იძულებითი ქორწინება მოქმედნი პირნი:
სგანარელ
ჟერონიმო
დორიმენ, ყმაწვილი კეკლუცი ქალი, სგანარელის დანიშნული
ალკანტორ, მამა ამ ქალისა
ალსიდას, ძმა ამ ქალისა
ლიკასტ, მოარშიყე ამ ქალისა
პანკრას, დოკტორი არისტოტელის ფილოსოფიისა
მარფურიოს, დოკტორი პირონელთ ფილოსოფიისა
ორი ბოშის ქალი
საქმე სწარმოებს გარეთ.
გამოსვლა 1
სგანარელ. (სახლიდან გამომავალი შინაურებს მიალაპარაკებს) მე ეხლავ მოვალ! სახლს კარგათ მოუარეთ, რომ ყველა თავის რიგზედ იყოს. ვინიცობაა, თუ ფული მომიტანა ვინმემ, მაშინვე ჟერონიმოსას მომძებნეთ, და თუ სათხოვნელად მოვიდა ვინმე, ჩემი უთხარით, შინ არ არის-თქო და დღეს სულ არ შემოვა შინა-თქო.
გამოსვლა 2
შემოვა ჟერონიმო. (ყური მოჰკრა უკანასკნელს სგანარელის სიტყვებსა) გაფრთხილებული ბრძანება თუ გინდა, ეს არის.
სგანარელ. აჰ! უფალს ჟერონიმოს გაუმარჯოს! დროზედ მოსვლაც სწორეთ ამასა ჰქვია; ეს იყო თქვენთან მოვდიოდი.
ჟერონიმო. რა მიზეზისათვის, ნებას თუ მიბოძებთ ვიკითხო?
სგანარელ. ერთი საქმე მინდა გაცნობოთ, თავში რომ მიტრიალებს, და გთხოვოთ თქვენი აზრი შემატყობინოთ.
ჟერონიმო. სრულის ნებაყოფლობით. დიდათ მოხარული ვარ, რომ აქვე შეგხვდით. შეგვიძლია აქ თავისუფლად ვილაპარაკოთ.
სგანარელ. მაშ შეუდგეთ თუ თქვენი ნებაც იქნება. ჩემი სათქმელი ერთი ისეთი რამ საქმეა, რომ მეგობრების დაუკითხავად კაცი არ უნდა შეუდგეს ამისთანა საქმესა.
ჟერონიმო. დიდად გმადლობთ, რომ მაგისთვის მე მომატანეთ. მაშ ახლა თქმის მეტი აღარა დაგჭირდებათ რა.
სგანარელ. მართალია, მაგრამ გაფიცებთ, არაფერში არ მომეფეროთ და სწორედ მითხრათ თქვენი აზრი.
ჟერონიმო. რადგან აგრე გნებავთ, უთუოთ სწორეს გეტყვით.
სგანარელ. ისე არა მეჯავრება რა, როგორც მეგობარი, რომელიც სწორეს არ იტყვის.
ჟერონიმო. მართლადაც საჯავრელია.
სგანარელ. და ამ დროში დიაღ ძვირადღა იპოება სარწმუნო მეგობარი.
ჟერონიმო. მართალია.
სგანარელ. მაშ პირობასა გთხოვთ, უფალო ჟერონიმო სრულებით, დაუფარავად მელაპარაკოთ.
ჟერონიმო. გაძლევთ პირობას.
სგანარელ. მაშ დაიფიცეთ.
ჟერონიმო. მეგობრობას გეფიცებით. ოღონდ თქვენი საქმე მითხარით, რა არის?
სგანარელ. მე მინდა თქვენგან ვიცოდე, კარგსა ვიქ თუ არა, ცოლი რომ შევირთო?
ჟერონიმო. ვინა, თქვენა?
სგანარელ. დიაღ მე, თვითონ მე. რას იტყვით ამაზედა?
ჟერონიმო. მე გთხოვთ ჯერ ერთი რამ შემატყობინოთ.
სგანარელ. რა?
ჟერონიმო. რამდენის ხნისა იქნებით ახლა თქვენა?
სგანარელ. მეე?
ჟერონიმო. დიაღ!
სგანარელ. მე რა ვიცი, მაგრამ კარგათ კი ვარ.
