პროლოგი
ქრისტეს ორმაგი ბუნება ჩემთვის მუდამ ღრმა, ამოუხსნელ საიდუმლოს წარმოადგენდა. უაღრესად ადამიანურმა და ამავდროულად, ზეადამიანურმა მისწრაფებამ – კაცი ღმერთს სწვდეს, ან უფრო უკეთ რომ ვთქვათ, დაბრუნდეს ღმერთში და მასთან გაიგივდეს, ამ მისწრაფებამ, რომელიც ასე იდუმალი და თან ძალიან ნამდვილია, ჩემში დიდი ჭრილობები გახსნა და ახალი წყაროები აღმოაცენა.
ჯერ კიდევ სიყმაწვილიდან მოყოლებული, ეს იყო ჩემი პირველყოფილი შფოთვა და აქედანვე იღებდა სათავეს ჩემი ყველა სიხარული თუ ტკივილი: განუწყვეტელი, უმოწყალო ჭიდილი ხორცსა და სულს შორის.
ჩემში იყო ყველა უძველესი ადამიანური და უფრო წინარე ბნელი ძალა ბოროტისა, ჩემშივე იყო დავანებული ყოველი უძველესი ადამიანური და უფრო წინარე ნათელი ძალა ღვთისა. ჩემი სული კი იყო ის ასპარეზი, სადაც ეს ორი ლაშქარი ერთმანეთს დაუნდობლად ერკინებოდა.
და იმთავითვე მაშფოთებდა ეს საფიქრალი: მიყვარდა ჩემი სხეული და არ მემეტებოდა დასაღუპად. ჩემი სულიც მიყვარდა და არ მინდოდა დაცემულიყო. და ამიტომაც ცდას არ ვაკლებდი, რომ ეს ორი მოქიშპე კოსმოგონიური ძალა ერთმანეთთან შემერიგებინა; ეგრძნოთ, მტრები კი არა, ერთმანეთის მოკეთენი რომ იყვნენ და მეც მეხარა მათი ჰარმონიით.
ყოველი ადამიანი ღმერთკაცია – ხორცი და სული. აი, ამიტომაა ქრისტეს საიდუმლო ზოგადსაკაცობრიო და არა მხოლოდ ერთი, კონკრეტული რელიგიის საიდუმლო. ყოველ ადამიანში იფეთქებს ხოლმე ჯანყი ღმერთსა და კაცს შორის და იმავდროულად, შერიგებისაკენ სწრაფვაც. მეტწილად, ასეთი დაპირისპირება გაუცნობიერებლად ხდება, მცირე ხანს გასტანს, რადგან უძლურ სულს არ ძალუძს დიდხანს გაუმკლავდეს ხორცს: თვითონაც მძიმდება, ხორცად იქცევა და ბრძოლაც იქ წყდება. მაგრამ ზნეობრივ ადამიანებში, რომელთაც გონება დღედაღამ უზენაესი ვალდებულებისკენ აქვთ დრეკილი, ხორცსა და სულს შორის ჭიდილი უმოწყალოდ იფეთქებს ხოლმე და შესაძლოა, სიკვდილამდეც კი გასტანოს.
რაც უფრო ძლიერია სული და ხორცი, მით უფრო შედეგიანია ეს ჭიდილი და საბოლოო ჰარმონიაც – სრულყოფილი. ღმერთს არ უყვარს უძლური სული და უღონო ხორცი. სულს სჭირდება ძლიერი, ამბოხით აღსავსე მოპაექრე: სული მტაცებელი ფრინველია, განუწყვეტლივ ხორცს ეტანება, ჭამს მას და იმით ანადგურებს, რომ იმსგავსებს ხოლმე.
ჭიდილი ხორცსა და სულს შორის, ამბოხი და აჯანყება, დაზავება და მორჩილება, დაბოლოს, ამ ჭიდილის უზენაესი მიზანი, ზიარება ღმერთთან – აი, ის აღმართი, რომელსაც ქრისტე დაადგა, ჩვენც მოგვიწოდებს იმ გზას მივსდიოთ და მის სისხლიან ნაფეხურებს მივყვეთ.
