წინათქმა
ფრანგული სოციოლოგიის ფუძემდებელის ემილ დიურკემის [18581917] სახით სოციოლოგიას მოევლინა მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებების მოყვარული მოაზროვნე, რომლის სოციოლოგიურმა თეორიამ დიდი გავლენა მოახდინა დასავლეთ ევროპის სოციოლოგიურ მემკვიდრეობაზე. დიურკემი მიჩნეულია სოციოლოგიური კონცეფციის რეფორმატორად. მისი სოციოლოგიური მოძღვრება გამსჭვალულია იდეით: სოციალური ფაქტები არის რეალობა sui generis და უნდა განიხილებოდეს, როგორც ასეთი. სოციოლოგთა საერთო ნაკლად დიურკემს მიაჩნია სოციალური ფაქტების ზერელე კვლევა, მსჯელობა არა საგნებზე, არამედ კონცეპტებზე; სოციალური მოვლენების რაობა სოციოლოგთაგან მხოლოდ კონტმა აღიარა იმპლიციტურად. სპენსერის, მილისა და კონტისაგან განსხვავებით, სოციალურ მოვლენათა აღწერისა და ახნის მიზნით, დიურკემი საჭიროდ მიიჩნევს გონებასა და ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული საგანგებო მეთოდით ხელმძღვანელობას. ფრანგი სოციოლოგის მეთოდის ობიექტურობამ განაპირობა მის თხზულებებში - სოციალური შრომის დანაწილება (1893) [დიურკემის სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მან წარმატებით დაიცვა და ცალკე წიგნად გამოქვეყნდა], სოციოლოგიის მეთოდის წესები (1895), თვითმკვლელობა (1897), რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები(1912) - განხილულ მოვლენათა განსაკუთრებული ღირებულება. ემილ დიურკემი დაიბადა რაბინის ოჯახში. მან ბავშვობიდანვე დიდი მოწადინებით შეისწავლა ებრაული ენა, ძველი აღთქმა და თალმუდი. ჯერ კიდევ პარიზის უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელში ( É cole Normale) სწავლის პერიოდში დაინტერესდა სოციალური ფაქტებისა და სოციალური ურთიერთობების კვლევით. სოციალურ მეცნიერებათა სწავლების მეთოდიკის გაცნობის მიზნით, დიურკემი გაემგზავრა გერმანიაში (1885), სადაც მასზე განსაკუთრებით ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა და ფსიქოლოგმა ვ. ვუნდტმა. სამშობლოში დაბრუნებული დიურკემი სოციოლოგიის კურსის წასაკითხად მიიწვიეს ქ. ბორდოს უნივერსიტეტში, რამედენიმე წლის შემდეგ (1896) კი იგი სათავეში ჩაუდგა ხსენებული უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების კათედრას, ფაქტობრივად, სოციოლოგიის პირველ დამოუკიდებელ კათედრას საფრანგეთში. ორიოდე წლის შემდეგ (1896), ქ. ბორდოში დიურკემმა დააარსა ჟურნალი სოციოლოგიური წელიწდეული (L ’ Aნნ é ე შოციოლოგიქუე), რომლის მეშვეობითაც ეცნობოდა საზოგადოება სოციოლოგიის მრავალ აქტუალურ საკითხს. 1902 წლიდან დიურკემი მოღვაწეობდა პარიზში, ხელმძღვანელობდა სოციოლოგიის კათედრას სორბონის უნივერსიტეტში. აღსანიშნავია ისიც, რომ დიურკემის ორატორული ნიჭი საოცარად ზრდიდა მსმენელთა ინტერესს მისი ლექციებისადმი.