I
ყმაწვილი და ცქრიალა, ცოცხალი და განაზებული, მშვენიერი და კეკლუცი ელეონორა იყო ქალი მდიდარის მებატონის ვახტანგ ხელთუბნელისა და იმ დროს ყმაწვილ კაცებისთვის საოცნებო საგნად გამხდარიყო. ვისაც ან სახელი, ან გვარიშვილობა, ან შეძლება ნებას აძლევდა, ყველა ელეონორას ხელს დაეძებდა, ყველას სანატრელადა ჰქონდა გამხდარი მასთან შეუღლება და მისდა მოსაწონებლად ათას გვარს შემთხვევას აძებნინებდა. მაგრამ ელეონორა, გაამაყებული თავის მშვენიერებით და გაამპარტავნებული მამის მდგომარეობით, რომელიც თავის ქვეყანაში ყველაზედ უფროს გვარად, ხალხის მმართველად და ყველაზედ შეძლებულად ითვლებოდა, ხარხარობდა თავის არშიყებზედ, მისაზიდავად შესთამაშებდა, უმეტესად უღვივებდა სიყვარულის ცეცხლს და არც ერთს კი არ მორჩილდებოდა. მშვენიერის გარშემო ურიცხვი ყმაწვილი კაცები, ძილსა და მოსვენებას მოკლებულნი, ოხვრასა და სულისკვეთებაში იყვნენ, მაგრამ ტყუილად დნებოდნენ, ტყუილად ცდილობდნენ. მათ მხურვალე სიტყვებს, აღგზნებულს საქციელს და ცეცხლისმფრქვევს თვალებს ელეონორას გული ვერ მოელბოთ და გარს შემოზღუდული ყინული ვერ გაელხოთ.
ელეონორა, ბუნებით არშიყი, რაწამს პატარა ლამაზ ყმაწვილკაცს დაინახავდა, მაშინვე თავბრუს დამხვევის ღიმილით გაუცინებდა, ხავერდის მსგავსის შავის თვალებით შეჟუჟუნებდა, მუსიკის მსგავსის ხმით შეეხუმრებოდა და, როდესაც კაცი იგრძნობდა ნექტარის სიტკბოებას, როდესაც მთლად გაეხვეოდა რბილსა, სასიამოვნოს და მტანჯველ-დამატკბობელს ბადეში, მაშინ, მაშინ დადგებოდა ქალის სასიამოვნო წუთები და აღტაცებით უყურებდა მსხვერპლის მოუსვენარს თრთოლას და ცახცახს, თითქოს მის სატანჯველში რაღაცა დამატკბობელს სიამოვნებას ჰგრძნობდა.
ამ წუთებში ელეონორა ემსგავსებოდა ძუ ვეფხვს, რომელიც თავის ტოტებ ქვეშ დამორჩილებულს მსხვერპლსა ჰგრძნობდა და მის უღონო, შემაძრწუნებელს თრთოლას აღტაცებაში მოჰყვანდა.
ყმაწვილკაცთ შორის, რომელნიც ელეონორას ფარვანასავით თავს დასტრიალებდნენ, იწოდნენ, იბუგებოდნენ და გაშორება კი ვერ მოეხერხებინათ, ლევან კრეჭიაშვილიც იყო. თუმცა ამ უკანასკნელს არც გვარიშვილობა, არც შეძლება და არც შეხედულობა ნებას არ აძლევდა, რომ ამ ქალის მოლხობის იმედი ჰქონოდა, მაგრამ ელეონორას სახე გულში მაინც ღრმად ჩასჭედოდა, ეს ყმაწვილი ვახტანგ ხელთუბნელის აზნაური გახლდათ და, მაშასადამე, თავის მებატონის ქალის შერთვის იმედი სრულიად გადაწყვეტილი ჰქონდა. თუნდა ასეთი მდგომარეობაც არ ყოფილიყო, ფეოდალურის მებატონის და მისი აზნაურის შუა უზარმაზარი მთა არ აყუდებულიყო, მაინც ელეონორას თანაგრძნობის იმედი არ უნდა ჰქონოდა, რადგანაც იყო ტანად დაბალი და მრგვალი, მოძრაობა რაღაცა უხერხული... და პირისახე უსიამოვნო.
