შესავალი არაერთხელ მოვიწადინე, დამეწერა ცხოვრება ალექსის ზორბასისა, ერთი მშრომელი ბერიკაცისა, რომელმაც ძლიერ შემაყვარა თავი.
ცხოვრებაში ყველაზე მეტად მოგზაურობები და ოცნებები დამეხმარა. ადამიანთაგან, ცოცხალთა თუ გარდაცვლილთაგან, ძალიან ცოტა შემეწია ბედთან ჭიდილში. თუმცა, რომ მომენდომებინა და მათ შორის ისინი გამომერჩია, რომლებმაც ჩემს სულზე ღრმა კვალი დატოვეს, ოთხიოდეს თუ დავასახელებდი: ჰომეროსს, ბერგსონს, ნიცშესა და ზორბასს.
პირველი ჩემთვის მზის ნათელი დისკოს დარი აღმოჩნდა, რომელიც ყოველივეს თავისი ბრწყინვალებით ასხივოსნებს; ბერგსონმა ყმაწვილკაცობის თანამდევი მტანჯველი, დაუძლეველი ფილოსოფიური შფოთვა შემიმცირა; ნიცშემ სხვაგვარად ამიფორიაქა გული და უბედურების, მწუხარების, მერყეობის სიამაყედ გარდაქმნაში დამეხმარა; ზორბასმა კი სიცოცხლის სიყვარული და სიკვდილის შიში მასწავლა.
დღეს რომ ამერჩია სულიერი წინამძღოლი, "გურუ", როგორც მას ინდოელები ეძახიან, ანდა "მოძღვარი", როგორც მას წმინდა მთის ბერები უწოდებენ, ნამდვილად ზორბასს ავირჩევდი.
მას ჰქონდა ყველაფერი, რაც განსწავლულს გადასარჩენად სჭირდება: უნარი, ყოველ დილას მიამიტურად, ახლებურად შეეხედა ჩვეული გარემომცველი სამყაროსთვის: ჰაერისთვის, ზღვისთვის, ცეცხლისთვის, ქალისთვის, პურისთვის; სანდო ხელი, ჭაბუკური გული, საკუთარი თავის დაცინვის გამბედაობა, თითქოს რაღაც სულზე მაღლა მდგომი ძალა მართავდა, დაბოლოს - თავაწყვეტილი სიცილი, რომელიც ადამიანის გულგვამზე გაცილებით ღრმა წყაროდან ამოსდიოდა და უკიდურესი დაძაბულობისას ზორბასის მკერდიდან მის გამოსახსნელად ამოხეთქდა ხოლმე; ამოხეთქილს შეეძლო დაენგრია და ანგრევდა კიდეც ყოველგვარ წინაღობას: მორალს, რელიგიას, სამშობლოს, რომლებსაც ბეჩავი, ლაჩარი ადამიანი გარს შემოირტყამს, რათა ცხოვრება უშფოთველად გალიოს.
როცა ვიხსენებ, ამდენი წლის განმავლობაში დამშეული სულის დასანაყრებლად წიგნები და მასწავლებლები რით მასაზრდოებდნენ და სულ რამდენიმე თვეში ზორბასმა რა ლომის ტვინით გამომკვება, გულისწყრომასა და კაეშანს ძლივს ვერევი. ისე მოხდა, რომ ჩემმა ცხოვრებამ ამაოდ ჩაიარა; ძალიან გვიან გადავეყარე ამ "მოძღვარს" და ის, რის გადარჩენაც ჩემში ჯერ კიდევ შეიძლებოდა, მეტისმეტად უმნიშვნელო აღმოჩნდა. უმნიშვნელოვანესი ცვლილება, სრული გარდატეხა - "აალება" და "განახლება" - არ მოხდა. უკვე ძალიან გვიან იყო. ამგვარად, იმის ნაცვლად, რომ ზორბასი ჩემთვის ცხოვრების უმთავრეს მაგალითად ქცეულიყო, სავალალოდ, იქამდე დაეშვა, რომ ლიტერატურულ გმირად იქცა და თაბახის რამდენიმე ფურცლის დასვრის საშუალება მომცა.
