ქართული გამოცემისათვის შიშს, როგორც პიროვნების ცხოვრების თანამდევ ფენომენს, უხსოვარი დროიდან აკვირდება ადამიანი. უამრავ პოპულარულ წიგნებთან ერთად, მრავლადაა მეცნიერულ კვლევაძიებაზე დაფუძნებული სამეცნიერო ლიტერატურაც, თუმცა ქართულენოვანი მკითხველი ამ მხრივ ნაკლებადაა განებივრებული. ფრიც რიმანის წიგნი - "შიშის ძირითადი ფორმები “ რამდენადმე ავსებს ამ დანაკლისს და მკითხველს სთავაზობს მეტად ორიგინალურ მოგზაურობას შიშის საინტერესო სამყაროში. გერმანელი ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი, ასტროლოგი და მწერალი ფრიც რიმანი (19021979 წწ.), მრავალმხრივ განათლებული პიროვნება, სამ ათეულ წელს იყო გადაცილებული, როცა დატოვა მამაპაპეული წარმატებული წარმოების წამყვანი ეკონომისტის ადგილი და, მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა, ფსიქოლოგიის შესწავლის მიზნით, მიუნხენში გადავიდა. ცხადია, ფსიქოლოგიისადმი ცხოველმა ინტერესმა შე საბამისი შედეგი გამოიღო. ამის დასტურია წინამდებარე წიგნი და ფრიც რიმანის ის ნაშრომები, რომელთა თარგმანებსაც, ვფიქრობთ, დიდი ინტერესით დაელოდება მკითხველი. გააცნობიერო საკუთარი შიშები, ჩასწვდე მის წარმომავლობას - არის როგორც თვითცნობიერების, ასევე სამყაროს გაგების ურთულესი პროცესის უდიდესი ჰუმანური აქტი. ავტორი მიზანმიმართულად იღვწის ამ კეთილშობილური მიზნისაკენ და მკითხველს ისე აახლოებს შიშთან, რომ წიგნის დახურვის შემდეგ, შიშის ნაცვლად, შიშის შესახებ ცოდნა რჩება ხელთ. შემეცნების, გაგების სიხარულს ნაზიარევი მკითხველი სამართლიანად ემადლიერება ავტორს და მთარგმნელსაც. მით უმეტეს, რომ თანამედროვე ადამიანს მრავალსახოვან შიშებში უწევს ცხოვრება; იმატა ე.წ. ეგზოტიკურმა შიშებმაც. და, რაც დრო გადის, მით უფრო ღირებული ხდება ადამიანის ცოდნა შიშის თაობაზე.
ფრიც რიმანი, როგორც ღრმად მოაზროვნე პიროვნება, შიშს არ განიხილავს, როგორც უკეთურებას. შიშის განცდა და მისი დაძლევის მცდელობა პოზიტიური გამოცდილებაა.
არსებობს არქეტიპული, პიროვნულ გამოცდილებასთან დაკავშირებული, ინდივიდუალური, კოლექტიური, რეალური, ირეალური, ყოფითი, აბსტრაქტული და სხვა სახის შიშები. მუცლადმყოფი ნაყოფის შიშების ასახვა ფსიქიკაში და მისი გამოვლინების ფორმები, ასევე დაბადების აქტთან დაკავშირებული გამოცდილების წილი მოზრდილის ცხოვრებაში ფსიქოლოგიაში გაუთვითცნობიერებული მკითხველისთვისაც კი გასაგებადაა გადმოცემული, რაც აძლევს საშუალებას, უკეთ დაინახოს საკუთარი შიშების მიზეზშედეგობრივი კავშირები. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი განკუთვნილია შიშის საკითხით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის, ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებსაც წაადგებათ პროფესიულ საქმიანობაში, რადგან მასში ასახული და გაანალიზებულია ჩანასახოვანი მდგომარეობიდან მოყოლებული, ადამიანის სიკვდილამდე არსებული ყველა სახის შიში.
