ალეკო და სხვა ეპიზოდები
ეძღვნება
ძირძველ ელიასუბნელებს, რომელთა ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს
სამების ტაძარმა, მახათას გზამ და ჩემნაირებმა
– შარლი იცი?
– შარლი..?
– აზნავური! – გაკვირვებული სვლას ანელებს და სარკეში იხედება, უკნიდან რამე ხომ არ მიახლოვდებაო.
– კი, როგორ არა... რატომ?
– მამიდაა ჩემი! – კმაყოფილი წელში სწორდება, საზურგეს ეყრდნობა და ამაჩქარებელ პედალს ფეხს აჭერს. ალბათ ბიძაჩემი ან ნათლიაჩემიო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ ქართული არ ეყო და მეც აღარ ჩავეძიე.
– ვახ, რას ამბობ... მართლა?!
– მაშ! პაჩწი ყოველ თვე რეკავს.
– მაგარია... და გეხმარებათ რამით იქიდან? – ვკითხე ანგარიშმიუცემლად, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე და უმალ მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი.
– მატერიალურად არა! – მომიჭრა ოდნავ ნირწამხდარმა, წარბები სკეპტიკურად აღმართა, რადიო გამორთო და თემის შეცვლა სცადა. თუმცა, საუბარი აღარ აგვეწყო და გზის დარჩენილი ნაწილი ჩუმად ვიარეთ.
ახალი გადმოსული ვიყავი სამების უბანში და მსგავსი ეპიზოდი ყოველკვირა გამოწერილი მქონდა. უბნელი ტაქსისტებისთვის ეგზოტიკა ვიყავი. მაშინ აქ ქართველს იშვიათად ნახავდით. ყოველ ჩაჯდომაზე ტურისტივით მელაპარაკებოდნენ – აი, თბილისში პირველად ჩამოსულ უცხოელს აეროპორტში რომ დახვდები და გზად ქალაქზე მოუყვები, ისე. თითქოს ექსკურსიას მიტარებდნენ და თავს იწონებდნენ.
თუ ეტყოდი, რომ გაგონილი გქონდა სომხური პანთეონის ან მისი რომელიმე ბინადრის შესახებ, ან საუბარში შემთხვევით ჩაურთავდი, ეს რა ლამაზი სასტუმრო აუშენა ტფილისს ტერ-მიქელოვმა რუსთაველზეო, შენი ავტორიტეტი ერთიორად მაღლდებოდა („მაგან იცი კიდე რა ააშენა?“).
* * *
სამების უბანი სანდრომ შეარქვა, თორემ ბოლო წლებში აქაურობას ელიას მთას ეძახიან. როგორც ტინტო ბრასის ყველა ფანჯრიდან ქალის საჯდომი და სან პიეტროს სილუეტი, ისე – ყველა აქაური ფანჯარ-სარკმელ-ღიობიდან რუსის მიერ მოოქრული სამების გუმბათი ჩანს.
აქ ფელინის გმირებივით ნოსტალგიური და ალმოდოვარის პერსონაჟებივით სევდიანი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც უფრო და უფრო იკარგებიან და ფერმკრთალდებიან დროის ახალი შრეების დადებით. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთგვარ გეტოდ, ქალაქისგან მოწყვეტილ-განკერძოებულნი. ეს უბანი ერთდროულად იყო ქალაქის გეოგრაფიული ცენტრიცა და მენტალური პერიფერიაც. როგორც ჩემი ფრანგი მეგობარი ეძახდა – სოფელი ქალაქის ცენტრში. შემთხვევით აქ ვერ მოხვდებოდი – ამ უბნელი უნდა ყოფილიყავი, რომ ამ ადგილის შესახებ გცოდნოდა. ამ უბნელის ნათესავიც კი არ – ნათესავები, ძირითადად, მოსკოვებში, როსტოვებსა და კრასნოდარებში ჰყავთ. დანარჩენი თბილისისთვის აქაურობა არ არსებობდა, სანამ სამების აგებამ ავლაბრის მივიწყებული გარეუბანი ქალაქის ნაწილად არ აქცია. წლების შემდეგ მახათაზე გზის გაყვანამ აქაურობას წყეული „სატრანზიტო ფუნქცია“ შესძინა, რამაც სამიოდ წელიწადში დაანგრია საუკუნოვანი სიმყუდროვე და სამუდამოდ შეცვალა აქაურობა.
