In Homo “ იქ, სადაც თაყვანისცემაა, არის შიში, მაგრამ თაყვანისცემა
არ არის ყველგან, სადაც შიშია, რადგან, სავარაუდოდ, შიში
უფრო ფართოდ ვრცელდება, ვიდრე თაყვანისცემა. ”
სოკრატე
წინასიტყვაობა
ამ ორიოდე წლის წინ რამდენიმე ნახატი გავყიდე სარფიანად, თანხა ჩამივარდა ხელთ და ბინა შევიძინე თბილისის ძველ უბანში, რომელშიც დიდი ხანია სახელოსნოს გამართვა მეწადა. ბინის აღწერისას აღმოჩნდა, რომ მასში ერთი ცნობილი მწერალი ცხოვრობდა (ვინაობის გამხელისგან გარკვეულ მიზეზთა გამო თავს ვიკავებ), რომელსაც რამდენიმე წლის წინ გაეყიდა იგი. ის, რომ ცნობილი მწერალი ცხოვრობდა, უკვე საკმარისი იყო პირველი ხიბლისთვის. ბინის დასათვალიერებლად გავემართე. მოკრძალებით შევდგი ფეხი. წიგნის მტვრის სუნი ვიგრძენი. ორი კედელი თაროებით იყო დაფარული. მესამე კედელთან ძველებური საწერი მაგიდა იდგა მოჩუქურთმებული ფეხებით, რომელზეც გადაშლილი რვეული იდო. მაგიდის წინ სკამი იდგა, თაროების ერთ წყებასთან კი საწოლი, გამოჩოჩებული, თითქოს ვიღაცას მიწევა დაავიწყდაო. იქვე, ფარდის უკან, აივნის კარი აღმოჩნდა. აივანზე გავედი. საოცარი ხედი გადაიშალა, თითქმის მთელი ქალაქი მოჩანდა. აივნის გარშემო კედელი ერთ ადგილას ყვავილს ამოეხეთქა. მცირე ხანს აივანზე დავრჩი, ერთგვარად მონუსხული. ოთახში რომ დავბრუნდი, გადაწყვეტილება მიღებული მქონდა. ავჩქარდი, ბინაში გადასვლა და მუშაობის განახლება მსურდა ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ. ფორმალობები დავასრულე და ჩემი ავლა-დიდება გადავზიდე: მოლბერტი, საღებავები, ტილოები, ნახატები. გადასვლისთანავე გადავწყვიტე, რომ იქ არაფერს შევცვლიდი. ასე წარმომედგინა, რომ ახალი გარემო ახალი შთაგონების წინაპირობა უნდა გამხდარიყო. შევეცადე გამერკვია როგორი იყო ეს გარემო და წიგნების თვალიერებას შევუდექი. განცვიფრებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ბიბლიოთეკაში არც ერთი მხატვრული ნაწარმოები არ მოიძებნა, არც ერთი ხელნაწერი, არანაირი მინიშნება მწერლის ადგილსამყოფელზე. ბიბლიოთეკაში ხუთასამდე წიგნი იყო და ყველა სამედიცინო ხასიათის. იმედგაცრუებული დავრჩი. საწერ მაგიდასთან დავჯექი. რვეული ისევ იქ იდო. ჩვეულებრივი, სასკოლო რვეული გახლდათ. ტექსტი, რომელიც დღიურის ჩანაწერებს წარმოადგენდა, შავი მელნით იყო ნაწერი, მაგრამ დაკვირვებისას მოჩანდა მეორე, მის ქვეშ არსებული ტექსტი, რომელიც ფანქრით გახლდათ შესრულებული და რომლის წაკითხვა მხოლოდ ალაგ-ალაგ, მთავარი ტექსტის შუალედებში იყო შესაძლებელი. სასკოლო ან მსგავს დავალებებს გავდა. შესრულებული იყო მოზარდის ხელით … მაგრამ საკმარისია. უფრო მნიშვნელოვანი მთავარი ტექსტი გახლდათ, რომლის პირველივე სტრიქონებმა მომნუსხა. კითხვას შევუდექი და ვეღარ მოვწყდი. ვკითხულობდი, ვასრულებდი და ხელახლა ვიწყებდი. მრავალჯერ გადავიკითხე და გავაანალიზე. მისი შიგთავსი ისე შემოიჭრა ჩემ გონებაში, როგორც ახალაგებული ხომალდი შეცურავს ზღვაში, და სამუდამოდ იქ დარჩა. ამ რვეულმა ძირეულად შეცვალა ჩემი ცხოვრება, მოაქცია იგი იმ ჩარჩოებში, სადაც ის ყველაზე მძაფრად იგრძნობა. იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომელშიც ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი ხვდება.
