შეყვარებული მხატვარი მოქმედნი პირნი:
დონ პედრო, სიცილიელი აზნაური
ადრასტ, ფრანგი აზნაური
იზიდორა, ბერძენი ქალი, დონ პედროს ნაყიდი
ზაიდა, ახალგაზდა ქალი, სხვისი ნაყიდი
ერთი სენატორი
ალი, თათარი, ადრასტის მსახური
ორი სხვა მსახური
გამოსვლა პირველი
ალი, მოსაკრავენი
ალი. ჩუმად! აქეთ ნუღარ მოხვალთ, მანდ იყავით სანამ მე დაგიძახებდეთ.
გამოსვლა მეორე
ალი მარტო
ალი. თითქოს ორმოში იყოო, ისე ბნელა აქა. ცას ნაბადი წამოუსხამსო კაცი იტყვის, - ერთი ვარსკვლავიც აღარსად ჩანს, რომ შუქზე ცხვირი მაინც გამოჩნდებოდეს ვისიმე. ეჰ, რა ყოფაა ეს ჩვენი ყოფა! შენი დღენი სულ იმას ადგე, რაზედაც ბატონმა დაგაყენა, შენი ნება არაფერში იქონიო, თუ არ იმისი; რა გუნებაზედაც ის იყოს, შენც იმ გუნებაზედ იყო; შენი თავისთვის არა იზრუნო რა, თუ არ ბატონის ნაბრძანები; რაც იმას უნდა, გინდა თუ არა შენც ის გინდოდეს; რაღა გავაგრძელო, ის ბატონი და შენ ყმა. აქაო და მე ქალს ვეტრფიო, შენ ჩემთვის დღე და ღამეც უნდა სტეხო და მოსვენება რასაც ჰქვია არ იცოდეო, ამისთანა სიცოცხლესაც რა უთხრა? მაგრამ აგერ სინათლე მოჩანს რაღაცა. უთუოდ თითონ მოდის.
გამოსვლა მესამე
ადრასტი, ორი მსახური, რომელთაც ჟინჟღილები უჭირავთ, ალი
ადრასტ. ალი, შენა ხარ მანდა?
ალი. სხვა ვინ უნდა იყოს? ამ დროს თქვენს გარდა, ბატონო, და ჩემს გარდა ვის გაებედება აქაურ ქუჩებში გარეთ გამოსვლა და სიარული?
ადრასტ. არც მე მეგულება ვინმე, რომ სიყვარულის ცეცხლით ისე იყოს მოდებული, როგორც მე ვარ. მარტო დაუდევრობა რომ იყოს სატრფო ქალისაგან, ან მიუკარებლობა იმისი, ეს მაინც გექნებოდა კიდევ ნუგეშად, რომ ბედს უჩივლებდი და ოხვრა-ხვნეშას მიანებებდი თავს. მაგრამ ვერას გზით შემთხვევა ვერ იშოვო, რომ სატრფოს ხმა გამოსცე; ვერას გზით ვერ შეიტყო, მშვენიერმა თვალებმა რომ გულში სიყვარულის ცეცხლი ჩამოგიგდეს, იმ თვალების პატრონისთვის საამოა ეს შენი წვა და დაგვა, თუ არა; ერთი მითხარით, ამ მწუხარებას რა მწუხარება უნდა უდრიდეს? მერე ვისგანა ვარ ამ გაჭირვებაში ჩავარდნილი? ერთი გადახწეული ბერიკაცისაგან; პატრონია ჩემი სიცოცხლე ქალისა და ფეხს არ იცვლის, რომ თვალი მოაცილოს როგორმე.
ალი. მიჯნურების გამოლაპარაკება რამდენნაირად მოხერხდება ვინ მოსთვლის! თქვენ და თქვენ სატრფოს მარტო თვალებით რამდენი რამ შეგიტყობინებიათ ამ ორ თვეში ერთმანეთისათვის, მე რა ვიცი!
ადრასტ. მართალია, თვალებით ბევრჯერ გვილაპარაკნია მე და იმას, მაგრამ როგორ შევიტყო, სწორედ ისე მივხვდი იმის ნალაპარაკევს, როგორც მგონია, თუ არა? ან ის ჩემს ნალაპარაკევს ისე მიხვდა, როგორც ჩემი თვალები ეუბნებოდნენ თუ არა, როგორ შევიტყო?
ალი. მაშ ისეთი გზა უნდა გამოძებნოთ რამე, რომ ლაპარაკი სხვანაირადაც შეიძლებოდეს.
ადრასტ. მოსაკრავენი მოიყვანე?
ალი. დიახ!
ადრასტ. აქ მოვიდნენ. (მარტო) მინდა გათენებამდე ვაკვრევინო და ვამღერო. აქ, ეგება ამ მუსიკაზე ერთ-ერთ ფანჯარას მოადგეს და გამოიხედოს.
გამოსვლა მეოთხე
ადრასტ, ალი, მოსაკრავენი
ალი. აი, ბატონო! რა დაუკრან?
ადრასტ. რაც თვითონ ერჩიოთ.
ალი. გუშინწინ რომ უკრავდნენ ის დაუკრან?
ადასტ. არა, მე რომ მინდა ეგ ის არ არის.
ალი. ოჰ, ბატონო! მშვენიერ ბეკარზეა.
ადრასტ. მშვენიერი ბეკარი რაღა ეშმაკია?
ალი. ბეკარი ცოტა უფრო მაღალი ხმაა; ბეკარი სჯობია, ბატონო! მოგეხსენებათ, რომ გამეგება მე ეს საქმე. ბეკარი ყურის დამატკბობია. მუსიკას უბეკაროდ რა საშველი აქვს! აბა, ცოტა ყური დაუგდეთ ამ ტრიოს.
ადრასტ. არა, მე ისეთი რამ მინდა, რომ ნაზი ხმა იყოს და გულის წამტაცებელი; ისეთი რამ მინდა, რომ საამო ფიქრებში და ოცნებაში შემიყვანოს.
ალი. ცხადია ბემოლის მხარე გჭერიათ, დაბალი ხმის, მაგრამ ესეც კი შეიძლება, რომ ორივე მხარეზე შეიკეროს კაცმა გული. უნდა ერთი პატარა კომედიიდან ერთი გამოსვლის ხმა დავამღერებინოთ; შევატყე რომ ისინიც ამას აპირებდნენ. ამის მოკლე ამბავს მოგახსენებთ. ორ მეცხვარეს მოსდებიათ ტრფიალების ცეცხლი, ცალ-ცალკე ბემოლს უკრავენ და ასე მოსთქვამენ თავის მწუხარებას. ერთმანეთის ხმას რომ გაიგონებენ, ერთად შეიჭრებიან და ერთმანეთს შესჩივლებენ თავ-თავის სატრფოს უგრძნობელობას, ამასობაში სხვა ერთი მხიარული მწყემსი მოადგებათ, საკვირველს ბეკარს უკრავს და მათს სულმოკლეობას დასცინის.
ადრასტ. მაშ კარგი, ეგ დააკვრევინე, ვნახოთ ერთი.
ალი. აი იმ გამოსვლის წარმოსადგენად სწორედ ზედგამოჭრილი ადგილი და ეს ორი ჟინჟღილიც კარგად მიუნათებს.
კომედიის ნაკვეთი, რომელსაც ალი აკვრევინებს და ამღერებინებს. ერთი დამკვრელი ადგენს ფილენს; მეორე, - ტირცისს.
ფილენ. თუ ჩემის ნაღველის მოთქმითა,
ვარღვევ თქვენს მდუმარედ ყოფნასა,
ნუ მიწყენთ,