შიშის თემაზე საუბრისას, მის ნებისმიერ ასპექტთან შეხებისას, არ შეიძლება არ გაგახსენდეს ჟან პოლ სარტრის "კედელი “ , ედგარ პოს "სფინქსი “ , ჯორჯ ორუელის "1984 “ , ლევ ტოლსტოის "ბატონი და მოჯამაგირე “ , პოლ ვირილიოს "ინფორმაციული ბომბი “ , ნორბერტ ელიასის "მომაკვდავთა მარტოობის შესახებ ჩვენს დროში “ და კიდევ მრავალი სხვა.
თვით "ღმერთის დარმა~ მეფე გილგამეშმაც კი, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის შიშს ყველაზე პრაგმატული, ყველაზე რაციონალური - ტანჯვა და მოქმედება დაუპირისპირა, კაცობრიობას მაინც ვერ გაურღვია იდუმალი კედელი, რადგან სიკვდილის შიში უფრო ირაციონალურის შფოთია გარდუვალი წარმავლობის წინაშე, ვიდრე რეალობის ლოგიკური დანასკვი. გილგამეშმა, თუმცა იცოდა, რომ მოკვდავი იყო, მაინც ააშენა ქალაქი, გააკეთა ბევრი რამ, ისიც თქვა, თუ რა არის კარგი, მაგრამ ამ რაციონალურ განსჯას მხოლოდ რაციონალურის გამოწვევა შეეძლო, ადამიანი კი რაციონალურისა და ირაციონალურის მთლიანობაა. სად, როდის, რომელი იქნება პრიორიტეტული, - ამის განმსაზღვრელი ერთიცაა და მეორეც. ადამიანი ბიოფსიქოსოციალური არსებაა. მისი ბედისწერა, შეიძლება ითქვას, მისივე ნერვული სისტემაა, რომელსაც ბედად რა გარემო ერგება და რაზე შეძლებს თუ ინებებს პასუხისმგებლობის აღებას - ესეც ზემოხსენებულთა ერთიანობაა.
ზიგმუნდ ფროიდის მიერ ფსიქიკური ენერგიის მაკონსტრუირებელ მექანიზმად სიყვარულის ენერგიის გამოცხადება მეცნიერული აზროვნების ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მომენტად შეიძლება ჩაითვალოს. რელიგიურისა და მეცნიერულის ხდომილებათა ერთერთი ადგილი, ვფიქრობ, სწორედ ეს უნდა იყოს. პავლე მოციქულის განაზრებანიც მთლიანად ესაა, მით უმეტეს, როცა აცხა დებს: "სიყვარული რომ არ მქონდეს, არარა ვიქნებოდი “ და მასთან შედარებით მთების გადაადგილებაც კი არაფრად მიაჩნია. კიდევ უფრო მეტი ადამიანის ფსიქიკურ შესაძლებლო ბათა მთელი პალიტრაა ქრისტე და მისი მოწაფეები - "ძე ღვთისა და ძე კაცისა~დან დაწყებული წარმავალზე, მიწიერზე ორიენტირებული, ოცდაათ ვერცხლს ჩაფრენილი იუდათი დამთავრებული. აქ ცოდნისა და რწმენის ცდომილებათა და ხდომილებათა მთელი გამაა, სადაც, რომ იტყვიან, არაფერი უცხო არ არის! ქრისტეს განაცხადი: "უფალო, შეუნდევ, რამეთუ არა უწყიან “ , ღვთიურისა და ადამიანურის ერთიან ველში მოქცევაა, სადაც ერთმა იცის და მეორემ - არა, ერთს სწამს და მეორეს - არა. პირველი თავისთავის მცნობელიცაა და სხვისაც, მეორე - არც თავისთავისა და არც სხვისა. მცნობელობის შესაძლებლობათა ვარიაციებიც მრავლადაა. ასევე მრავლად მოიძებნება მისი დაჯგუფების კრიტერიუმებიც. ცნობიერების მაღალი ინსტანციიდან ხდება რეალო ბასთან განცდის, აზრისა და ქმედების