ბევრი ვიფიქრე იმის შესახებ, ღირდა თუ არა ამ ჩანაწერების გამოქვეყნება, მრავალი რამ ავწონე და შევაფასე. საბოლოოდ გამოქვეყნება გადავწყვიტე. არ მინდა იმქვეყნად წავიღო ის, რისი ცოდნის უფლება სხვასაც აქვს, მიუხედავად იმისა, თუ რა ნიშანი ექნება მის ზემოქმედებას. სწორედ ამ მოსაზრებით ვხელმძღვანელობ და ვთავაზობ დღიურს მკითხველს უცვლელად, ზუსტად იმ ფორმით, როგორც მე ვიხილე იგი.
I
2 აგვისტო, 1999
ეს ერთი კვირის წინ მოხდა, დილით. არაფრით გამორჩეული დილა იყო. როგორც ყოველთვის, გათენებამდე გავიღვიძე და ლოგინშივე შევუდექი წერას. რამდენიმე საათს ვწერდი. შემდეგ ჩამეძინა, თუმცა მალევე გავიღვიძე და მყისვე ნაწარმოებს დავუბრუნდი. წავიკითხე. უკმაყოფილო დავრჩი. არ გამკვირვებია, ეს ჩვეული მოვლენა გახლდათ. პირველადი ტექსტი არასოდეს მომწონს. ნაწილი შევცვალე, მაგრამ კვლავ არ მომეწონა. კიდევ რამდენჯერმე გადავაკეთე და წავიკითხე. საბოლოოდ ვეღარაფერი ვიგრძენი. მივხვდი, ნაწერში ვიყავი შეწონილი და ობიექტურად ვერ ვაფასებდი. დროებით უნდა გავცლოდი. ამიტომ დილის გაზეთი გადავშალე. ასეთ დროს გაზეთს არც კი ვკითხულობ, მხოლოდ ვფურცლავ და თვალს ვავლებ, დროის მოსაკლავად, თუმცა, მიუხედავად ამისა, შევნიშნე, რომ რაღაც შეეცვალათ. ახლებურად გამოიყურებოდა, შესამჩნევი იყო ფერების სიმრავლე, განსხვავებული შრიფტი, გვერდების მეტი რაოდენობა. უკანასკნელი, ცნობების, გვერდის შუაგულზე განცხადება გახლდათ განთავსებული. შესაძლოა იმ მიზეზით მიიქცია ყურადღება, რომ ერთადერთი ასეთი განცხადება იყო ან იმიტომ, რომ მუქი, სქელი ჩარჩო ეკრა გარს, თუმცა თავად განცხადების წაკითხვა ვერ მოვასწარი, რადგან სანამ ამას გავაკეთებდი, თვალმა სხვა რამ შენიშნა, შემზარავი, როგორც შავი მზე. ეს იყო სამი სიტყვა, ტექსტის ფრაგმენტი, რომელიც იუწყებოდა, რომ: “ … გარდაიცვალა დიმიტრი ჯაფარიძე. ” თითქოს კედელი დამეჯახა. არც ასაკი, არც განმცხადებლები, არც მისამართი. ვეღარაფერი დავინახე. დიმიტრი