საუკეთესო
მისტიკის ნისლებში მცურავს
გიცქერდე რაც უნდა ეჭვით
ანდა არ გიცქერდე სულაც,
შენ კი ჩემს ალალ და ბეჯით
ბჭობას პასუხობდე მუდამ
ღიმილით, სიცილით, კრეჭით –
მაინც ამ გულში ან გულთან –
ახერხებ, კადრულობ, ბედავ –
გაცრეცილ არილად ბჟუტავ –
იმედის ელფერის სევდავ,
სახელად – „შენ მაინც იცი“
ან კიდევ – „შენ მაინც ხედავ“.
ვიდრე მანდ არაფრით იწვი
და ღამეს ჯიუტად ეკვრი –
ვარსკვლავის ძურწა თუ ხიწვი,
მგზავრი ამ მთა-ვაკე-ზეგნის –
კიდევ თუ რაიმეს ვხდები –
კიდევ თუ რაიმეს მძებნი –
დროდადრო თავიდან ვხვდები:
საერთოდ თუკია – უფრო
უნდოა შენ იქით გზები,
და მიწას – ვუარო, ვღრუტნო –
წერტილიც არა აქვს – შენზე
ურყევი, მყარი და მყუდრო.
მეპოვა, ვერაფრით შევძელ,
მეორე – არყოფნის მტარვალ
აჩრდილთა წინაშე შემწე.
მით უფრო – ძალიან არ ვარ
და შენზე ძალიან ანდა
შენზე მეტს არავის ვწამვარ.
და უფრო მცდარია სხვათა
ციფრი და გრამი და ადლი
და თუკი როდისმე მართლა
გამზომავ, ამწონი, დამთვლი –
ცოდვები თუ არა – იქნებ
შემინდო უშვერი მადლი.
იმ ენის ხლართებშიც იგნებ
გზას და კვალს ყველაზე ხშირად,
ფურცელზე რომელსაც ვიქნევ,
მერე კი ამაოდ ვქშინავ
უდაბნოს შინა ან უღრან,
გაუვალ გულებსა შინა.
ინახავ ყველაზე უხვად
სამართლის პურივით მარილს...…
ოღონდ, რა თქმა უნდა – თუ ხარ,
თუ ხარ – იმ ნისლებში მაინც,
თუ ხარ – სულ ცოტათი მაინც,
ანდა – თუ არა ხარ, მაინც.