ფარია მოქმედი პირები
ბატონი X, არქეოლოგი, საშუალო ასაკის მამაკაცი
ბატონი Y, სტუმარი ამერიკიდან, საშუალო ასაკის მამაკაცი
სცენა
(მარტივად მოწყობილი ოთახი სოფლის სახლში. კარი და ფანჯრები მიდამოს გაჰყურებს. ოთახის შუაზე დგას დიდი სასადილო მაგიდა, რომლის ერთ ბოლოში წიგნები, ქაღალდები და ძველებური ნივთები აწყვია; მეორე ბოლოში - მიკროსკოპი, ყუთები მწერებისთვის და სპირტიანი ქილები. მარცხნივ კარადაა. სხვა ავეჯი წარმატებული ფერმერის საცხოვრისზე მეტყველებს)
(ბატონი Y შემოდის, პერანგი აცვია, უჭირავს პეპლების საჭერი და ბოტანიკური ქილა. პირდაპირ წიგნების კარადისკენ მიდის, იღებს წიგნს და იქვე იწყებს კითხვას)
(ლანდშაფტი და ოთახი მზითაა განათებული. ეკლესიის ზარების ხმა გვაუწყებს, რომ დილის ღვთისმსახურება დასრულებულია. დროდადრო ქათმების კრიახი გაისმის)
(შემოდის ბატონი X, მასაც ასევე პერანგი აცვია)
(ბატონი Y უეცრად წამოდგება, წიგნს უკუღმა დებს თაროზე და თავს აჩვენებს, თითქოს მეორეს ეძებდეს)
ბატონი X. საშინელი სიცხეა, ალბათ გრიგალი იქნება.
ბატონი Y. რატომ ფიქრობ ასე?
ბატონი X. ზარს მშრალი ხმა აქვს, ბუზები იკბინებიან და ქათმები კრიახებენ. სათევზაოდ მინდოდა წასვლა, მაგრამ ერთი ჭიაც ვერ ვიპოვე. ეს შენს ნერვებზე არ მოქმედებს?
ბატონი Y. (დაფიქრებით) ჩემზე? ოდნავ.
ბატონი X. თუმცა, შენ ყოველთვის ისე გამოიყურები, თითქოს ეს-ესაა გრიგალი უნდა ამოვარდესო.
ბატონი Y. (დამფრთხალი) ნუთუ?
ბატონი X. შენ ხვალ მიდიხარ და სულაც არ არის გასაკვირი, რომ უკვე სამგზავრო განწყობაზე ხარ. ახალი რა იცი? ო, ფოსტა მოსულა! (მაგიდიდან რამდენიმე წერილს იღებს) იცი, ყოველთვის გული მიცემს, როცა წერილს ვხსნი! ვალები, ვალები... მხოლოდ ვალები. გქონია როდესმე ვალი?
ბატონი Y. (მცირე ხანს ფიქრობს) ა-არა.
ბატონი X. ჰო, მაშასადამე შენთვის უცნობია, რას ნიშნავს გადაუხდელი ქვითრების მიღება. (ერთ-ერთ წერილს კითხულობს) იჯარა გადაუხდელია... მეპატრონე ამაზრზენად იქცევა... ჩემი ცოლი სასოწარკვეთილებაშია. მე კი აქ ოქროში ვარ ჩაქცეული. (რკინით მოვარაყებულ ყუთს ხსნის; შემდეგ ორივე მაგიდასთან ჯდება, ერთმანეთის პირისპირ) შეხედე... აქ ექვსიათასი კრონის ღირებულების ოქროა, რომელიც ბოლო ორ კვირაში ამოვთხარე. მარტო ეს სამაჯური ღირს სამასორმოცდაათი კრონა, რომელიც ასე მჭირდება. მთელი ამ სიმდიდრით კი კარიერას მოვიწყობდი. შემეძლო ილუსტრაციები შემეკვეთა ჩემი ნაშრომისთვის; შემეძლო დამებეჭდა, შემდეგ კი... მოგზაურობა! შენი აზრით, რატომ არ ვიქცევი ასე?
ბატონი Y. ვფიქრობ, გეშინია, არ გამხილონ.
ბატონი X. არც უმაგისობაა. მაგრამ ნუთუ არ ფიქრობ, რომ ჩემნაირ გონიერ ახალგაზრდას შეუძლია ისე მოაგვაროს საქმეები, რომ ის ვერასოდეს ამხილონ? მე სრულიად მარტო ვარ... არავინ მითვალთვალებს... სანამ იქ, მინდორში, ვიქექები. ალბათ უცნაური არ არის, რომ რაღაც ჩემს ჯიბეშიც აღმოჩნდეს.
ბატონი Y. გეთანხმები, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე გაყიდვის დროს გელის კაცს.
ბატონი X. უფ! მე მას, რა თქმა უნდა, გადავადნობდი, ყოველ მისხალს, შემდეგ კი მონეტებს დავამზადებდი, ოქროს ზუსტად ისეთი შემცველობით, როგორიც ნამდვილებს აქვთ...
ბატონი Y. რა თქმა უნდა.
ბატონი X. ხვდები ალბათ, რატომაც. მე რომ მართლაც ყალბი მონეტების დამზადება მქონოდა მიზნად, ოქროს მოპოვება არ დამჭირდებოდა. (პაუზა) ნებისმიერ შემთხვევაში, უცნაურია... თუკი ვინმე დააპირებდა იმის გაკეთებას, რის გაკეთებას საკუთარ თავს ვერ ვაიძულებ, მე მზად ვიქნებოდი მის გასამართლებლად, მაგრამ ვერ გავამართლებდი საკუთარ თავს. მე ბრწყინვალე სიტყვითაც კი გამოვიდოდი ქურდის დასაცავად, დავამტკიცებდი რა, რომ ეს ოქრო იყო res nullius, ანუ არავისი, რადგან იგი მიწაში იმ დროს მოხვდა, როცა საკუთრების უფლება ჯერ კიდევ არ არსებობდა; რომ არსებული სამართლის შესაბამისადაც კი ის შეიძლება მხოლოდ მის პირველ აღმომჩენს ეკუთვნოდეს, რადგან მიწის მფლობელს არასოდეს ჩაურთავს იგი საკუთარი ქონების შეფასებაში, და ა.შ.
ბატონი Y. და ალბათ შესაძლოა შენთვის კიდევ უფრო იოლი იყოს ამის გაკეთება თუ... ჰმ... ქურდს არა რეალური საჭიროება უბიძგებდა ამისკენ, არამედ, მაგალითად, კოლექციონერობის მანია, ან სამეცნიერო მისწრაფებები, ამბიცია იმისა, რომ აღმოჩენა მხოლოდ მას ეკუთვნოდეს. შენ ასე არ ფიქრობ?
ბატონი X. შენ იმას გულისხმობ, რომ მე ვერ შევძლებდი მის გამართლებას, თუ მოტივი რეალური საჭიროება იქნებოდა? დიახ, რადგან ეს ერთადერთ მოტივია, რომელსაც კანონი შემარბილებელ გარემოებად არ განიხილავს. ეს მოტივი მას უბრალო ქურდობად აქცევს.
ბატონი Y. და ამას ვერ აპატიებდი?
ბატონი X. ოჰ, პატიება... არა, არ მგონია, რადგან არც კანონი პატიობს. მეორეს მხრივ, უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის რთული იქნებოდა კოლექციონერის ბრალდება ქურდობაში მხოლოდ იმიტომ, რომ მან რამდენიმე ეგზემპლარი მიითვისა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო წარმოდგენილი მის