დამარცხებული ჯარის ნარჩენები რამდენიმე დღე შეუწყვეტლივ მოდიოდა, უნდა გაევლო ქალაქზე და მერე იქით განეგრძო გზა. ეს უკვე ჯარს კი არა ჰგვანდა, არამედ ურდოები იყო, დომხალივით ალუფხული. ჯარისკაცებს მოშვებული და ჭუჭყიანი წვერი ჰქონდათ, ტანისამოსი დაფლეთილი და წინ მოიწევდენ მოწყვეტილ სიარულით, უალამოდ, უმწყობროდ. ყველანი ღანღალაგამოლეულნი იყვნენ, დათენთილნი, უძლურნი, რამე მოესაზრათ, რამე ექნათ; მოდიოდენ იმიტომ, რომ დაჩვეულნი იყვნენ სიარულს, და როგორც კი გაჩერდებოდა რომელიმე, იმ წამსვე ძირს დაეცემოდენ, დაღლილობისაგანქანცგაწყვეტილნი. განსაკუთრებით ხედავდით ძველ ნაჯარისკაცალებს. ესენი შესდგებოდენ მშვიდობისმოყვარე ხალხისაგან, უწყინარ რანტიეებისაგან,რომელნიც თოფების სიმძიმის ქვეშ წელში წყდებოდენ; აქვე იყვნენ მოძრავი გვარდიელები, ცქვიტ ახალგაზრდებისაგან შემდგარი, მათ შიშისზარი ადვილად აიტანდა, მაგრამ ამათვე შეეძლოთ ადვილადვე აღფრთოვანებულიყვნენ ხოლმე; მზად იყვნენ ხელად ჰკვეთებოდენ მტერს, მაგრამ ისევე ხელად შეეძლოთ ზურგი ეჩვენებინათ იმავე მტრისათვის.მერე ამათს შორისვე გამოერეოდენ წითელძიქვიანი(ძიქვა - შარვალი) ჯარისკაცები, ნამდვილი სოლდათები, რომელსამე დიდს ბრძოლაში ძლეულ და დაფანტულ დივიზიის ნარჩენები; აქვე, ქვეითა ჯარის სხვადასხვა ნაწილებს შორის, ნახავდით არტილერისტის მუქ ტანისამოსს; ზოგჯერაც გამობრწყინდებოდა კასკა დრაგუნისა, რომელიც მძიმე ნაბიჯით ძლივს მიჰყვებოდა უფრო მსუბუქად მიმავალ ქვეითებს.
თავიანთ მხრივ ამათ მისდევდენ მსროლელები. ყველას ავაზაკების სახე ჰქონდა და გმირული სახელებიც ერქვათ: „დამარცხების შურისმაძიებელნი“, „საფლავის მოქალაქენი“, „სიკვდილის მონაწილენი“.
უფროსებადა ჰყავდათ მაუდეულობით ან ხორბლით ყოფილი მოვაჭრენი, ღორის ქონისა ან საპნის გამყიდველები, მეომრებად შემთხვევით გამხდარნი, ოფიცრობა მიეღოთ თავიანთ ფულის წყალობით ან იმიტომ, რომ გრძელი ულვაშები ჰქონდათ, იარაღში ჩამსხდარნი და ფლანელითა და ოქრომკედის ყაითნებით დაფარულნი ხმამაღლა ლაპარაკობნენ, ეს ბაქიები ბრძოლის გეგმას აწყობდენ და ტრაბახობდენ - სულთმობრძავი საფრანგეთი ჩვენ შეგვიძლია გასაჭირისაგან ჩვენი ზურგით გამოვიყვანოთო; მაგრამ ამასთანავე თავისივე საკუთარ ჯარისკაცებისა ეშინოდათ, ეშინოდათ ამ სათოკეებისა, რომლებიც ხშირად უსაზღვროდ ყოჩაღები იყვნენ, მაგრამ ამავე დროს იყვნენ ავაზაკები და გაქსუებული ხალხი.
იძახდენ, პრუსიელები რუანში უნდა შემოვიდენო!
ნაციონალური გვარდია ორი თვის განმავლობაში მეზობელ ტყეებში დიდის სიფრთხილით მტერსა ზვერავდა, ზოგჯერ თავისი საკუთარი დარაჯებიც შემოაკვდებოდა ხოლმე. ჩირგვში დამალულ კურდღლის ყოველ გაფაჩუნებაზე საბრძოლველად ემზადებოდა, მაგრამ ახლა თავის კერას დაჰბრუნებოდა. მისი თოფ-იარაღი, მისი ფორმის ტანისამოსი, მთელი მოწყობილობა ადამიანის სახოცავი, რომელიც თავზარსა სცემდა ყველას ნაციონალურ გზების საზღვრებზე მთელი სამი ლიოს ირგვლივ, ერთბაშად გაჰქრა.
