წინასიტყვა
ეჭვი მაქვს, „კონგო ანუ ზაირი“ სახელსა და დიდებას არ მომიტანს; დარწმუნებული ვარ – არც მატერიალურ კეთილდღეობას. არავისთვის მიმიძღვნია მისი ნაწილიც კი. ვერც რომელიმე აქაური ნოველა დაიკვეხნის – მე რომ არ დავეწერე, ჩემს ავტორს შთაგონება გამობუგავდაო... მოკლედ, აი, ვფიქრობ და ჭკვიანური თუ დამაჯერებელი მოტივი ვერ გამიხსენებია. ამიტომ – თუნდაც ჩემზე მეტად გაგიკვირდეს – თითქოს გამოდის, რომ ეს წიგნი (მართლაც) შენთვის დაწერილა, მკითხველო.
ილუსტრაციის ამბავი მარტივადაა – ზალიკოს ვთხოვე და დამიხატა. თუმცა, ვინ იცის, ის კიდევ უფრო საშენო აღმოჩნდეს – სტილის, ხარისხის, თუ იმის გამო, რომ ნახატების თვალიერება კითხვაზე იოლი და ნაკლებად მოსაწყენი საქმიანობაა.
კითხვის უპირატესობაზე კი რა მოგახსენო; მით უმეტეს, მარადიულობის იმ მონაკვეთში, როცა ლიტერატურას თავისი ვერც ახალი დანიშნულება უპოვია და ვეღარც ძველის რწმენა შეუბრუნებია. ასეთ დროს, გენიალურ საკითხავსაც რომ წარადგენდე, მაინც არ ღირს აყალმაყალის ატეხა (მე, მაგალითად, დავჯდებოდი და მშვიდად დაველოდებოდი გარდაუვალ აღიარებას – რამდენიმე ათეული ან ასეული წლის შემდეგ). ამ ნოველებისგან მოსალოდნელი სარგებელი კი, ჰა–ჰა, წამკითხველის ხასიათის გაუმჯობესება იყოს. ჰაერზე არ ვამბობ – ყველა წაკითხული მაქვს, თანაც – რამდენჯერმე. ანუ შეგიძლია, სიტყვაზეც მენდო (ისევე, როგორც – ყოველი შემთხვევისთვის, გადაამოწმო – ემანდ, თავს არ ვიკატუნებდე და რამდენიმე ასეული წლის გასვლას მუხანათურად არ ვუცდიდე).
წინასიტყვაც სულ ეს იყოს. და თუ, წესისა და ფარული მცდელობის მიუხედავად, წიგნის რეკლამად ვერ გამოდგა, არა უშავს. შედეგად ხომ დიდებას – მაინც ვეჭვობ, ხოლო კეთილდღეობას – გამოვრიცხავ.
ზაზა ბიბილაშვილი