კერძო საკუთრების წილის გაზრდის პირობებში ჩვენ ქვეყანაში იურიდიული განათლების მიღება გახდა არა მხოლოდ საინტერესო და პრესტიჟული, არამედ აუცილებელიც. მაგრამ სამართლებრივი ურთიერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კანონმდებლობითი მიმართებით. რამდენადაც ამ ურთიერთობებში ადამიანები მონაწილეობენ, მასში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიური კანონზომიერებების ცოდნას. ასეთი ცოდნის მიღება შესაძლებელია იურიდიული ფსიქოლოგიის საშუალებით.
იურიდიული ფსიქოლოგია არის ფსიქოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი გამოყენებითი დარგი. იგი ეფუძვნება ზოგადფსიქოლოგიურ თეორიასა და მეთოდოლოგიას. ამიტომ მოცემულ ნაშრომში ზოგადი და იურიდიული ფსიქოლოგიის პრობლემატიკა ორგანულადაა ერთმანეთთან დაკავშირებული.
წიგნი აგებულია იურიდიული და ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა მომზადების სასწავლო გეგმის საფუძველზე. ამდენად მასში განხილულია ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ზოგადი და იურიდიული ფსიქოლოგიის საგანი, მეთოდები, ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობის თავისებურებები, გამომძიებლის, დამნაშავის, ამოცნობის, დაპირისპირების, დაკითხვის, შრომა-გასწორების ფსიქოლოგია, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და სხვა.
აღნიშნული საკითხების ცოდნა ყველა იურისტისათვის აუცილებელია.
ნაშრომის ბოლოს მოცემული ფსიქოლოგიური ტესტები, ამოცანები და სპეციალური ლიტერატურის სია, ვფიქრობთ, დააინტერესებს არა მხოლოდ სპეციალისტებს, არამედ მკითხველთა ფართო წრესაც.