* * *
სად იყო მაშინ „ბოლტი“ ან „ტაქსიფაი“ – რაღაც ნომერზე რეკავდი, კომუტატორი გოგო გპასუხობდა, იწერდა მისამართს და ცოტა ხანში გირეკავდა – ესა და ეს მანქანა მოვა მალე და დაელოდეთო.
ხმის ტემბრის მიხედვით ცდილობდი კომუტატორი გოგოს გარეგნობის ამოცნობას. თუ ოდნავ მაინც კეკლუცობდა ან იპრანჭებოდა, იცოდი – ახალი მისული იყო სამსახურში. ათასში ერთხელ, სადისპეტჩეროდან უჟმური ქალის ხმაც გაისმოდა და იმ დღეს ყველა ტაქსისტი ნერვებზე იყო – ბევრი სიგარეტი იწეოდა მანქანებში.
როგორც წესი, რაღაც ძველი, დანჯღრეული, გაზზე გადაწყობილი მანქანა მოდიოდა ხოლმე.
„გაბრძანდით, ტაქსი მოსულია!“ – მომესმა ერთხელაც მობილურზე კომუტატორი გოგოს მკაცრი ხმა და ჭიშკრის კარებთან დიდების დღეთა დასალიერზე მყოფი „ოცდაოთხი“ დამხვდა, რომელშიც მთელი დღის ნამუშევარი მძღოლის სხეულის ოხშივარს სალონში გამჯდარი სიგარეტის სუნი ანეიტრალებდა.
ჩავჯექი თუ არა, უცნაურად გამომხედა. აშკარად ვეუცხოვე. გასაღები ორ-სამჯერ უშედეგოდ გადაატრიალა მანქანის დასაქოქად და საჭისკენ თავი დახარა, თითქოს რაღაცას უსმენსო. მერე, მოულოდნელად, მთელი ტანით მომიტრიალდა და მძიმე სომხური აქცენტით მომმართა:
– აქა ცხოვრობ, ჯიგარო?!
თვითონ აშკარად ამ უბნელია. გარეგნობით, კილოთი, ქცევის მასპინძლური მანერით – ყველაფერზე ეტყობა, რომ თავის მოედანზეა.
– კი, ახალი გადმოსული ვარ.
– ვაააო, – ჩაილაპარაკა და დაძრა. აქეთურ-იქითურს ჰყვება, მაგრამ ვატყობ, კიდევ რაღაცის თქმა უნდა და ყოყმანობს ან ვერ აყალიბებს. ფიქრობს: თქვას, არ თქვას, როგორ თქვას. თან თითქოს განზრახ ნელა მიგორავს, რომ საუბარი გაწელოს. არსად ეჩქარება – ურთიერთობა უნდა, ფულისთვის კი არ ტაქსაობს! უმაღლესი ხარკოვში აქვს დამთავრებული. რა უნდოდა აქ? დარჩენილიყო! – ქალები, ფული, პერსპექტივა... მაგრამ არ მოასვენა მამამისმა, ჩამოდი, ცოლი მოიყვანეო. შერჩა ეს გამხმარი სვეტა. სვეტა რა, ოჯახში არევიკს ვეძახით, მაგის ჯიში მოვტყანო და ახორხოცდა.
გატრუნული ვუსმენ და, შიგადაშიგ, შორისდებულებით ვამხნევებ. ასეთ დროს, სულ მეშინია ზედმეტი აქტიურობის – ემანდ აზრი არ გავაწყვეტინო და