სასაცილო პრესიოზები კომედია ერთ მოქმედებად.
წინასიტყვაობა.
უცნაურია, ღმერთმანი, შენი სურვილის მიუხედავად რომ გიბეჭდავენ ნაწარმოებს! ჩემი აზრით, ეს დიდი უსამართლობაა, და შემიძლია ყველაფერი მოვითმინო, ასეთ რამეს კი ვერ ავიტან.
არ იფიქროთ, თითქოს მოკრძალებულ ავტორად მინდა მოგაჩვენოთ თავი და სინდისის ქენჯნა მაიძულებდეს ამრეზით შევხედო საკუთარ კომედიას: ამით ხელაღებით შევურაცხვყოფდი მთელ პარიზს, ბრალს დავდებდი, რაღაც სისულელეს ტაში დაუკრა-მეთქი! რაკი ამგვარი ნაწარმოების უმაღლესი მსაჯული მაყურებელია, ჩემი მხრივ კადნიერება იქნებოდა პიესის დაკნინება; და თუნდაც ცუდი აზრისა ვყოფილიყავი ჩემი სასაცილო პრესიოზების შესახებ სანამ მას სცენაზე წარმოადგენდნენ, ახლა მაინც უნდა დავრწმუნდე, რომ იგი რაღაცად ღირს, რადგან ამხელა ხალხმა ერთხმად მოიწონა. მაგრამ თუ კი მაყურებლის მიერ ამ პრესაში აღმოჩენილი ღირსებების დიდი ნაწილი მსახიობთა ინტონაციასა და მიმიკას უნდა უმადლოდეს, ჩემთვის მთავარი იყო, ეს სამკაულები არ მოკლებოდა პიესას. მე ვთვლიდი, წარმატება, რაც ამ ნაწარმოებს ხვდა წარმოდგენის დროს, საკმარისია და ამას უნდა დავჯერდე-მეთქი. ვიმეორებ, გადაწყვეტილი მქონდა ჩემი პიესა მხოლოდ სანთლების შუქზე მეჩვენებინა, რათა საბაბი არ მიმეცა ვინმესთვის გაეხსენებინა ცნობილი ანდაზა; არც ის მინდოდა, რომ ბურბონის თეატრიდან მას პალეს გალერეაში გადაენაცვლა; და მაინც ვერ ავიცდინე ეს თავიდან; ჩემდა სამწუხაროდ, პიესის ასლი გამომცემელთა ხელში დავინახე, თანაც ანაზდეულად მოპოვებული პრივილეგიებით! ამაოდ გავყვიროდი: ოო, დრონო! ო, ჩვეულებანო! აშკარად მაგრძნობინეს, რომ ან ნება უნდა დამერთო დაებეჭდათ ჩემი პიესა, ან სასამართლოში მეჩივლა, ხოლო მოგეხსენებათ - ორ ჭირში ნაკლების ამორჩევა სჯობია! რაღა დამრჩენია? ბედს უნდა შევურიგდე და თანხმობა განვაცხადო ისეთ რამეზე, რასაც ჩემი თანხმობის გარეშეც გააკეთებდნენ!
ღმერთო დიდებულო, რა ძნელია წიგნის გამოშვება! რა გამოუცდელია ავტორი, როცა იგი პირველად იბეჭდება! ცოტაოდენი დრო მაინც რომ მოეცათ, უკეთ ვიზრუნებდი საკუთარ თავზე და ყოველგვარ სიფრთხილეს გამოვიჩენდი, რასაც ბატონი ავტორები, ამჟამად ჩემი კოლეგები, ასეთ შემთხვევაში იჩენენ ხოლმე. უპირველეს ყოვლისა, ჩემი ნაწარმოების მფარველად ავიყვანდი რომელიმე წარჩინებულ პირს და შევეცდებოდი, ფერადოვანი მიძღვნით მომეგო მისი გული; ამას გარდა, შევადგენდი ლამაზ, ღრმააზროვან წინასიტყვაობას; მე იმდენი წიგნი მაქვს, ყველას მოვიშველიებდი და ამოვკრეფდი ყველაფერს, რაც კი საჭირო იქნებოდა იმისთვის, რათა მეცნიერული სტილით დამეწერა ტრაგედიისა და კომედიის შესახებ, მათი სახელწოდების ეტიმოლოგიის, მათი წარმოშობისა, არსის შესახებ და ასე შემდეგ. მე მოველაპარაკებოდი ჩემს მეგობრებს, რომლებიც უარს არ მეტყოდნენ და ჩემს პიესას ფრანგული ან ლათინური ლექსით შეასხამდნენ ხოტბას; მე ისეთი მეგობრებიც მყავს, ბერძნული ლექსითაც კი შემაქებდნენ; ხოლო ყველასათვის ცნობილია, რა ძალა აქვს წიგნის თავში ბერძნულ ენაზე დაწერილ ხოტბას! მაგრამ ჩემს ნაწარმოებს ისე აქვეყნებენ, საშუალებას არ მაძლევენ გონება მოვიკრიბო. ის კი არა, უფლება არა მაქვს ორი სიტყვა მაინც ვთქვა იმის შესახებ, თუ რატომ ავირჩიე სწორედ ეს სიუჟეტი ჩემი კომედიისთვის. მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ იგი წესიერი და ნებადართული სატირის ჩარჩოებს არ სცილდება; რომ დიდად სანაქებო საქციელსაც კი ელის საშიშროება უხეირო მიმბაძველებისგან, რომლებიც თავად იმსახურებენ დაცინვას; რომ თვით სრულყოფილი ამბის ეს მანკიერი მიბაძვა ყველა დროში იძლეოდა მასალას კომედიის დასაწერად, და რომ ამავე მიზეზით ჭეშმარიტი მეცნიერნი და ჭეშმარიტი ვაჟკაცები ერთხელაც არ განაწყენებულან კომედიაში გამოყვანილი დოქტორისა და კაპიტნის ნახვისას, ისევე როგორც მოსამართლეებს, უფლისწულებსა და მეფეებს შეურაცხყოფილად არ უგრძვნიათ თავი, როცა ტრიველინი ან სხვა მსახიობი სასაცილოდ წარმოადგენდნენ სცენაზე მოსამართლეს, უფლისწულსა თუ მეფეს. ზუსტად ასევე, ნამდვილი პრესიოზები შეცდებიან თუ განაწყენდებიან, როცა მათი სასაცილო და უხეირო მიმბაძველების განქიქებას ნახავენ. მაგრამ როგორც ვთქვი, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ და ბატონი დე ლუინი დაუყოვნებლივ აპირებს ყდაში ჩემს ჩასმას! დაე, იყოს, რაკი ღმერთმა ასე ინება!
მოქმედი პირნი.
ლ ა გ რ ა ნ ჟ ი, დაწუნებული თაყვანისმცემელი.
დ ი უ კ რ უ ა ზ ი, დაწუნებული თაყვანისმცემელი.
გ ო რ ჟ ი ბ ა, ბურჟუა.
მ ა დ ლ ო ნ ი, გორჟიბას ქალიშვილი, სასაცილო პრესიოზი.
კ ა ტ ო, გორჟიბას ძმისწული, სასაცილო პრესიოზი.
მ ა რ ო ტ ი, პრესიოზების მოახლე.
ა ლ მ ა ნ ზ ო რ ი, პრესიოზების მსახური.
მ ა რ კ ი ზ დ ე მ ა ს კ ა რ ი ლ ი, ლა გრანჟის მსახური.
ვ ი კ ო ნ ტ დ ე ჟ ო დ