ანაკონდა - I საღამოს ათი საათი იყო; სულის შემხუთავად ცხელოდა. ქარი ჩაცხრა და ნახშირივით შავი, საავდრო ცა მძიმედ ჩამოწვა სელვის(სამხრეთამერიკული ტროპიკული ტყე) თავზე. დროდადრო ჰორიზონტზე ელვა გაკრთებოდა და უკუნეთ წყვდიადს აპობდა; მაგრამ მჭექარე ტროპიკული თავსხმა ჯერ კიდევ შორს იყო.
ლანსეოლადა შხამიანი გველებისთვის დამახასიათებელი ზოზინით, ფრთხილად მიცოცავდა ბილიკზე თეთრი ცხრატყავას ბუჩქებს შორის. ეს იშვიათი სილამაზის მეტრნახევრიანი იარარა (სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული შხამიანი გველი ) გახლდათ, რომელსაც გვერდები ერთმანეთზე მიჯრილი შავი თანაბარი ქერცლებით ჰქონდა დაფარული. წინ მიიწევდა და გზას ენის გაორებული წვერით მიიკვლევდა, რაც, როგორც ცნობილია, გველის შეხების ორგანოა.
ლანსეოლადა სანადიროდ გამოვიდა. ორი ბილიკის გასაყარზე შეჩერდა, აუჩქარებლად დაიგორგლა, ერთხანს იტრიალა, უკეთ რომ მოწყობილიყო, ნელა დაუშვა თავი მოქნილი ტანის ხვეულზე და მოლოდინში გაირინდა.
წუთი წუთს მიჰყვა და ხუთი საათიც გავიდა, ლანსეოლადა თავს არაფრით ამჟღავნებდა. ამაღამ არ გაუმართლა! თენდებოდა და ის უკვე ხელცარიელი აპირებდა წასვლას, მაგრამ უეცრად გადაიფიქრა. სწორედ მის წინ, ალიონის მკრთალ ცაზე ვეებერთელა უძრავი ჩრდილი გამოიკვეთა.
- სახლთან უნდა მივცოცდე, - დაისისინა იარარამ. - აგერ უკვე რამდენიმე დღეა, იქიდან ხმაური ისმის... სიფხიზლე მმართებს...
და ის ფრთხილად გასრიალდა ჩრდილისკენ. სახლი, რომელმაც ლანსეოლადას ყურადღება მიიპყრო, ძველი ხის ბუნგალო გახლდათ, რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობოდა, რომ ოდესღაც შეეთეთრებინათ. გარშემო რამდენიმე ფარდული ჩანდა. შენობა უხსოვარი დროიდან მიეტოვებინათ და შიგ არავინ ცხოვრობდა. ახლა კი იქიდან უჩვეულო ხმები მოისმოდა: ფეხების ბრაგუნი, რკინის ღრჭიალი, ცხენების ჭიხვინი - ყველაფერი ადამიანის ყოფნას მოწმობდა. ვერ იყო კარგი საქმე...
მაგრამ ეჭვები უნდა გადაემოწმებინა, და ეს ლანსეოლადამ გაცილებით ადრე მოახერხა, ვიდრე ელოდა.
გველს გაღებული კარის ჭრიალი მოესმა. კისერი წაიგრ-ძელა და განთიადის ბინდბუნდში ბილიკით მისკენ მომავალი მაღალი, ჩასხმული ფიგურა გაარჩია. მტკიცე, გაბედული, თავდაჯერებული ნაბიჯების ხმა შორიდანვე მტრის მოახლოებას ამცნობდა.
„ ადამიანი! “ ლანსეოლადა მყისვე დაიგორგლა და თავდასხმისთვის მოემზადა.
და აი, ჩრდილი უკვე თავზე წამოადგა. იქვე, სულ ახლოს უზარმაზარი ფეხი დაეშვა, და იარარამ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ხარბად წამოყო თავი და მაშინვე ისევ დამალა.
ადამიანი შეჩერდა; მოეჩვენა, თითქოს ფეხებზე უხილავი წკეპლა დაჰკრეს. ადგილის მოუცვლელად ყურადღებით შეათვალიერა შამბნარი, მაგრამ განთიადის ბინდბუნდში საეჭვო ვერაფერი შენიშნა და მტკიცედ განაგრძო გზა.
და ლანსეოლადა მიხვდა, რომ ამჯერად სახლში ადამიან-თათვის ჩვეული ცხოვრება დაიწყო. მან თავის სოროს მიაშურა იმ რწმენით, რომ მისი ღამეული თავგადასავალი იმ დიდი დრამის მხოლოდ პროლოგი იყო, რომელიც უახლოეს დღეებში აუცილებლად გათამაშდებოდა.