ვინ იყო მადამ ბოვარი? ლიტერატურის ისტორიაში ძალზე იშვიათია შემთხვევა, როდესაც მწერალს პირველივე ნაწარმოებით საყოველთაოდ აღიარებენ. ასეთია გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“, რომლის მთავარი გმირი, ფერმერის ქალიშვილი, მონასტერში აღზრდამიღებული ემა რუო, რომანტიკული იდეებით იკვებება და საკუთარი ფანტაზიებით ცხოვრობს - მიისწრაფვის „საკუთარი სიმართლის“ განხორციელებისკენ. გათხოვდა რა პროვინციელ უნიჭო ექიმზე, ცოლ-ქმრული ცხოვრება მისთვის დამამცირებელი აღმოჩნდა. თითქოს ბედიც დასცინოდა ემას. რა იყო ეს? რატომ თვლიდა ემა ქმრის ოჯახს მოსაწყენად? რატომ ვერ შეამჩნია ქმარმა, როდესაც იგი პირველივე პროფესიონალ მექალთანეს გადაეყარა? რატომ გააბრუა ემა მისმა ჰაეროვანმა ფრაზებმა? რატომ ჩაეშვა ცხოვრების ჭაობში? რატომ ვერ აიცილა მოსალოდნელი კატასტროფა? რატომ არ მოსწონდა ყალბი გრძნობებითა და ყალბი პოეტურობით შეპყრობილ მადამ ბოვარს გარემომცველი საზოგადოება? რატომ დაასრულა თავისი სიცოცხლე თვითმკვლელობით? რა იყო ბოვარის ოჯახის განადგურების მიზეზი?
ამ კითხვებზე პასუხებს მკითხველი სტრიქონებს შორის თავად ამოიკითხავს და ჩვენი ცხოვრების მარადიულ თემებზე დააფიქრებს. ემას სწრაფვას ზოგი „ადამიანურობის იდეალებთან სიახლოვედ“, ზოგი „ფაუსტისებურ შფოთვად“ მიიჩნევს. კამათი ამ რომანის ირგვლივ, რომელიც ამომწურავად აღწერს ქალისა და სოციუმის პრობლემებს, დღემდე გრძელდება. გუსტავ ფლობერის გენიალობაც სწორედ იმაშია, რომ ბოვარიზმი დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მის ეპოქაში (მთარგმნელი).