ცხოვრების ხელოვნებად ქცევის ამ სამწუხარო თვისებას ბევრი მებრძოლი სული დაღუპვისკენ მიჰყავს. ამგვარად ძლიერი ვნება გამოსასვლელს აგნებს, მკერდიდან გამოდის და სული შვებას პოულობს, აღარ იგუდება, სხეული აღარ გრძნობს ბრძოლის, ცხოვრებასა და მოქმედებაში ჩარევის აუცილებლობას. უხარია და ამაყობს, რომ ეს ძლიერი ვნება ჰაერში იფანტება და ქრება.
არა მარტო უხარია, არამედ ამაყობს კიდეც; ჰგონია, რომ დიად საქმეს აღასრულებს, ეფემერულ წამს - ერთადერთს უსაზღვრო დროში, რომელსაც სხეული და სისხლი გააჩნია - თითქოს მარადისობად გარდასახავს. ასე იქცა ხორცითა და ძვლებით სავსე ზორბასი ჩემს ხელში მელნად და ქაღალდად. ეს ჩემდა უნებურად მოხდა. მე სრულიად საპირისპირო რამ მწადდა. ჩემში ზორბასის მითმა კარგა ხანია დაიწყო ჩამოყალიბება. შინაგანი იდუმალი გადამუშავებისას თავიდან მუსიკით მოგვრილი მღელვარება, აღგზნებული ტკბობა და უკმაყოფილება დამეუფლა, თითქოს ჩემს სისხლში უცხო სხეული შემოიჭრა და ორგანიზმი მისი დამორჩილების, მონელებისა და განადგურებისთვის იბრძოდა. მალევე სიტყვებმა ამ ბირთვის გარშემო დაიწყო თავმოყრა, გარსში მოაქცია და ჩანასახივით გამოკვება. დაბინდულმა მოგონებებმა სიცხადე შეიძინა, ფსკერზე დაშვებული სიხარული და მწუხარება ზედაპირზე ამოვიდა, ცხოვრება მსუბუქ ნიავად გარდაიქმნა, ზორბასი კი ზღაპრად გადაიქცა.
ჯერ არ ვიცოდი, ზორბასის ამ ზღაპრისთვის რა ფორმა მიმეცა: რომანის, სიმღერის, ჰალიმას ჩახლართული ფანტასტიკური მოთხრობის თუ მშრალად გადმომეცა კრეტის სანაპიროზე გამართული დიალოგები.
კრეტაზე ვცხოვრობდით და ვითომდა მურა ნახშირს მოვიპოვებდით. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ეს ხალხისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად მარჯვე საშუალება იყო; თავად კი ერთი სული გვქონდა, მზე ჩასულიყო, რომ მუშებს სამუშაო დაესრულებინათ, ორივენი ქვიშაზე გავშხლართულიყავით, გემრიელი სოფლური საჭმელი გვეჭამა, მჟავე კრეტული ღვინო დაგველია და გვებაასა.
მე უმეტესად ვდუმდი; "ინტელიგენტმა" დრაკონს რა უნდა უთხრას? ვუსმენდი ოლიმპოსზე მდებარე თავისი სოფლის, თოვლის, მგლების, აჯანყებულების, აია-სოფიის, მურა ნახშირის, მაგნეზიტის, ქალების, ღმერთის, სამშობლოსა და სიკვდილის ამბებს. როცა სული ეხუთებოდა და სიტყვები აღარ ჰყოფნიდა, ერთბაშად წამოიჭრებოდა ხოლმე და სანაპიროს მსხვილ კენჭებზე ცეკვას იწყებდა.
აწოწილი, გაძვალტყავებული, უკან თავგადაგდებული, ჩიტივით წვრილთვალება მოხუცი ცეკვავდა, ყვიროდა, დიდრონ ტერფებს ნაპირს ურტყამდა და ზღვის წყალს სახეზე მასხურებდა.
მისი ხმისთვის ყური რომ მეგდო - ხმისთვის კი არა, შეძახილისთვის - ჩემი ცხოვრება ღირებულებას შეიძენდა; სისხლსავსე ცხოვრებით ვიცხოვრებდი, ახლა კი ჰაშიშით გაბრუებულივით ფიქრებში ჩაძირული ვმოქმედებ.
მაგრამ ვერ გავბედე. ვუყურებდი ზორბასს, რომელიც ცეკვავდა, ჭიხვინებდა და მიხმობდა, კეთილგონიერებისა და წეს-ჩვეულების მყუდრო ბაკნიდან გამოვსულიყავი და