მთარგმნელისაგან თავად დანიელ პენაკის სიტყვებით დავიწყებ: „გრძელი ანოტაციები სიტყვების უსარგებლო რახარუხია და მეტი არაფერი. ორი წინადადებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანს წიგნის წაკითხვა მოანდომო“. ამიტომ შევეცდები, რაც შეიძლება მოკლედ მოგახსენოთ, რაზეა ეს წიგნი.
ეს წიგნი იმაზეა, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს, ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ, არამედ შევაყვაროთ. ეს არის უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის „უკურნებელი სენი“ შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის სიყვარული ჰქვია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს მეცნიერული ენით დაწერილი მეთოდოლოგიაა. ეს „რომანივით საკითხავია“, რომელშიც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს.
იმის დასამტკიცებლად, რომ პენაკის რჩევები უტოპიური არ არის, საკუთარ მაგალითს მოვიშველიებ. როცა ამ წიგნს ვთარგმნიდი, ჩემი შვილი პირველ კლასში იყო, ანუ ასოების ლაბირინთებში პირველ მოკრძალებულ ნაბიჯებს დგამდა. რა თქმა უნდა, უჭირდა და ეზარებოდა კითხვა და რა თქმა უნდა, დედაც, მკაცრი და დამთრგუნველი მზერით შეიარაღებული, დღენიადაგ თავზე დასჭექდა: „უნდა იკითხო, შვილო, უნდა იკითხო!“ (აკი გითხარით, ყველა საკუთარ თავს აღმოაჩენს-მეთქი). რა იცოდა პატარა ბიჭმა, რომ დედამისის საოცარი ტრანსფორმაცია ამ ერთი პატარა წიგნის დამსახურება იყო. ახალი ველოსიპედი არ გამომიგონია, უბრალოდ მივყევი პენაკის რჩევებს და როცა ზუსტად ერთ კვირაში მქუხარე „უნდა იკითხო!“-ს ნაცვლად რბილი და მელოდიური „საკმარისია, დედიკო, კითხვა, უკვე გვიანია, დაიძინე“ გაისმა, მგონი, ორივე ერთნაირად სახტად დავრჩით.
დაბოლოს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ: მშურს ყველა იმ ადამიანის, ვისაც დანიელ პენაკის ამ არაჩვეულებრივი ნაწარმოების წაკითხვის სიამოვნება ჯერ კიდევ წინ აქვს.