ნაწილი პირველი
I
გაკვეთილზე ვიყავით, როცა დირექტორი შემოვიდა. მას თან შემოჰყვნენ სადად ჩაცმული ერთი ახალბედა და მოსამსახურე, რომელსაც დიდი მერხი მოჰქონდა. ვინც თვლემდა, მყის გამოფხიზლდა და ისე წამოხტა, თითქოს მუშაობაში ხელი შეუშალესო.
დირექტორმა გვანიშნა, დასხედითო. მერე კლასის დამრიგებელს მიუბრუნდა:
- ბატონო როჟე, - მიმართა დირექტორმა დაბალი ხმით, - აი, წარმოგიდგენთ ამ მოწაფეს. მეხუთე კლასში შემოდის, თუ მეცადინეობითა და ყოფაქცევით დაიმსახურებს, უფროს კლასში გადავა, რაც მის ასაკს კიდევაც შეეფერება.
ახალბედა კუთხეში იდგა, კარს უკან, ისე, რომ ძლივს ჩანდა. სოფლის ბიჭი იყო, თხუთმეტიოდე წლისა, ტანით ყველა ჩვენგანზე უფრო მაღალი. თმა, სოფლის მგალობელივით, შუბლზე სწორად ჰქონდა შეკრეჭილი. თავი კარგად ეჭირა, მიუხედავად იმისა, რომ დარცხვენილი ჩანდა. მხარბეჭიანი არ იყო, მაგრამ მწვანე მაუდის შავღილებიანი ქურთუკი, ეტყობა, იღლიებში უჭერდა, რის გამოც სახელოებიდან ხელთათმანს მიუჩვეველი დაწითლებული ხელები გამოსჩროდა. აჭიმებით ძალზე აქაჩული მოყვითალო შარვლის ტოტებიდან ლურჯი წინდები უჩანდა. ფეხთ ეცვა მაგარი, ლურსმნით მოჭედილი და ცუდად გაწმენდილი ფეხსაცმელი.
დაიწყო გამოძახება. ახალბედა ისეთ გულისყურს იჩენდა, თითქოს ქადაგებას უსმენსო. ვერ გაებედა ვერც ფეხზე ფეხის გადადება, ვერც იდაყვებზე დაყრდნობა და როცა ორ საათზე ზარი დაირეკა, დამრიგებელი იძულებული შეიქნა, შეეხსენებინა, რომ ისიც ჩვენთან ერთად რიგში ჩამდგარიყო.
ჩვეულებად გვქონდა, კლასში შესვლისას ქუდები ძირს დაგვეყარა, რომ ხელები თავისუფალი გვქონოდა. ზღურბლიდანვე ქუდი კედლისთვის ისე უნდა მიგვენარცხებინა, რომ მერხქვეშ შევარდნილიყო და ამასთან, მტვრის ბუღიც დაგვეყენებინა. აი, ბიჭობა ეს იყო!
ახალბედამ ან ვერ შეამჩნია ეს ოინი, ან ვერ გაბედა მოებაძა და როცა ლოცვა გათავდა, თავისი ქუდი ისევ მუხლებზე ედო. ეს იყო მეტად უცნაური რამ: დათვის ტყავისა და წავის ბეწვის, ქვაბქუდასა და თივთიკის ქუდების ნაზავი. ერთი სიტყვით, უხეირო რამ, რომლის უტყვი სიმახინჯე ისე ღრმად მეტყველია, ვით სულელის სახე. ოვალური, ვეშაპის ულვაშზე გადაჭიმული, სამი კუპატივით მსხვილი ქსოვილის რგოლით იწყებოდა. შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებოდა ხავერდისა და კურდღლის ბეწვის რომბები. მათ ზემოთ ჩამოკონწიალებულიყო ტომსიკისებური რაღაც, რაც მრავალკუთხოვანი მუყაოთი გვირგვინდებოდა. ეს უკანასკნელი ბარაქიანად იყო გაწყობილი ყაითნით, ხოლო წვერზე მეტად წვრილ და გრძელ თასმაზე ოქრომკედით ნასკვენი ფუნჯი ეკიდა. ქუდი ახალთახალი იყო, წინაფრა უბრწყინავდა.
- ადექით! - უთხრა მასწავლებელმა.
