თავისუფლება
თავისუფლება - მახვილია,
რომელსაც სჭედენ უმთვარო ღამეებში.
ო, ბასრი, ბასრი მახვილია თავისუფლება.
ის ჰკვეთს ბორკილს და ჭრის ქარიშხლებს,
ის ჰკვეთს ბნელს და ანათებს ნათელს,
ის ჰკვეთს ზღვებს და გზას აგენს ოკეანეში...
მაგრამ ის არავის არ ათავისუფლებს.
ის თავად არის თავისუფლება.
ის თავად არის თავისუფლება,
რადგან ვერ გაგათავისუფლებს ვერავინ
და ვერც ვერავინ წაგართმევს თავისუფლებას, -
ეგ მეფეების და მონების მოგონილია.
ადამიანი შეიძლება იყო ლამაზი და დამახინჯდე დროთა განმავლობაში,
შეიძლება იყო ჭკვიანი და უცებ გამოსულელდე,
შეიძლება იყო მეფე და მონა გახდე,
ანდა პირიქით,
მაგრამ შეუძლებელია იყო თავისუფალი
და უცებ დაკარგო იგი.
ეგეც მონების და მეფეების მოგონილია!
და კიდევ უფრო დიდი მონაგმახია -
იყო თავისუფალი სანახევროდ,
ან იდგე თავისუფლების მოპოვების გზაზე...
მონას შეუძლია აიღოს იარაღი
და მოკლას თავისი ბატონი,
გააუპატიუროს იმისი ცოლი,
ლოგინში გახოცოს იმისი დაძინებული შვილები,
ცეცხლს მისცეს მისი საცხოვრისი
და ცხენები და სხვა მონები ერთად გამოწვას,
მონას შეუძლია დაჰყაროს იარაღი,
გადმოფინოს თეთრი დროშა,
დაიბორკოს კისერი და თავი დაღუნოს,
ალოკოს საკუთარი ფურთხი და თანამოძმის დაღვრილი სისხლი,
ფეხით გათელოს იმათი გვამები
და მათი აგრდილები წყევლა-კრულვით მოიხსენიოს,
ბოლოს და ბოლოს, მონას შეუძლია დაიღუპოს იარაღით ხელში
და, სხვათა შორის, დაიღუპოს ვაჟკაცურად,
მაგრამ მონა ვერასოდეს გახდება თავისუფალი,
რადგან თავისუფლება იარაღით არ მოიპოვება.
და, მით უმეტეს, იარაღით არ წაირთმევა თავისუფლება,
რადგან თავისუფლება არ არის საგუქარი,
რომლითაც ბედისწერა აჯილდოებს ადამიანებს, ან ერებს, ან სახელმწიფოებს;
თავისუფლება არ არის პური, არც წყალი, არც ჰაერი, არც სასწაული;
თავისუფლება არ არის ღვთის სიტყვა,
რომელსაც ყველა ისე იგებს,
როგორც თავად სურს;
თავისუფლება არ არის ბუნების
საყოველთაო კანონი, არც მოთხოვნილება;
თავისუფლება არ არის არც ბედნიერება,
არც უბედურება;
თავისუფლება არ არის არც ფუფუნება,
არც უკანასკნელი ტყვია
და, ღმერთმა დაიფაროს, თავისუფლება
არ არის საღეჭი რეზინა,
რომელსაც აძლევენ პატარა ბავშვებს,
რომ აღარ იტიროს,
როდესაც სტკივა...
თავისუფლება - მახვილია,
ცივ და უმთვარო ღამეებში გამოჭედილი.
იმას სჭედენ პირქუში ადამიანები.
ბნელ, ბნელ ღამეებში სჭედენ ისინი.
ისინი ლოცულობენ გაუთენებელ ღამეებში,
იმათ გაოფლილ მკლავებზე შიშხინით ქრებიან ცეცხლის ნაპერწკლები,
იმათმა უხეშმა ხელებმა არ იციან, რა არის დაღლა,
დუმან იმათი მოკუმული ბაგეები.
