წარმოიდგინეთ ასეთი სცენა. ერთი ბატონი, გვარად რაითი, შუა ხნის ამერიკელი, ტელევიზორში უყურებს ახალი ამბების საღამოს გამოშვებას. გადაცემის დასაწყისში ეკრანზე ჩნდება რადიკალების პატარა ჯგუფი, რომლებიც ამერიკის დროშას უკიდებენ ცეცხლს. თან ერთ-ერთი მათგანი მეგაფონში ყვირის, რომ რომელ ქვეყანაშიც არ უნდა დათრგუნოს სახელმწიფომ მოსახლეობა, ,,ხალხს აქვს უფლება მოსთხოვოს მას პოლიტიკის შეცვლა ან გადადგომა!... ასეთი ხელისუფლების გადადგომა - მოსახლეობის უფლებაა! ეს მისი ვალია!“ გაბრაზებული ბატონი რაითი მეუღლეს ეუბნება: ,,გული მერევა ამ პოლიტიკურ ღრიალზე“. შემდეგი სიუჟეტი - პრეზიდენტობის კანდიდატი მიტინგზე შეკრებილ საგადასახადო პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს მიმართავს: ,,ეკონომია - სახელმწიფოს მოღვაწეობის მთავარი პრინციპი უნდა გახდეს. ყველა სახელმწიფო ჩინოვნიკმა უნდა გაითავისოს, რომ კორუფცია და მფლანგველობა - დანაშაულია, რაც მკაცრ სასჯელს იმსახურებს“. ბატონი რაითი არ მალავს კმაყოფილებას: ,,აი ეს ისაა, რაც გვჭირდება. ეს ყოჩაღი ბიჭია, მომწონს“, - ამბობს ღიმილით.
ახლა ,,შემოვატრიალოთ სიტუაცია“ 180 გრადუსით და წარმოვიდგინოთ, რომ ბატონი რაითი ისმენს 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების მორიგ წლისთავზე, საზეიმო სიტუაციაში წარმოთმულ რევოლუციურ სიტყვებს, საიდანაც არის ის რეალურად აღებული, ხოლო სიტყვები ეკონომიის შესახებ - კომუნისტი ლიდერისაა, რომელიც მაო ძედუნის ,,ციტატებს“ კითხულობს (ზუსტად მანდედანაა ის ამოღებული). ახლა როგორი რეაქცია ექნება ბატონ რაითს? ისეთივე, თუ სხვანაირი?
ეფექტურმა კომუნიკატორმა იცის, როგორ უნდა მიაწოდო შეტყობინება, რომ შედეგი გამოიღოს.
სოციალურმა ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ინფორმაციის აღქმა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გადმოსცემს მას. ერთ ექსპერიმენტში, რომლის მსვლელობისას ნიდერლანდების პარლამენტის სოციალისტების და ლიბერალების ლიდერები იცავდნენ ერთსა და იმავე პოზიციას, ერთი და იგივე სიტყვების გამოყენებით და ყოველმა მათგანმა საუკეთესო შედეგი მიიღო თავისი პარტიის წევრებთან (Wiegman, 1985).
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ ის, თუ ვისგან მოდის ის. რა ხდის ერთ კომუნიკატორს უფრო მეტად ეფექტურს მეორესთან შედარებით?