იგი ადგა. ქუდი დაუვარდა, მთელ კლასს სიცილი აუტყდა. ასაღებად რომ დაიხარა, მეზობელმა იდაყვი გაჰკრა და ქუდი დააგდებინა. კვლავ დაიხარა და აიღო.
- თავი დაანებეთ მაგ თქვენს მუზარადს, - უთხრა მასწავლებელმა, რომელიც ხუმარა კაცი იყო.
მოწაფეებში ისეთი გამაყრუებელი ხარხარი ატყდა, რომ საბრალო ბიჭი მთლად დაიბნა, - აღარ იცოდა, ქუდი ხელში დაეჭირა, ძირს დაეგდო თუ თავზე დაეხურა. დაჯდა და მუხლზე დაიდო.
- ადექით, - გაუმეორა მასწავლებელმა, - და მითხარით, რა გვარი ხართ.
ახალბედამ რაღაც გაუგებარი გვარი წაიბურტყუნა.
- გაიმეორეთ!
გაისმა ისეთივე გაუგებარი ბურტყუნი, რაც კლასის ღრიანცელმა ჩაახშო.
- ხმამაღლა, - მიაძახა მასწავლებელმა, - ხმამაღლა!
მაშინ ახალგაზრდამ უკიდურესი გადაწყვეტილება მიიღო, პირი უზომოდ დააღო და ისე დაიყვირა, თითქოს ვინმეს ეძახისო:
- შარბოვარი!
შეიქნა ერთი ღრიანცელი, წივილ-კივილმა მწვერვალს მიაღწია, მერე კი გამყივან ხმებად დაიფრქვა (ღრიალებდნენ, ყეფდნენ, ფეხებს აბარტყუნებდნენ, გაჰკიოდნენ: „შარბოვარი! შარბოვარი!“). ღრიანცელი ხან ოდნავ მიწყდებოდა, ხან უეცრად აქა-იქ იფეთქებდა, ვით ცუდად ჩამქრალი პეტარდა, მაგრამ საჯარიმო ამოცანათა სიუხვის წყალობით წესრიგი ნელ-ნელა აღდგა და მასწავლებელმა, რაკი შარლ ბოვარის გვარ-სახელი გაიგო, მარცვალ-მარცვალ აკარნახებინა და გაამეორებინა, მერე საბრალო ბიჭს უბრძანა, წადი, ზარმაცების მერხზე დაჯექი, კათედრასთანო. იგიც დაიძრა, მაგრამ სანამ წავიდოდა, შეყოყმანდა.
- რას ეძებთ? - ჰკითხა მასწავლებელმა.
- ჩემს ქუდს... - გაუბედავად მიუგო ახალბედამ და შეშფოთებით მიმოიხედა.
- ხუთასი სტრიქონი ლექსი მთელ კლასს! - ამ მრისხანე შეძახილმა Quos ego -სავით ერთბაშად შეაჩერა ახალი ალიაქოთი.
- დაწყნარდით-მეთქი, - განაგრძობდა გაჯავრებული მასწავლებელი და ცხვირსახოცით სახეს იწმენდდა, - თქვენ კი, ახალბედავ, ოცჯერ დამიწერთ ზმნას რვეულში ridiculus sum, შემდეგ კი უფრო მომლბალმა დაუმატა:
- იმ თქვენს ქუდს კი იპოვით, არავის მოუპარავს!
ყველაფერი მიწყნარდა. თავები საწერზე დაიხარა და ახალბედაც ორი საათის განმავლობაში სამაგალითოდ იჯდა, თუმცა ნაღეჭი ქაღალდის გორგალი, კალმის წვერზე წამოგებული და გასროლილი, სახეზე ეკვრებოდა, მაგრამ მხოლოდ ხელით იწმენდდა და უძრავად იჯდა, თვალდახრილი.
საღამოს, მეცადინეობისას, მერხიდან გამოიღო სამკლავურები, საკუთარი წვრილმანი ნივთებიც დაალაგა და გულმოდგინედ დახაზა ქაღალდი. ვხედავდით, რა ბეჯითად მუშაობდა, თითოეულ სიტყვას ლექსიკონში ეძებდა და ალბათ, დიდ შრომას ანდომებდა. ამ ბეჯითობის