1
ენდოვიერის მარილის მაღაროებში ერთწლიანი მონობის შემდეგ სელენა სარდოტიენი უკვე მისჩვეოდა ყველგან ხელბორკილებითა და გაძლიერებული დაცვის თანხლებით სიარულს. ენდოვიერის ათასობით სხვა მონაც ასეთივე მდგომარეობაში იყო, მაგრამ სელენას მუდმივად დაჰყვებოდა ექვსი ზედამხედველი. ადარლანში ყველაზე ცნობილი ასასინისადმი (ასასინები (არაბ.) - XI საუკუნეში დაარსებული მუსლიმთა საიდუმლო ორდენი. დააარსა ჰასან იბნ საბაჰმა. ასასინები გამოირჩეოდნენ ფანატიზმით, ისინი ხოცავდნენ ხალხს პოლიტიკური მოტივით. ორდენში იყვნენ ფანატიკოსი თვითმკვლელები, რომლებსაც ასევე იყენებდნენ მოწინააღმდეგეთა დასახოცად. მოგვიანებით ამ სიტყვის მნიშვნელობა გაფართოვდა და დაქირავებული მკვლელის აღმნიშვნელად იქცა) ამგვარი მოპყრობა არც იყო გასაკვირი. ახლა მას უჩვეულოდ მხოლოდ შავლაბადიანი, კაპიუშონწამოფარებული მამაკაცი ეჩვენებოდა, რომელიც მის გვერდით იდგა.
მამაკაცმა მაგრად ჩასჭიდა მკლავში ხელი და მაღალი, გაჩახჩახებული შენობისკენ წაიყვანა, სადაც ენდოვიერის ჩინოვნიკები და მეთვალყურეები ცხოვრობდნენ. სელენა მიხვეულ-მოხვეული დერეფნებით და აღმა-დაღმა კიბეებით ატარეს, რათა საბოლოოდ აჰბნეოდა თავგზა და უკან გამოღწევის იმედი არ ჰქონოდა. ასასინი ხვდებოდა, რომ უფრო მოკლე გზაც არსებობდა, თუმცა თავს შეურაცხყოფილადაც კი იგრძნობდა, მცველებს რომ ამდენი არ ეწვალათ.
ახლა ისინი უგრძეს დერეფანს გაუყვნენ. მათი ფეხის ხმა კი სიჩუმეში მიიკარგა. სელენას თანმხლები მაღალი და ახოვანი კაცი იყო, თუმცა ყველა სხვა შტრიხს მისი იდუმალი კაპიუშონი საიმედოდ ფარავდა.
ეს კიდევ ერთი ტაქტიკური სვლა იყო სელენას დასაბნევად და დასაშინებლად.
ალბათ, შავი ტანსაცმელიც ამ მიზნით იყო შერჩეული. როდესაც კაცმა თავი მისკენ მოაბრუნა, სელენამ დამცინავი ღიმილი დალანდა. შემდეგ მან კვლავ მიიხედა და რკინისებრი ხელი უფრო მაგრად მოუჭირა მძევალს მკლავზე.
სელენაზე ამას არ უმოქმედია, თუმცა კვლავაც ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა სინამდვილეში და რატომ უცდიდა ეს კაცი მაღაროს შესასვლელთან. მთელი დღე მთის შიდა ქანებში მარილის ლოდების მსხვრევის შემდეგ ექვს მცველთან ერთად მისი დანახვა ნამდვილად არ გახარებია.
მაგრამ როგორც კი უცნობი ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შაოლ ვესტფოლის სახელით მიესალმა, გოგონამ მაშინვე ყურები ცქვიტა.
მეფის გვარდიის კაპიტანი.
