I
აგვისტოს შუა რიცხვებში, ახალი მთვარის გამოჩენამდე, როგორც ეს შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებს ახასიათებს, უეცრად საშინელი ამინდები დაიწყო: გამუდმებით წვიმდა, დედამიწას თუ ზღვას სქელი ჯანღი გადაეკრა, შუქურაზე დამაგრებული უზარმაზარი საყვირი დღედაღამ გაშმაგებული ხარივით ბღაოდა. ხანაც დილიდან დილამდე წყლის მტვერივით წვრილი წვიმა ცრიდა და ცრიდა, თიხნარ გზებსა და ბილიკებს ტლაპო ფარავდა, რომელშიც დატვირთული ურმები და ეტლები ღრმად ეფლობოდა. ხანაც ჩრდილო-დასავლეთიდან მძვინვარე გრიგალი უბერავდა, ტოტებს ღუნავდა და ასწორებდა, კენწეროებს აქეთ-იქით ისე მძლავრად არწევდა, როგორც ქარიშხალი ზღვის ტალღებს. ღამღამობით აგარაკებზე რკინის სახურავებს ისეთი ბრაგაბრუგი გაჰქონდათ, თითქოს ზედ ნალდაკრული ჩექმებით ვიღაც დარბოდა, ფანჯრის ჩარჩოები ზანზარებდა, დროდადრო კარების ჯახუნი და საკვამურებში ქარის ველური ზუზუნი ისმოდა. მეთევზეთა რამდენიმე ბარკასს (ბარკასი – პატარა დამხმარე გემი; იყენებენ ნავსადგურში გემების საბუქსიროდ, წვრილმანი გადაზიდვებისთვის და სხვ) ზღვაში გზა აბნეოდა, ორი კი, საერთოდ, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ წყალმა ნაპირზე, რამდენიმე ადგილას, მეთევზეთა გვამები გამორიყა.
საზღვაო კურორტის ბინადარნი – უმთავრესად ბერძნები და ებრაელები, – როგორც ყველა სამხრეთელი – სიცოცხლის მოყვარულნი და უნდობლები – ქალაქში წასასვლელად სასწრაფოდ იბარგებოდნენ. გზატკეცილზე დაუსრულებლად მიემართებოდა საფორნე ოთხთვალა ეტლების რიგი, გადატვირთულნი ყოველგვარი საოჯახო ნივთებით: ლეიბებით, სავარძლებით, სკამებით, სკივრებით, პირსაბანებით, სამოვრებით. შესაბრალისი და დამამწუხრებელი, თანაც საყურებლადაც საზიზღარი იყო, ისეთი გაცვეთილი, ჭუჭყიანი და მათხოვრული ჩანდა ყველაფერი. მსახურები და მზარეულები ტვირთზე გადაფარებულ სველ ბრეზენტებზე ისხდნენ რაღაც ნივთებით: უთოებით, თუნუქებითა და კალათებით ხელში. გაოფლილი, ქანცგაწყვეტილი, გახვითქული და გვერდებდალეწილი ცხენები დროდადრო ჩერდებოდნენ, ჩიჩობებში გახვეული მეეტლეები კი მათ ჩხუბითა და ლანძღვით ერეკებოდნენ. კიდევ უფრო საცოდავი იყო მიტოვებული აგარაკები, უეცრად უკაცრიელად ქცეული სივრცე, მოშიშვლებული ეზოები, გაჩანაგებული ყვავილნარები, ჩამტვრეული მინები, უპატრონოდ მიტოვებული ძაღლები და მიმოფანტული ათასგვარი ნაგავი – ნამწვები, ქაღალდის ნაფლეთები, კრამიტის ნამტვრევები, წამლის კოლოფები და ბოთლები. ეს ყველაფერი ადამიანს უსაზღვრო სევდას ჰგვრიდა.
არადა, სექტემბრის დამდეგს ამინდი მოულოდნელად მკვეთრად უკეთესობისკენ შეიცვალა. მაშინვე ისეთი უღრუბლო, ნათელი, მზიანი და თბილი დღეები დადგა, როგორიც ივლისშიც კი არ ყოფილა. მშრალ, მომკილ მინდვრებზე, ოქროსფერ მჩხვლეტავ ნაწვერალზე ქარსივით (ქარსი – ძვირფასი მინერალი) გაბრწყინდა აბლაბუდა, ამ სიმშვიდეში ხეებს – უხმაუროდ და მორჩილად თავდახრილებს, ყვითელი ფოთლები სცვიოდათ.
კნეინა ვერა ნიკოლაევნა შეინა, აზნაურთა წინამძღოლის ცოლი, ვერ ტოვებდა აგარაკს იმის გამო, რომ ქალაქში, მათ სახლში, რემონტი ჯერ ვერ დაემთავრებინათ. და ახლა ის ძალიან გახარებული იყო ასეთი კარგი ამინდებით, სიმყუდროვით, განმარტოებით, სუფთა ჰაერით, ტელეგრაფის მავთულებზე მსხდომი გასაფრენად გამზადებული მერცხლების ჭიკჭიკითა და ზღვის მლაშე წყლით გაჯერებული სუსტი ნიავით.