ისინი კვდებიან ცივ და უმთვარო ღამეებში,
გაუთენებელ ღამეებში კვდებიან ისინი,
ისინი კვდებიან მზის სხივების დაუნახავად
და გამოჭედილ მახვილს დაუბადებელ შვილებს უანდერძებენ.
ხოლო შვილები იბადებიან თავისუფლები
და კვდებიან თავისუფლები.
ჰო, ბასრი, ბასრი მახვილია თავისუფლება.
იგი არ გადაიცემა ხელიდან ხელში,
იგი არ გაიტანება კუბოში.
ის მუდამჟამს იჭედება ბნელ და უმთვარო ღამეებში.
ო, რამდენს უგრძვნია ძარღვებში ძალა - ქალაქების დამაქცევარი,
რამდენს გაუშვერია მისკენ თითები -
რკინის ნებისყოფით აუცახცახებელი,
ო, რამდენი გაუპია იმას შუაზე
და მისი ლეში მიუგდია ტურებისათვის.
ო, რამდენი დაჰგებია იმას ზედ -
ბედისწერით გათამამებული და ატანილი...
ბასრი, ბასრი, ბასრი მახვილია თავისუფლება.
მასზე ეგებიან მტრები და ეგებიან მოყვარეები.
მასზე ეგებიან მონები და ეგებიან მეფეები.
მასზე ეგებიან ლაგრები და ეგებიან უშიშრები.
მასზე ეგებიან ხორციელნი და ეგებიან უხორცონი.
იმას არ ატყვია არავის სისხლი.
იმას ვერ აჯადოებს ვერავის გრძნეულება.
ის აპობს ჰაერს და აპობს ქარიშხლებს.
ის აპობს ზღვებს და აპობს კოსმოსს,
საიდანაც ცვივიან კუდიანი კომეტები და მეტეორები.
ის გამოჭედილია ბნელ და უმთვარო ღამეებში.
ის ბრწინავს სამყაროს სიბნელეში
და ანათებს სამყაროს.
მისგან ინგრევიან კოშკები და ქალაქები,
მისგან იფშვნებიან პირამიდები
და იშლებიან მთები,
მისგან ირყევა დედამიწა
და ქვესკნელს ხეთქავს ჯურღმულებში დაუტეველი შეგვენება
და ცეცხლი ედება ჰაერს, წყალს, მოგვენებებს, სიზმრებს, ვარსკვლავებს.
მილიონობით გვამი ყრია ქუგებში, უდაბნოებში, ყინულებში.
მილიონობით გვამი კიდია დანახშირებულ ხეებზე, დანახშირებულ ცათამბჯენებზე,
დანახშირებულ ანძებზე.
მილიონობით გვამი ტივტივებს მდინარეებში, ტბებში, ოკეანეებში.
მილიონობით გვამი ამოდის წიაღიდან,
მილიონობით გვამი იშვერს დაგონგხილ ხელებს ზეცისკენ,
მილიონობით გვამი გარბის ცეცხლისაგან,
მილიონობით გვამი იხრუკება და სკდება ცეცხლში
და მათი დახეთქილი ძვლები ცვივა აქეთ-იქით
და მათი ფერფლით ინამქრება მარადისობა.
მახვილი ბრწყინავს სამყაროს სიბნელეში,
მახვილი ანათებს ცას, ანათებს მთვარეს, ანათებს ვარსკვლავებს
და რაშები ფლოქვებს სცემენ გასასტიკებულ დედამიწას,
დედინაცვლად ქცეულ დედამიწას.
ვინ მოუსინჯავს თითებით ფხას ამ მახვილს?
ვინ დაიურვებს მას?
ვინ ამოიკითხავს მის ვადაზე ამოკვეთილ უცნობ ასოებს?