სგანარელი მოქმედი პირები:
გორგიბა, პარიზის მოქალაქე;
ცელია, მისი ქალიშვილი;
ლელი, ცელიას შეყვარებული;
რენე, ლელის მსახური;
სგანარელი, პარიზის მოქალაქე და ერთი შეხედვით რქადადგმული ქმარი;
სგანარელის ცოლი;
ვილბროკენი, ვალერის მამა;
ცელიას მოახლე;
ნათესავი.
მოქმედება: საჯარო თავშეყრის ადგილი პარიზში.
სცენა I
გორგიბა, ცელია, ცელიას მოახლე
ცელია (მოდის ტირილით, მამა თან მოსდევს): აჰ! ნუ იფიქრებთ, რომ ჩემი გული ოდესმე მაგას დაეთანხმება.
გორგიბა: რას ბოდავ მანდ, შე პატარა თავხედო? ხელი გინდა შემიშალო ჩემი გადაწყვეტილების ასრულებაში? ნუთუ სრული უფლება არ მაქვს შენზე?! სულელური მიზეზით გინდა, რომ შენმა ტვინმა მამის კეთილგონიერება გადალახოს? ჩვენ ორს შორის ვის აქვს ბრძანების უფლება? და შენი აზრით, ვის უკეთ შეუძლია შენთვის სასიკეთოს რჩევა? მისმინე, ფრთხილად იყავი და მეტად არ გამაღიზიანო, თორემ ჩემს მარჯვენა ხელს ისევ ის ღონე აქვს თუ არა, ადვილად შეიტყობ. შენი საქმე ის არის, ბუტია ქალბატონო, პრანჭვის გარეშე გაყვე იმას, ვისზეც გათხოვებენ. მე ჯერ არ ვიცი, რა ხასიათისა არისო, - ამა ბრძანებ და ის გსურს იცოდე, მოგეწონება თუ არა? მე კი ის შევიტყე, რომ დიდი მამული დარჩენია. სხვა რაღა უნდა მაინტერესებდეს? ექვსი ათასი თუმანი ნაღდი ფული აქვს, რა უნდა გააჩნდეს ამაზე მეტი, რომ შენი სიყვარული დაიმსახუროს? გაჩუმდი! რაც არ უნდა იყოს, ამისთანა თანხით ისეთი საქმროა, რომ უკეთესს ვერც ინატრებ!
ცელია: აჰ! ოჰ!
გორგიბა: ეგ რას ნიშნავს? ხედავთ, როგორ ოხრავს? თუ გავბრაზდი, მე გამღერებ ოჰს მშვენივრად. აი, შედეგი იმისა, დღე და ღამე რომანების კითხვაში რომ ხარ. თავი ყველა სახის სისულელით გაქვს გამოტენილი და ლელი ღმერთზე ხშირად გახსენდება. ცეცხლშია მოსასროლი ეგ წყეული წიგნები, რომლებიც ამდენ ახალგაზრდას უმღვრევენ გონებას. მაგ ჩმახს სჯობს პიბრაკის ლექსები და მატიეს ტაბლეტის მოძღვრება წაიკითხო. ყოვლად სანიმუშო თხზულებაა, მშვენიერი პოეზიით აღსავსე. ამ წიგნებით სწავლობენ მოკლე ხანში მართებულ ცხოვრებას და თუ ამ ზნეობრივ წიგნებს წაიკითხავ, ცოტა უკეთ გაიგებ ჩემს სიყვარულს.
ცელია: ძვირფასო მამავ, თქვენ გსურთ, რომ ლელის მტკიცე მეგობრობა დავივიწყო? დამნაშავე ვიქნები, თქვენი ნების წინააღმდეგ რომ წავიდე, მაგრამ ამისკენ თქვენ თავად მიბიძგებთ.
გორგიბა: რაგინდ სახარბიელოც არ უნდა იყოს, ახლა სხვა გაჩნდა, რომელიც მას მნიშვნელოვნად სჯობს. ლელი ძალიან მოხდენილია, მაგრამ იცოდე, რომ არაფერს წარმოადგენს და არაფერი გააჩნია. რაც არ უნდა გონჯი იყოს კაცი, მას ოქრო ამშვენებს. ამის გარეშე ის არაფერია და ვერც საქმეს წაუძღვება ჯეროვნად. როგორც ვხედავ, შენ ვალერი არ მოგწონს. შესაძლოა მომხიბლავი არ არის, მაგრამ ქმრად მაინც ივარგებს. რამდენად შეეგუება ქმარი ცოლს, არავინ იცის, მაგრამ ხშირად სიყვარული ქორწინებას მოყვება ხოლმე. რაღას ვკამათობ, საინტერესოა, როდესაც ბრძანების უფლება მაქვს? კმარა, შენი წინააღმდეგობა აღარ ვნახო და შენი ბრიყვული საუბარი აღარ გავიგონო. საღამოს ეს სასიძო მოდის შენს სანახავად და ერთი კარგად ნუ მიიღებ და წარბშეჭმუხვნილი დახვდი, მე შენ... თუმცა მეტს აღარ გეტყვი.
სცენა II
ცელია, ცელიას მოახლე
მოახლე: როგორ?! ცივ უარს ამბობთ იმაზე, რასაც სხვა სიხარულით შეხვდებოდა? ცოლობას გთხოვენ და პასუხს არ აძლევთ და ერთი ნაზი „ ჰოს “ წარმოთქმას აგვიანებთ. ვაი, ჩემი ბრალი, რომ მე არავინ მთხოვს ცოლობას, მაგდენს კი არ ვახვეწინებდი. დამიჯერეთ, მაგ ჰოს ერთხელ კი არა, თორმეტჯერაც ვიტყოდი. თქვენი უმცროსი ძმის მოძღვარი, გაკვეთილს რომ ასწავლის, ფუჭად კი არ ამბობს, ქალი და სურო ერთიაო. მშვენივრად იზრდება, სანამ ხეს აკრავს, მაგრამ არაფრად ვარგა, როცა ცალკეაო. ეს უდაო სიმართლეა, ჩემო ქალბატონო, რაც ჩემს თავზეც არაერთხელ გამომიცდია. ღმერთმა აცხონოს ჩემი საბრალო მარტენი! სანამ ცოცხალი იყო, ანგელოზის იერსახე მქონდა, ფუმფულა ვიყავი, და თვალები და გული სულ მიცინოდა. ახლა კი ჩემს ცრემლიან ნათლიას ვგავარ. იმ ბედნიერ დროს, ელვასავით რომ გაქრა, შუა ზამთარში უცეცხლოდ ვიწვოდი და ახლა კი შუა ზაფხულში სიცივისგან ვკანკალებ. საბოლოოდ კი იმას გეტყვით, ქალბატონო, რომ არაფერია ქმრის გვერდით ყოფნის მსგავსი, იმისთვის მაინც, ღვთის წყალობა გისურვოთ, როცა დააცემინებთ.
ცელია: როგორ მირჩევ, უარი ვთქვა ლელიზე და სხვა ვიღაც შევირთო?
მოახლე: ეგ თქვენი ლელი ბრიყვი ყოფილა, ამდენ ხანს რომ აგვიანებს. ისე, კაცმა რომ თქვას, ხომ არ გადაიფიქრა?
ცელია (ლელის პორტრეტს უჩვენებს): აჰ! ამ უსიამოვნო სიტყვებით გულს ნუ მატკენ. მის სახეს დააკვირდი, რომელიც თითქოს სამარადისო სიყვარულს მეფიცება. ღრმად მწამს და მჯერა,