*** ნიკოს კაზანძაკისი (1883-1957) მიეკუთვნება იმ ავტორთა რიგს, რომელთა შემოქმედება ეროვნულ ფარგლებს გასცდა და მთელი კაცობრიობის კუთვნილება გახდა. მისი ნაწარმოებები მრავალ ენაზე ითარგმნა, მათ საფუძველზე ბევრი თეატრალური დადგმა თუ ფილმი შეიქმნა.
ქართველი მკითხველისათვის ცნობილია კაზანძაკისის რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის ფილოსოფიური ტრაქტატი „ასკეზა“ და რომანები: „აღსარება გრეკოსთან“, „გველი და შროშანი“ (მთარგმნელი თამარ მესხი), „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (მთარგმნელი თათია მთვარელიძე), „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“, „ალექსის ზორბასის ცხოვრება“, „ღვთის გლახა“ (მთარგმნელი მაია კაკაშვილი).
კაზანძაკისის შემოქმედება მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მისი ინტერესის მიღმა არ დარჩენილა თითქმის არც ერთი ლიტერატურული ჟანრი: პოეზია, პროზა, დრამა, ფილოსოფიური ტრაქტატები, პუბლიცისტური წერილები, თარგმანები, საბავშვო ლიტერატურა – აი, მცირე ჩამონათვალი მისი შემოქმედებისა. ნიკოს კაზანძაკისის არაერთგვაროვანი მსოფლმხედველობა ყოველთვის ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს იწვევდა, მეცნიერები და მკვლევრები ან ზედმეტად აქებდნენ მის ნაწარმოებებს, ან პირიქით.
პოპულარობა ნიკოს კაზანძაკისს ცხოვრების უკანასკნელ წლებში დაწერილმა რომანებმა მოუტანა. ზუსტად მათ შორისაა „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“, რომელშიც ასახულია მცირე აზიის კატასტროფის (1922 წ.) წინა პერიოდი. აღნიშნული ისტორიული რეალია მწერალს ფონად აქვს გამოყენებული თავისი გმირების ფსიქოლოგიური სამყაროს საჩვენებლად და სიუჟეტის გადმოსაცემად. ნაწარმოებში ასევე გავლებულია პარალელები უფლის დროინდელ იუდეის ამბებთან. ბერძენი კრიტიკოსის, გიორგიოს სტამატიუს, აზრით: „...მთელი ეს უზარმაზარი სცენა მრავალფეროვანი ეპიზოდებით მწერლის მიერაა დადგმული, რათა გვიჩვენოს, რომ ქრისტე ადამიანების გულებში კი არ აღდგა, არამედ ამ უსამართლობით სავსე სამყაროში ყოველდღე ჯვარს ეცმის...“
ქართველი მკითხველისათვის ეს ნაწარმოები იმითაც არის საინტერესო, რომ მასში საქართველოა ნახსენები. ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი სიკვდილის წინ, როცა მისი გონებიდან ყველა მოგონება ქრება, საქართველოს იხსენებს, კერძოდ კი, ბათუმში გატარებულ ერთ დღეს. აღნიშნული ნაწყვეტი მეტყველებს ავტორის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნისადმი, რაც ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კაზანძაკისმა საქართველოში სამჯერ იმოგზაურა და მას არაერთი ქართველი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, გიორგი ლეონიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე.
ნიკოს კაზანძაკისის ენა საკმაოდ მდიდარია და მთელი რიგი თავისებურებებით გამოირჩევა. ავტორი იყენებს იდიომურ გამოთქმებს, დიალექტურ ფორმებს და ქმნის ახალ სიტყვებს. წინამდებარე თარგმანში შეძლებისდაგვარად შენარჩუნებულია კაზანძაკისის ენის თავისებურებანი.
სვეტლანა ბერიკაშვილი