ერთი წლის წინ
22 ნოემბერი
მოგესალმები, სამყაროვ!
გადავწყვიტე, ბლოგი შემექმნა.
ეს ბლოგი.
შეიძლება მკითხოთ, - რატომ?
ხომ იცით, რა მოხდება, თუკი „კოკა-კოლას“ ძლიერად შეანჯღრევთ და მერე გახსნით? ამოიფრქვევა და ყველაფერს დაასველებს. სწორედ ასე ვგრძნობ თავს. ჩემში უამრავი აზრი ირევა, ტრიალებს, მაგრამ ხმამაღლა სათქმელად თავდაჯერება მაკლია.
ერთხელ მამამ მირჩია, ყოველდღიური ჩანაწერები გამეკეთებინა. მითხრა, დღიურის წარმოება იდეალური საშუალებაა ჩვენი შინაგანი, ყველაზე პირადული ფიქრების გამოსახატავადო. ისიც დასძინა, რომ წლების შემდეგ მესიამოვნებოდა უკან მოხედვა და იმ დღიურით „თინეიჯერულ წლებს დავაფასებდი“. ჰმ, ცხადია, მისი თინეიჯერობიდან იმდენი დრო გავიდა, დაავიწყდა კიდეც, რა შეგრძნებაა ეს.
სხვათა შორის, დღიურის წერა ვცადე, სამი ჩანაწერიც კი გავაკეთე, სანამ საბოლოოდ დავნებდებოდი. ისინი დაახლოებით ასე ჟღერდა:
დღეს წვიმდა; ახალი ფეხსაცმელი გავაფუჭე. ჯენის მათემატიკის გაცდენა სურდა. არ გაუცდენია. ჯონ ბარის მეცნიერების გაკვეთილზე სისხლი წასკდა ცხვირიდან, რადგან ფანქარი შეიყო. მე დავცინე. მას არ გახარებია. უხერხული იყო. ღამე მშვიდობის.
ბრიჯიტ ჯონსის დღიურს არ ჰგავს, ხომ მართალია? შთამბეჭდავიც არ არის.
დღიურში საკუთარი თავისთვის ჩანაწერების კეთება უაზრობად მეჩვენება.
მინდა ვიცოდე, რომ ვინმეს, სადმე, ჩემი ნაწერის წაკითხვის შესაძლებლობა ექნება.
ეს არის მიზეზი, რამაც ბლოგის შექმნა გადამაწყვეტინა, რის გამოც მინდოდა, მქონოდა სივრცე, სადაც შევძლებდი ვინმესთვის მეთქვა ის, რასაც მოვისურვებდი, როცა მოვისურვებდი და როგორც მოვისურვებდი. და არ მედარდა, რომ ჩემი ნათქვამით შთაბეჭდილებას ვერ მოვახდენდი, სულელი გამოვჩნდებოდი ან მეგობრებს დავკარგავდი.
სწორედ ამიტომ ეს ბლოგი ანონიმურია.
რათა შევძლო, აბსოლუტურად ბუნებრივი ვიყო.
ჩემი საუკეთესო მეგობარი ვიკი (რა თქმა უნდა, ეს მისი ნამდვილი სახელი არ არის, ვერ გავამხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანონიმურობას ვერ შევინარჩუნებ) აუცილებლად იტყოდა, რომ ფაქტი, აირჩიო ანონიმობა მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებრივი იყო, თავისთავად, ეპიკური ტრაგედიაა. რა იცის? ის თინეიჯერი გოგოა ნერვული აშლილობით (სინამდვილეში, თინეიჯერი ბიჭია, მშობლებთან პრობლემებით. თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა).
ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ ასე იმიტომ ხდება, რომ ნერვული აშლილობის მქონე თინეიჯერი გოგო ვარ. მოდი, განვსაზღვროთ - არსებობს უამრავი რამ, რაც გვანერვიულებს.
თინეიჯერი გოგონების ნერვიულობის
ათი მთავარი მიზეზი
1. მოგეთხოვება, მუდამ იდეალურად გამოიყურებოდე;
2. ეს შეუძლებელია, როცა შენი ჰორმონები გაგიჟებით აქტიურდება;
3. და საბოლოოდ, შენი ცხოვრების ყველაზე მუწუკებიანი პერიოდის უშუალო მიზეზად იქცევა (ამასთან, პირველი პუნქტის შეუსრულებლობასაც განაპირობებს!).
4. რაც, აგრეთვე, ემთხვევა ნებისმიერ დროს შოკოლადის თავისუფლად ყიდვის უპრეცედენტო ხანას (რაც აუარესებს მესამე პუნქტს!).
5. მოულოდნელად, შენ სამოსს ყველა ყურადღებას აქცევს;
6. სამოსიც იდეალურად უნდა გიხდებოდეს;
7. მოგეთხოვება, სუპერმოდელის უნარებს ფლობდე;
8. რათა, ყოველდღიურ სამოსშიც გადაიღო სელფი;
9. სელფი სოციალურ ქსელებში უნდა გაასაჯაროო, შენმა მეგობრებმა რომ ნახონ;
10. ვალდებული ხარ, საწინააღმდეგო სქესისთვის არანორმალურად მიმზიდველი იყო (პარალელურად, ზემოხსენებულ პუნქტებსაც უნდა გაართვა თავი!).
ბოლო პუნქტის შემდგომ გთხოვთ, წარმომიდგინოთ, რომ დრამატულად, მწუხარედ ვოხრავ.
თუმცა, დარწმუნებული ვარ, შეუძლებელია ერთადერთი თინეიჯერი გოგო ვიყო, რომელიც ასე გრძნობს თავს.
ვეჭვობ, გულის სიღრმეში, ყველა თინეიჯერი გოგო ჩემსავით განიცდის.
და იქნებ, ერთ დღესაც, როცა ყველა ჩვენგანი გაიაზრებს, რომ ერთნაირად ვიტანჯებით, შევძლებთ, სხვა ადამიანად თავის წარმოჩენა შევწყვიტოთ.
ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა.
თუმცა, მანამდე, ვაპირებ, ამ ბლოგზე რეალობა ავსახო. „რეალურ“ ცხოვრებაში კი არარეალურობა შევინარჩუნო.
ვგეგმავ, დავწერო ყველაფერი, რისი თქმაც მსურს და ძალიან კარგი იქნება, თუ შენც (ვინც უნდა იყო) შემომიერთდები.
შესაძლებელია, ეს ჩვენს პირად კუთხედ იქცეს ინტერნეტსივრცეში, სადაც გულწრფელად ვილაპარაკებთ ჩვენთვის, თინეიჯერებისთვის მტკივნეულ საკითხებზე.
გარდა ამისა, ფოტოგადაღება მიყვარს (ნუთუ არ მოგწონთ, ფოტოებზე განსაკუთრებული წუთების სამარადისო აღბეჭდვის შესაძლებლობა? ლამაზი დაისი, დაბადების დღის წვეულება, კარამელიანი ქაფქეიქები სქელი მინანქრით...). ასე რომ, აქ ბევრი ფოტო დაიდება, მაგრამ - არც ერთი სელფი. ანონიმურობის გამო, ცხადია.
კარგი, ამ ეტაპზე სულ ესაა. მადლობა წაკითხვისთვის (თუ ვინმემ ნამდვილად წაიკითხა!) და გთხოვთ, თქვენი შეხედულებები კომენტარების ველში დააფიქსიროთ.
ონლაინგოგო, კავშირის დასასრული.