ჟერონიმო. როგორა! როგორ იქნება თქვენი ხანი არ იცოდეთ.
სგანარელ. რატომ არა! ვინ ანგარიშობს მერე მაგასა.
ჟერონიმო. მაშ, თუ შეიძლებოდეს ეს მაინც მითხარით: ჩვენ რომ ერთმანეთი გავიცანით, მაშინ რა ხნისა იქნებოდით?
სგანარელ. ახა ღმერთო? მაშინ... მაშინ ოცის წლისა თუ ვიქნებოდი.
ჟერონიმო. მერე რომში რამდენს ხანს ვიყავით ერთათა?
სგანარელ. რვა წელიწადი.
ჟერონიმო. ანგლიაში რამდენი წელიწადი დაჰყავით?
სგანარელ. შვიდი.
ჟერონიმო. მერე, ჰოლანდიაში რომ გამოხვედით, იქა?
სგანარელ. იქა ხუთ წელიწად ნახევარი.
ჟერონიმო. ახლა რა ხანია, რაც აქა ხართ?
სგანარელ. მე მოველ აქა ორმოცდაათში.
ჟერონიმო. ორმოცდაცხრა და სამოცდაერთი - ეს გახდა მგონია თორმეტი წელიწადი, ხუთიც ჰოლანდიაში - ჩვიდმეტი; შვიდი ანგლიაში - ოცდაოთხი; რუა-რომს რომ ვიყავით - ოცდათორმეტი; ჩვენს გაცნობის დროს რომ ოცისა იყავით: გახდა სწორეთ ორმოცდათორმეტი. მაშ უფალო, სგანარელო, თქვენისავე ანგარიშით, თქვენ იქნებით ახლა ორმოცდათორმეტში ან ორმოცდაცამეტში.
სგანარელ. ვინა? მეე? ეგ როგორ შეიძლება!
ჟერონიმო. ანგარიშით კი სწორეთ აგრე გამოდის და! რადგან ასეა, გულის სიწრფელით გეტყვით და მეგობრულათა, როგორც პირობა დამადებინეთ, რომ ცოლის შერთვა თქვენი საქმე აღარ არის. ეს საქმე ისეთი საქმეა, რომ ყმაწვილმა ქალებმაც ჯერ კარგად უნდა იფიქრონ, მანამდისინ გაბედავდნენ და ჩვენის ხნის კაცმა ხომ სულაც აღარ უნდა განიზრახოს; ამას თუ ამბობენ, რომ ყოველს უგუნურებაზედ ცოლის შერთვა უფრო დიდი უგუნურება არისო, უარესი რაღა იქნება, რომ ეს უგუნურება მაშინ დაგვემართოს, როდესაც გონიერება ვალია ჩვენის ხნიერებისა. რაღა გავაგრძელო, გადაკვეთით გეტყვით ჩემს აზრსა: სრულიად არ გირჩევთ, რომ ცოლის შერთვას ჰფიქრობდეთ და მთელს ქვეყანაზედ თქვენზედ უფრო სასაცილოს ვეღარავის დავიგულებ, თუ რომ დღევანდლამდის თავისუფალმა კაცმა დღეს თქვენის ხელით ისეთი ბორკილი შეიყარეთ, რომელიც ყოველს ბორკილზედ უნამეტნავესია.
სგანარელ. მე კი ასე გეუბნებით, რომ გადაწყვეტილიცა მაქვს, ცოლი უთუოთ უნდა შევირთო - და არც სასაცილო ვიქნები, როგორცა ბრძანებთ, ის ქალი რომ ვითხოვო, რომელიც მინდა.
ჟერონიმო. ეგ სხვა არის. ეგ როდი გითქვამთ ჩემთვისა.
სგანარელ. ის ქალი ისეთი ქალია, რომ ძალიან მომწონს და გულითაც მიყვარს.
ჟერონიმო. თქვენ გიყვართ გულითა?
სგანარელ. დიაღ. მე, და კიდეცა ვთხოვე იმის მამასა.
ჟერონიმო. გითხოვნიათ კიდეცა?
სგანარელ. დიაღ! ქორწილიც ამაღამ უნდა მოხდეს; სიტყვა