პირველი სურათი
(ბიბლიოთეკის შენობა, ადმინისტრაციის ერთ-ერთი ოთახი. ორი სამუშაო მაგიდა, კომპიუტერები, ტელეფონი.
ერთ-ერთ მაგიდასთან ელენე ზის და ტელეფონზე ლაპარაკობს.)
ელენე: ყოველ ერთ საათში დაგირეკავ და იცოდე, თუ არ დამხვდი! ნახავ, რა მოგივა! აი, გეუბნები!
ელენე: ზუსტადაც რომ მასეა. ჩათვალე, რომ დასჯილი ხარ.
ელენე: არაფერს არ ვაწვები. მე მინდა, რომ სულელურ ქცევებს თავი დაანებო, პირველ რიგში კი ტყუილები მოიშალო.
ელენე: ტყუიხარ! ტყუიხარ! ყოველ საეჭვო დაგვიანებისას მეუბნები, რომ დაჩისთან ერთად იყავი და სინამდვილეში ვინმე ლუკასთან ერთად დაიარები.
ელენე: სწორედაც რომ ვინმე ლუკასთან, რომლის არც ტელეფონი ვიცი, არც მშობლების ვინაობა. და საერთოდ, ტიპი არ მენახვება. რატომ არ მენახვება, ხომ არ იცი შემთხვევით...
ელენე: უბრალოდ მეგობრობთ, კი. ჭადრაკს ხომ არ თამაშობთ ხოლმე და თან სუფიზმზე საუბრობთ, ან თანამედროვე დასავლეთევროპულ პოეზიაზე... იქით დაჩი მეცოდება, ბავშვი აშკარად რაღაცას გრძნობს. იმას მაინც გაუიასნე, რომ აღარ იფიქროს შენზე. ნუ არა! არა! ამდენს მე ვეღარ ვუძლებ უკვე. აქამდე თავს ვიკავებდი, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს - მამაშენს უნდა ავუხსნა სიტუაცია და რამე მოიფიქროს.
ელენე: რატომაც ვერ ჩაწვდება. რა არის ეგ აგდებული ტონი...
ელენე: მშვენივრადაც გაიგებს იმას, რაც გასაგებია, მაგრამ შენს ორ პარალელურ თავგადასავალს ვერავინ ვერ ჩაწვდება დედამიწის ზურგზე, მამაშენიც კი. იმიტომ, რომ არანორმალურობაა.
(იღება კარი და შემოდის ქეთი. ჩუმად იხდის ქურთუკს და მადუღარას, ყავას და შაქარს იღებს კარადიდან.)
ელენე: მშვენივრად იცის ყველაფერი. 45 წლისად კი არ დაიბადა. თვითონაც იყო დაჩის ასაკის და, სხვათა შორის, არც თვითონ და არც მე არაფერი შეგვშლია და დღემდე ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობთ. და ეს მამაშენის დამსახურებაა ძირითადად. მოკლედ, აღარ მინდა ეს გარჩევები. საღამოს მოვალ და მოვუყვები. კაცია და ის უკეთესად მიხვდება, რა და როგორ.
ელენე: მაგასაც ვნახავთ, თათია. აი, მაგასაც ვნახავთ... წავედი.(დებს ყურმილს)
ქეთი: რას ეჩხუბები მაგ ბავშვს!..
ელენე: ვაიმე, ვეჩხუბები კი არა, გაცოფებული ვარ! გუშინ შუაღამემდე ვიყურყუტე ქუჩაში, ორი საათის მანძილზე მობილურს არ იღებდა…
ქეთი: ყავას ლაითს დალევ თუ ჩვეულებრივს...
ელენე: ლაითი მომიდუღე, ისედაც გული მაქვს აჩქარებული... ხოდა, შევდივარ სახლში და... მობრძანებულა!
ქეთი: სად ვიყავიო... (ქეთი მადუღარაში ყავას და შაქარს ყრის, ურევს)
ელენე: ორი ბანდიტი დამესხა თავს, აქ, სადღაც, გუდიაშვილის ძეგლთან... ბაღში მიმათრევდნენ, ვეწინააღმდეგებოდი და მობილურს ამიტომ ვერ ვუპასუხეო.
ქეთი: (ხმამაღლა კისკისებს) ბანდიტებიო? „ბანდიტებია ქალაქში“ (გამოჯავრებით ამბობს და ისევ იცინის) მერე, მერე?
ელენე: მერე რა, გავცოფდი, თმებიც მოვწიწკნე... ხო გესმის, რომ მატყუებს, იმიტომ. რაღაც ზღაპარს თხზავს. აზრზე ხარ?
ქეთი: და სინამდვილეში ალბათ დაჩისთან ერთად იყო, იგივე ბაღში, ან უფრო უღრან ბაღში, მაგალითად, ბოტანიკურში... და ბავშვები ჭკუაზე არ იყვნენ.
ელენე: აუ, დაჩისთან ერთად პრობლემა არა მაქვს, ხო იცი. მაგრამ ამ ბოლო დროს დაჩის პარალელურად გაჩნდა ვინმე ლუკა და ვერ გავრკვეულვარ, რა ხდება და საერთოდ, რა უნდა ჩემს შვილს...
ქეთი: (ყავას ასხამს, ერთ-ერთ ფინჯანს ელენეს მაგიდაზე დგამს, ერთს თავისაზე) მოიცა, მოიცა, პარალელურად რას ნიშნავს?
ელენე: რას და დაჩისთან ყველაფერი ძველებურადააო, ამბობს და ასეც ჩანს მათი ურთიერთობიდან გამომდინარე. მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ეს ლუკა და მასაც ასევე ხვდება.
ქეთი: მდაა... წესით მაგ ასაკში ამან დიდხანს არ უნდა გასტანოს.
ელენე: რამ არ უნდა გასტანოს...
ქეთი: მალე გაერკვევა და ერთ-ერთთან დარჩება. ალბათ!
ელენე: და რომ არ გაერკვეს? და რომ რაღაც მოხდეს ცუდი? თან მატყუებს, ლუკას მიმალავს, დაჩის კი თვალებში მთხრის.
ქეთი: ხო, აბა იმას ხომ არ გეტყვის, რომ ორშაბათ-ხუთშაბათს დაჩისთან ზასაობს და სამშაბათ-პარასკევს, რა ჰქვია იმას? ლუკასთან. და შაბათ-კვირას კიდევ, ღმერთმა იცის, ვინ ჰყავს ამოღებული მიზანში. (იცინის.)
ელენე: რა ვიცი, არ მჯერა. ზოგადად მესმის, მე ხო არა ვარ ისეთი დედა...
ქეთი: ისეთი ხარ, ისეთი! ზოგადად გესმის, კონკრეტულად კი - არა. საკუთარ თავს პატიობ, სხვას კი ვერა. მოკლედ, ბავშვს ცოტა ხანი აცალე, დაელაპარაკე სხვანაირად, შენებურად კივილ-წივილით კი არა. იქნებ რა უჭირს, იქნებ როგორ უნდა თვითონაც ჩამოყალიბდეს... და აქეთ კიდევ საკუთარ ამბებსაც მიხედე. ან შენს ქმართან განაახლე ნორმალური ურთიერთობა, ან იმ ლაშას შეეშვი. ხომ ხედავ, გინდა, მაგრამ ვერ ქაჩავ ორ ურთიერთობას.
ელენე: მშვენივრად ვქაჩავ. მაგრამ ასე ერთნაირად სად შემიძლია. საერთოდ კი, რაც ლაშა გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, გაგეცინება