მაგრამ როგორ უნდა ვიაროთ იმ უმაღლესი მწვერვალისაკენ, რომელსაც მხოლოდშობილმა ძემ, მხსნელმა ქრისტემ მიაღწია? – აი, ეს არის მთავარი კითხვა და უზენაესი ვალდებულება მებრძოლი ადამიანისა.
რომ შევძლოთ და მივსდიოთ ქრისტეს, აუცილებელია გავისიგრძეგანოთ მისი ბრძოლა, განვიცადოთ მისი შფოთვანი, თუ ვით სძლია მიწის აყვავებული მახეები, თუ ვით გაიღო მსხვერპლად ადამიანის დიდი და მცირე სიამენი და, მსხვერპლიდან მსხვერპლამდე, ღვაწლიდან ღვაწლამდე, როგორ ავიდა წვრთნის მწვერვალზე – ჯვარზე.
არასდროს მივყოლივარ ამგვარი შიშით მის სისხლიან გზას გოლგოთამდე, არასდროს განმიცდია იმგვარი სიმძაფრით, თანაგრძნობითა და სიყვარულით ქრისტეს ცხოვრება და ვნებანი, როგორც იმ დღეებსა და ღამეებში, როდესაც „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას“ ვწერდი. ადამიანის შფოთვებისა და დიდი იმედის ამ აღსარების წერამ ისე შემძრა, რომ თვალები ცრემლით მევსებოდა: მანამდე არასდროს მიგრძნია ამგვარი სიტკბოებითა და ტკივილით, თუ ვით ეცემა წვეთწვეთობით ჩემს გულს ქრისტეს სისხლი.
რადგანაც ქრისტემ იმისათვის, რომ ასულიყო მსხვერპლის გაღების მწვერვალზე – ჯვარზე, უარყოფის მწვერვალზე – ღმერთთან, განვლო ყველა ის ეტაპი, რომელსაც მებრძოლი ადამიანი გადის ცხოვრების განმავლობაში. უკლებლივ ყველა ეტაპი განვლო და ამიტომაცაა მისი ტკივილი ჩვენთვის ესოდენ ახლობელი და მისი საბოლოო გამარჯვებაც ჩვენს საკუთარ, მომავალ გამარჯვებად მიგვაჩნია. რაც კი ღრმად ადამიანური ახასიათებდა ქრისტეს – გვეხმარება, რათა გავუგოთ, გვიყვარდეს და მივყვეთ მის ვნებებს ისე, როგორც საკუთარ ვნებებს. რომ არ ყოფილიყო მასში ცხოველმყოფელი, ადამიანური ნიშან-თვისებანი, ვერასდროს შეძლებდა ასე დამაჯერებლად და ფაქიზად შეხებოდა ჩვენს გულს; და ვერ შეძლებდა ცხოვრების მაგალითად დაგვსახოდა. ჩვენ ვიბრძვით და ვხედავთ, რომ ისიც ჩვენთან ერთად იბრძვის და მხნეობას გვმატებს: ვხედავთ, რომ არ ვართ მარტოდმარტონი სამყაროში...
ქრისტეს ყოველი წუთი ბრძოლა და გამარჯვებაა. მან გაიმარჯვა უბრალო, ადამიანურ სიამეთა დაუმარცხებელ ხიბლზე, სძლია ცდუნებებს, სრულად გარდაქმნა ხორცი სულად და აღმართს დაადგა: მიაღწია გოლგოთის მწვერვალს და ჯვარს ეცვა.
მაგრამ ბრძოლა იქ არ დასრულებულა: მას, ჯვარზე გაკრულს, ცდუნება ელოდა, უკანასკნელი ცდუნება – ჯვარცმულის გულწასული თვალების წინაშე ძლიერ ელვასავით სტყორცნა ბოროტმა სულმა ნეტარების მოჩვენებითი ხედი, ბედნიერი ცხოვრების ილუზია: მოეჩვენა,