იუბილე
საკონცერტო დარბაზი ხალხითაა გაჭედილი. სცენაზე იუბილარის ვეებერთელა პორტრეტი კიდია – შალვა ჩიჯავაძე 80. თავად იუბილარი სცენის კუთხეში, ყვავილებშია ჩაფლული. მის გარშემო შვილები და შვილიშვილები სხედან. ხალხური სიმღერის ანსამბლი „მრავალჟამიერს“ მღერის. საზეიმო ცერემონია დასასრულს უახლოვდება.
წამყვანი. (იგივე გივი ჩოგოვაძე) ქალბატონებო და ბატონებო! დღეს ჩვენ დიდი შალვა ჩიჯავაძის იუბილე ვიზეიმეთ. მას სიყვარულში გამოუტყდა მთელი საქართველო! პრეზიდენტმა უმაღლესი ჯილდო გადასცა და, როგორც პოეტი იტყოდა: (ლექსს ომახიანად იტყვის, თუმცა სიტყვები არ ისმის)
შენ ერთადერთო... ჩემს გულს
ებს... რომე... ლიც... წინ და წინ...
არწივივით და... მთებს... იქ...
მრავალჟამიერ... ერ... ვაი რომ... შენ!
დარბაზი ტაშით ინგრევა.
და, აი, დასასრულს, მიკროფონთან თავად იუბილარს – ბატონ შალვა ჩიჯავაძეს ვთხოვთ!
სცენაზე ჩოხებში გამოწყობილი მოცეკვავეები გამოვარდებიან და მიკროფონთან მოსვლაში ეხმარებიან იუბილარს. ისმის „ჩაკრულო“. დარბაზი კვლავ ტაშს უკრავს, ხალხი ფეხზე წამოდგება, ცრემლმორეული მაყურებელი მხცოვან იუბილარს შესცქერის, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდება მიკროფონს. წამყვანი, ანუ გივი ჩოგოვაძე, კიდევ ერთხელ დაუჩოქებს ბატონ შალვას. მოცეკვავე ჩოხოსნებიც მუხლს იყრიან მის წინაშე. ბატონი შალვა აშკარად აღელვებულია. „ჩაკრულო“ წყდება. დარბაზი ინაბება.
შალვა ჩიჯავაძე. (სუსტი ხმით) დიდი მადლობის მეტი, ჩემო ძვირფასებო... არც რა მეთქმის... ისეთი აღელვებული ვარ, რომე... ძალიან მიჭირს... როგორც იტყვიან, ლაპარაკი... პირველ რიგში... უ... უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს!.. (დარბაზს აპლოდისმენტების ზრდილობიანი ტალღა გადაუვლის) ამ ცერემონიის... იმათ... მომწყობთ... და ყველას, უკლებლივ!.. პირველ რიგში თქვენ, ჩემო ძვირფასებო... ჩემო ერო... ჩემო ხალხო... ჩემო ახალგაზრდებო... დებო... ძმებო!.. შვილებო@!.. (გივი ჩოგოვაძეს უჩურჩულებს) ვაიმე, გივი, მგონი, ვიღუპები, ბიჭო... (კვლავ დარბაზს) დიდი მადლობა... უდიდესი მადლობა!.. ჩემ სიხარულს საზღვარი... პრუწ!!! ვაი!.. ეს რა დამემართა, კაცო!.. იერთი სიტყვით, უდიდესი მადლობა ჩემ ხალხს, ჩემ პრეზიდენტს... მთელ ჩემ ქვეყანას... პრუწ!!! მიშველე, გივი, მარცხი მომივიდა მგონი... (გივი ჩოგოვაძე დაბნეული იყურება აქეთ-იქით) მთელი ჩემი სიცოცხლე... ვაიმე!.. აპ... პრუწ!!! რა ჯანდაბა მეტაკა, კაცო!.. ცცცცცც!!! უჰ... (გივის) ე ბიჭო, ჩავიჯვი, მიშველე!.. დიდი მადლობა იმერს და ამერს... დიდს და პატარას... ვაი! პრუწ!!! უჰ... ეს იერთიც მაპატიეთ... ოპ! პრუწ!!! (დარბაზში უხერხული სიჩუმეა) ხოოოდა, იმას ვამბობდი რომე... როგორც იერთ ლექსშია... ცცცცცც!.. (სასოწარკვეთილი ხმით) ა, კიდე!.. (შუბლიდან ოფლს იწმენდს) გივი, თუ ღმერთი გწამს, სანამ მართლა არ ჩავიჯვი, დახურე ფარდა!
დარბაზში სამარისებური სიჩუმეა.
ფარდა ნელ-ნელა ეშვება
2001