ფრანგის უკანასკნელი ჯარისკაცები, ის იყო, გადავიდენ სენაზე, რომ სენ-სევერის და ბერგ-აშარის გზით პორტ-ოდმერში ჩასულიყვნენ. ამათ სულ ბოლოში გენერალი მისდევდა ფეხით, ორ თანმხლებელ ოფიცერს შუა ჩამდგარი. გულმოკლული იყო, რადგან ამ დამარცხებულ მაწანწალების გადამკიდეს, არაფრის გაკეთება შეეძლო, თვითონაც თავტანი დაჰკარგოდა ხალხის ამ საერთო აწიოკებაში, იმ ხალხისა, რომელიც სულ მუდამ დაჩვეული იყო მტრის მორევასა და ძლევას და ახლა, მიუხედავად თავის ზღაპრულ მამაცობისა, საშინლად დამარცხებული ოტებულქმნილიყო.
ამის შემდეგ უსაზღვრო სიჩუმე, შიშიანი და მდუმარე მოლოდინი ქალაქს ჩამოებურა. ღიპიან ბურჟუებს, ვაჭრობისაგან გაქალაჩუნებულებს, გული უწვრილდებოდათ გამარჯვებულ მტრის მოლოდინში, შიშისაგან ძრწოდენ, ვაითუ ხორცის შესაწვავი შამფურები ან ჩვენი დიდი სამზარეულო დანები საბრძოლველ იარაღად მიიჩნიონო.
სიცოცხლე შეჩერდა; დუქნები დაიკეტა, ქუჩებში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, ზოგჯერ ესა თუ ის მოქალაქე, ამ სიჩუმით დაშინებული, სახლების კედლებს აკრული მიძვრებოდა.
ეს მოლოდინი ისე მძიმე ხდებოდა, რომ ყველა იძახდა, ნეტავ კი ჩქარა შემოვიდეს მტერიო.
აქედან ფრანგების ჯარის გასვლის მეორე დღის ნაშუადღევს, საიდანღაც რამდენიმე გერმანული ულანი გაჩნდა და საჩქაროდ გაიარა ქალაქზე. ცოტა ხანს შემდეგ სანტ-კატრინის მხრიდან მტრის შავი გროვა ჩამოვიდა, ხოლო სხვა ორი ნაკადი დამპყრობელებისა დარნტალის და ბუაგიიომის გზებით მოზღვავდა. სამი კორპუსის მოწინავე რაზმები თითქმის ერთსა და იმავე დროს შეუერთდენ ერთმანეთს ქალაქის თვითმართველობის მოედანზე; ყველა მეზობელ ქუჩებიდან თანდათანობით მოაწვა გერმანელთა ჯარი. ამ ჯარის გუნდები მწკრივდებოდა და ამ დამწკრივების დროს მაგარ და გამოზომილ ნაბიჯებისაგან ქვაფენილს ზრიალი გაუდიოდა.
უცნობისა და ხორხისმიერი ხმით გაისმოდა კომანდა სახლების გასწვრივ, რომლებიც დაცარიელებულებსა და ამოგვილებსა ჰგავდა; მაგრამ მიხურულ დარაბებს უკანიდან მცხოვრებნი თვალს ადევნებდენ გამარჯვებულებს, და აწ „ომის უფლების“ ძალით ქალაქის მცხოვრებთა ქონების და სიცოცხლის პატრონებად გამხდარებს. მცხოვრებნი მათს ჩამობნელებულს ოთახებში იმ შიშის ზარს მოეცვა, რომელიც წყალდიდობას, სიცოცხლის მომსპობ მიწისძვრას მოჰყვება ხოლმე, და რომელთა წინააღმდეგ ყოველივე სიბრძნე და ყოველი ძალა ამაოა. ამიტომ რომ ასეთივე გრძნობით განიმსჭვალება ხოლმე ადამიანი, როცა არსებული წესწყობილება დამხობილია, როცა უშიშროება აღარ არსებობს, როცა ყოველივე, რასაც ადამიანისა, გინა ბუნების კანონები მფარველობდა, დარჩენილია მხეცურისა და შეუგნებელ გაქსუებულობის ამარად. მიწისძვრა, რომელიც დანგრეულ სახლებს ქვეშ მთელ ხალხს მოაყოლებს ხოლმე, ადიდებული მდინარე, რომელიც დამხრჩვალ გლეხებს