჩქარით გამოწვეულ ქოშინსაც აირიდებთ,
იმის ალბათობაც შემცირდება, რომ წაიქცევით,
და უფრო მიმზიდველებიც გახდებით ერთმანეთისთვის.
მას, ვინც მიასწრო, არაფერი არ ხვდება მეტი
იმაზე, ვისაც დაუგვიანდა.