წინამდებარე ნაშრომში დიურკემის რეფლექსიის საგანია მიმართებები ინდივიდის პიროვნებასა და სოციალურ სოლიდარობას შორის; კერძოდ, როგორ ხდება, რომ ინდივიდის ავტონომიურობის სულ უფრო მეტად ზრდის თანადროულად, იგი სულ უფრო დიდად დამოკიდებულია საზოგადოებაზე? როგორაა შესაძლებელი, რომ ინდივიდი, ერთდროულად, უფრო პიროვნულიც იყოს და უფრო სოლიდარულიც? აღნიშნული ორი მოძრაობა, რაოდენ საპირისპიროც არ უნდა ჩანდეს, პარალელურად ხდება; ავტორის აზრით, ასეთი მოჩვენებითი ანტინომიის გადაწყვეტა სოციალური სოლიდარობის ცვლილებაშია. მართალია, სოლიდარობის საკითხი უკვე შესწავლილი იყო მარიონის მიერ (M.Marion, Solidrit é morale, livre II), მაგრამ მარიონმა პრობლემის შესწავლა სხვა კუთხით განიზრახა, კერძოდ, იგი შეეცადა დაედგინა სოლიდარობის ფენომენის რეალობა. მარიონისაგან განსხვავებით, დიურკემი იკვლევს თავად სოლიდარობის განმაპირობებელ მიზეზს, რომლის წყაროც არის შრომის დანაწილება საზოგადოებრივი წყობის ერთერთი ფუნდამენტური საფუძველი. სოციალური ინტეგრაციის თვალსაზრისით, დიურკემს სოლიდარობა მიაჩნია უმაღლეს პრინციპად, უნივერსალურ ღირებულებად. ავტორისათვის ნათელია, რომ თანამედროვე საზოგადოებებში სულ უფრო მეტად შეინიშნება შრომის დანაწილების მზარდი გავლენა არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების სრულიად განსხვავებულ სფეროებში. აქედან გამომდინარე, მისი თეორიის თანახმად, განსხვავებით ეკონომისტებისაგან, შრომის დანაწილება მხოლოდ სოციალურ ძალთა მწარმოებლურობის ზრდის საშუალებამდე რომ დაყავდათ, შრომის დანაწილება,უწინარეს ყოვლისა, სოციალური კოჰეზიის წყაროა.ნაშრომში ფრანგი სოციოლოგი ერთმანეთისაგან განასხვავებს პოზიტიური სოლიდარობის ორ სახეს: მექანიკურ სოლიდარობას (ანუ მსგავსებით სოლიდარობას) და ორგანულ სოლიდარობას (დაფუძნებულს შრომის დანაწილებაზე). პირველი სახის სოლიდარობა ვარირებს იდივიდუალური პიროვნების საპირისპიროდ, მეორე - მისი მიმართულებით. დიურკემი სოციალურ სოლიდარობას შეისწავლის იურიდულ წესთა სისტემის გამჭოლ.შესაბამისად, პირველი სახის სოლიდარობას შეესაბამება რეპრესიული სამართალი, მეორეს - საკორპორაციო სამართალი. დიურკემის მიხედვით, პირველყოფილი საზოგადოება ხასიათდება შრომის დანაწილების დაბალი ხარისხით, რაც განპირობებულია ძლიერი კოლექტიური ცნობიერებით და საზოგადოების სეგმენტური სტრუქტურით. ისტორიის ამ ეტაპზე ინდივიდის პიროვნება ჯერ კიდევ არ არსებობს. პირველყოფილ საზოგადოებაში სოციალური წესრიგის პირობას წარმოადგენს კოლექტიურობის განცდა, რასაც ავტორი კოლექტიურ სინდისს უწოდებს. მექანიკური სოლიდარობა ნიშანდობლივია ტრადიციული აგრარული საზოგადოებისათვის, საზოგადოებათა ევოლუციის კვალდაკვალ, მსგავსებებიდან მომდინარე ყველა სოციალური კავშირი თანდათანობით სუსტდება. ინდუსტრიული საზოგადოების ანალიზის საფუძველზე, დიურკემი წერს, რომ ხსენებული საზოგადოება გამოირჩევა შრომის დანაწილების, ე. ი. დიფერენციაციისა და სპეციალიზაციის მაღალი ხარისხით. ეს უპირატესობა მით უფრო გამოკვეთილია, რაც მეტად ვუახლოვდებით მაღალი განვითარების სოციალურ ტიპებს; რაც მეტად ცივილიზებულია საზოგადოება, მით უფრო რთულდება შრომითი საქმიანობები, მრავალრიცხოვანია შრომის დანაწილების შედეგად წარმოქმნილი სოციალური კავშირები, შესაბამისად, მით უფრო განვითარებული უნდა იყოს სპეციალიზაცია, სხვა ზღვარის მისთვის დაწესება არ შეიძლება. [..] ამდენად, მნიშვნელოვანია ადამიანის პროფესიული მოვალეობები და მათი აღსრულება. შრომის დანაწილების პროგრესის