ჰემსელები - თავი პირველი კარლსონი სამსახურს იწყებს და ავანტიურისტის სახელს იმკვიდრებს.
ის აპრილის ავდრიანი საღამოსავით მოულოდნელად გამოჩნდა. კისერზე ტყავის ქამრით ჰეგანესური მათარა ჩამოეკიდა.
კლარა და ლოტენი მეთევზის აფრიანი ნავით დალარეს ნავმისადგომამდე გამოვიდნენ, მაგრამ სანამ ისევ შინისაკენ მიმავალ გზას დაადგებოდნენ, ლამის მთელმა მარადისობამ განვლო. ჯერ ვაჭართან შეიარეს და ერთი კასრი კუპრი იყიდეს, შემდეგ აფთიაქში გოჭისთვის მალამო შეიძინეს, იქიდან ფოსტაში მივიდნენ მარკის საყიდლად, რის შემდეგაც კრუკენში ფია ლევსტრემთან უნდა შეერბინათ და მამალი ნახევარ გირვანქა ბადის დასაწნავ წვრილ ბაწარში გადაეცვალათ; სულ ბოლოს კი ფუნდუკში ამოყვეს თავი, სადაც კარლსონი მათ ყავითა და ფუნთუშებით გაუმასპინძლდა. საქმეები რომ მოათავეს, ნავი დატვირთეს. კარლსონმა დაიჟინა, ნავს მე ვმართავო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან მანამდე საჭით სამართავი აფრიანი ნავი არასდროს ენახა და ყვირილი მორთო, ქვედა პირდაპირი აფრა ასწიეთო, თუმცა იმ ნავზე მსგავსი არაფერი იყო.
ნავმისადგომთან შეკრებილი ლოცმანები და საბაჟოს ზედამხედველები გულიანად ხარხარებდნენ კარლსონის მანევრებზე, რომლის მონდომებული მცდელობის გამოც ნავი გვერდზე გადაიხარა და კიდით წყალს შეეხო.
– ეი, შენ! ნავი გახვრეტილია! – გასძახა ლოცმანის შეგირდმა და ქარის ზუზუნში ძლივს მიაწვდინა ხმა გასაჭირში მყოფ კარლსონს; – დაუცე, დაუცე! – დაუძახა შეგირდმა ისევ, მაგრამ სანამ კარლსონი ნახვრეტს მიაგნებდა, კლარამ ხელი ჰკრა და საჭეს თავად მოეჭიდა. ამ დროს ლოტენმა ნიჩბების საშუალებით ნავის გასწორება შეძლო და სულ მალე ნავი ქარის დახმარებით თავაწყვეტილი გაცურდა ასპესუნდისაკენ და თავისი მგზავრებიც თან გაიყოლა.
მომცრო ტანის, ჩასკვნილ ვერმლანდელ კარლსონს ლურჯი თვალები და მოკაუჭებული ცხვირი ჰქონდა. ჯან-ღონით სავსე და ერთობ ცნობისმოყვარე ადამიანი იყო, თუმცა საზღვაოსნო საქმეებში საერთოდ ვერ ერკვეოდა. კუნძულ ჰემსეზეც იმის გამო მიიწვიეს სამუშაოდ, რომ მოხუცი ფლუდის გარდაცვალების შემდეგ მისი ქვრივის განკარგულებაში გადასული: პირუტყვისა და მიწებისათვის მოევლო, რომლებზე ზრუნვაც სხვას არავის სურდა.
კარლსონი შეეცადა, გოგონებისათვის მამულში არსებული მდგომარეობის შესახებ სიტყვა დაეცდენინებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. პასუხად არქიპელაგის მკვიდრთათვის ჩვეული გაურკვეველი ფრაზების გარდა ვერაფერი მიიღო:
„ჰო, რა ვიცი! ღმერთმა უწყის... არც კი ვიცი, როგორ გითხრა!“ – ასე პასუხობდნენ გოგონები მის კითხვებს.