უეცრად, თითქოს ცა ჩამობნელდა, მთები გარს შემოერტყა და ფეხქვეშ მიწაც იძრა, თუმცა არა, მას არ ეშინოდა. კარგა ხანია, საკუთარ თავს შიში აუკრძალა. ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე იმეორებდა ერთსა და იმავე სიტყვებს: არ შევშინდები. ამ ერთი წლის განმავლობაში სწორედ ეს სიტყვები აძლებინებდა, რომ არ გატეხილიყო და არ დაეჩოქა. მათ შეეძლოთ, ის ბნელი მაღაროს მუშად ექციათ, მაგრამ ვერასდროს ნახავდნენ შეშინებულს. ამას კაპიტანიც კი ვერ შეძლებდა.
სელენამ მკლავზე ჩაჭიდებულ ტყავის ხელთათმანს დახედა, რომელიც თითქმის ისეთივე შავი იყო, როგორიც გოგონას სახე.
თავისუფალი ხელით დაძონძილი და დასვრილი ტუნიკა შეისწორა და ტუჩი მოიკვნიტა, რომ არ ეყვირა. არა, ტკივილისგან არა - მან მზე დაინახა! მზის ამოსვლამდე მაღაროში შესვლის და მხოლოდ დაბინდების შემდეგ უკან დაბრუნების გამო სელენა მზეს თითქმის ვერ ხედავდა. სქლად გაგლესილი ჭუჭყი მის ფერმკრთალ სახეს მალავდა. მართალია, ოდესღაც მიმზიდველად, ლამაზადაც კი ითვლებოდა, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
ეს ახლა სულერთია...
კიდევ ერთ დერეფანში შეუხვიეს და ახლა სელენამ უცნობი თანმხლების უზადოდ ნაჭედი ხმალი შეამჩნია, განსაკუთრებული ყურადღება კი გაფრენილი არწივის ფორმის ბზინვარე ვადამ მიიქცია. კაპიტანმა მისი მზერა შენიშნა და ხელთათმნიანი ხელი არწივის ოქროს თავს დაადო. სელენას ისევ ირონიულად ჩაეღიმა.
- რიფტჰოლდიდან დიდი გზა გამოიარეთ, კაპიტანო? - თქვა მან და ჩაახველა. - როგორც გავიგე, აქ არმიასთან ერთად ჩამოსულხართ, - სელენამ კაპიტანს სიბნელეში სახეზე შეხედა და თუმცა კაპიუშონის მიღმა ვერაფერი დაინახა, აშკარად იგრძნო მისი დაჟინებული მზერა, რომელიც იკვლევდა, ასამართლებდა და აფასებდა. სელენამ თვალი გაუსწორა. მეფის გვარდიის კაპიტანი საინტერესო მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო. შეიძლება, ღირსეულიც კი.
კაცმა მოულოდნელად ხმლიანი ხელი მაღლა ასწია, ლაბადა ოდნავ გადაეწია და მახვილი გამოუჩნდა. ოდნავ შეხსნილი ლაბადის ქვეშ სელენამ ტუნიკაზე ამოქარგული სახელმწიფო სიმბოლო - ოქროსფერი ვივერნაც (მითოლოგიური მფრინავი დრაკონი) შენიშნა.
- ადარლანის არმიასთან შენ რა გესაქმება? - მიიღო პასუხი.
რა სასიამოვნო იყო სელენასთვის თავისი მსგავსი, ცივი და უხეში ხმის გაგონება, თუნდაც ამ საძაგელი პირუტყვისგან.
- არაფერი, - მიუგო გოგონამ და მხრები აიჩეჩა. კაცს ჩუმი, ბრაზიანი ღრენა ამოსცდა.
რა დიდებული იქნებოდა მარმარილოს იატაკის მისი სისხლის წვეთებით მოსვრა. სელენას ერთხელ უკვე უმტყუნა თავშეკავებამ, მაშინ, როცა მისმა პირველმა ზედამხედველმა მისთვის დასარტყმელად შეუფერებელი დღე შეარჩია. ახლაც ახსოვდა წერაქვის პირის სხეულში შესვლის სიმწარე და სახესა და ხელებზე ჩამოდენილი ბლანტი სისხლის გემო. ყველაზე ახლოს მიმავალ ორ