გაბანჯგლული წვერ-ულვაში, დიდი თავი, ორივ თვალებით დაელმებული ლევან ელეონორას გულში უფრო სიცილს აღძრავდა ხოლმე, როცა კი შეხვდებოდა; ქალს აზრადაც არ მოსდიოდა, რომ იმასაც მოდებული ჰქონდა მისი ტრფიალების ალი და უწყალოდ ხმებოდა.
ლევან ჰგრძნობდა თავის მდგომარეობას და ცდილობდა გულიდან ამოეგლიჯა მაცდურად ჩასახული სურათი, მაგრამ მწუხარებით ხედავდა, რომ მეცადინეობა ამაო იყო და ყოველ დღე მეტად და მეტად მის გულს ელეონორას თვალები იმორჩილებდნენ, წყნარ-წყნარად ასხამდნენ საწამლავს და დღეს უმწარებდნენ.
ლევანის მდგომარეობა მით უფრო უარესი იყო, რომ ის ვახტანგის სახლში კარისკაცად ითვლებოდა და განუწყვეტლივ ხედავდა თავის გამბრაზებელს ქალბატონს, რომელიც გონებას აფანტვინებდა და თანდათან ჯოჯოხეთის ცეცხლს უძლიერებდა. ხედავდა... მაგრამ ვერ მოშორებოდა.
ლევან გაჩუმდა, გაჩქურდა, მთლად ჩაბრუნდა თავის გულში და ასე უჩივლელად, დამალულის ოხვრით დღეებს ატარებდა.
არა იშვიათად ელეონორა დაუძახებდა, ელაპარაკებოდა და ვერ ამჩნევდა იმ სევდას, რომელიც საცოდავს გულს უღრღნიდა.
ელეონორა ეტყოდა: „კრეჭიაშვილო, კაკალი დამიკუხე“, და ლევანიც, თუმცა წყნარის ოხვრით, მაგრამ გახარებული წავიდოდა ქალბატონის ბრძანების აღსასრულებლად; იმასა ჰქონდა საშუალება ეს საქმე თავისზედ უმცროსებისთვის შეეკვეთნა, მაგრამ კაკალი ელეონორას უნდოდა და მისთვის მუშაობას სხვას როგორ მიანდობდა, როგორ დაუთმობდა? ლევან შესტრფოდა, შეჰკანკალებდა, უალერსებდა ყოველს გამოღებულს კაკლის გულს, ათას საალერსო სიტყვებს ჩასჩურჩულებდა, რადგანაც მათ ელეონორას ბაგენი შეეხებოდნენ და ეს კი საკმარისი იყო, რომ კრეჭიაშვილისთვის კაკალი სიწმინდედ გადაქცეულიყო.
თავმოწონებული თავადისშვილები ელეონორას წინ კრეჭიაშვილს მასხარად იგდებდნენ და, როგორც მასზედ უფროსნი, დაურიდებლად ასაქმებდნენ და ამცირებდნენ. კრეჭიაშვილი ჰგრძნობდა თავის მდგომარეობას, უდუღდა გული, სწყევლიდა თავის გაჩენის დღეს და ამ წამებას მაინც ვერ მოშორებოდა.
ასე უნუგეშოდ მიდიოდნენ დღენი ლევანისათვის, რომელიც ძაღლისავით შესჩვეოდა თავის პატრონს, ითმენდა ყოველსავე უსამართლობას, დამცირებას, სატანჯველს და მაინც ძაღლსავითვე ერთგულად იქცეოდა.
კრეჭიაშვილს უყვარდა ელეონორა და ოღონდაც ხანდისხან მისთვის თვალი მოეკრა, მისი ხმის გაგონებით ერთსა და იმავე დროს დამტკბარ-მოწამლულიყო და სხვა რაღა უნდოდა?