ნავი მსუბუქად მიაპობდა ტალღებს კუნძულებსა და შხერებს შორის. მომცრო კუნძულებიდან ლოდებს ამოფარებული გრძელკუდა იხვების ჩხავილი მოისმოდა, წიწვნარიდან კი როჭოების ხმა აღწევდა. შებინდებამდე, სანამ ცა ჯერ კიდევ არ დაწინწკლულიყო ვარსკვლავებით, ნავმა ფიორდები და სრუტეები გადაიარა და ღია ზღვაში გავიდა, საიდანაც შხერებზე მოციმციმე მთავარი შუქურა გამოჩნდა. დროდადრო გზაში ღამის სიბნელეში მოჩვენებასავით მოლივლივე სანავიგაციო ნიშნულები ხვდებოდათ; აქა-იქ შემორჩენილი ყინულის ნატეხები თეთრი ტილოებივით ტივტივებდნენ წყალზე, ზოგჯერ კი უეცრად შავი წყლიდან ბადიანი ტივტივა ამოყოფდა თავს და ნავის ფსკერს ისე გაეხახუნებოდა, რომ თავზარდაცემულ თოლიებს შხუილით ააფრენდა ლოდებიდან. სადღაც შორს, იქ, სადაც მოციმციმე ვარსკვლავები ზღვაში იძირებოდნენ, უზარმაზარი ორთქლმავლის წითელი და მწვანე შუქი და ილუმინატორებიდან გამომავალი სინათლის უწყვეტი ჯაჭვი მოჩანდა.
კარლსონს ყველაფერი ეუცხოებოდა და უამრავ კითხვას სვამდა; პასუხებსაც იღებდა, თანაც იმდენს, რომ ბოლოს დაასკვნა, ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროში მოვხვდიო.
„ის კონტინენტიდან არის“ აქ იმავე დატვირთვის ფრაზა იყო, რაც ქალაქელებისათვის – „სოფლელობა“.
უეცრად ქარი ჩადგა და აფრის აკეცვა და ნიჩბების მოსმა გახდა საჭირო. სულ მალე ერთ-ერთი კუნძულის სიღრმეში ურთხმლისა და ფიჭვის ხეებს შორის მდგარი სახლის ფანჯრებიდან გამომავალი სინათლე დაინახეს.
– როგორც იქნა, შინ ვართ, – თქვა კლარამ და ნავი ლელქაშით გადაბურულ მომცრო ყურეში გაჭრილ ვიწრო შესასვლელში შეაცურა. ნავის გვერდებზე აშრიალებულმა ლელქაშმა მთლად დააფრთხო ნავის გარშემო მოცურავე ჩაფიქრებული ლოქო.
ფინია ძაღლმა ყეფა დაიწყო, სახლის სიახლოვეს კი ფარანი გამოძრავდა.
ნავი პირსთან დააბეს და ტვირთის გადმოზიდვა დაიწყეს. აფრა რეიზე შემოახვიეს, ანძა ჩამოხსნეს, ბიჯგები შეფუთეს. კუპრიანი კასრი ნაპირზე გადააგორეს. შემდეგ დანარჩენი ბარგიც გადაიტანეს: ვედროები, კალათები, კვანძები. თვალის დახამხამებაში ყველაფერი ნავმისადგომზე აღმოჩნდა.
ნახევრად ბინდში კარლსონმა აქეთ-იქით მიმოიხედა. მისთვის ყველაფერი ახალი და უჩვეულო იყო. პირსს იქით, თევზის მოსაშენებელ გუბურაზე ღუზის ბოლო ირხეოდა, პირსის მთელ სიგრძეზე კი ფართო ძელები ჩაელაგებინათ, რომლებზეც ტივტივები, ანკესის სიმძიმეები, ძაფები, ნავის ღუზები, საბუქსირო ბაგირები და კაუჭები მიმოეფანტათ. ფიცრებისგან შეკრულ ხიდზე უწესრიგოდ ეწყო ვარცლები, ცისტერნები, ვედროები, ქაშაყითა და ჩასადგამი თევზსაჭერი ბადეებით სავსე ყუთები; პირსის ბოლოში ზღვაში ნადირობისათვის აუცილებელი ნივთებით. სატყუარა ხაფანგებით, ცეფუსების, ღორიხვებისა და ტურპანების ფიტულებით გამოტენილი ნავების ფარეხი იდგა. ფარეხის ქვეშ აფრები, ანძები, ნიჩბები, კაუჭები, საჭეები, ხის ჩაქუჩები და ძალაყინები ეყარა. ცოტა