სოვეტიზმებმოყრილი დრამა „ნარგიზა“ ჩემ თვალწინ იწერებოდა. იმ დროს, 70-იანების ჰიპურ წლებში მუსიკალური კონტრკულტურის კერა ჩემი საკუთარი სახლი იყო... ჭეშმარიტი ანდერგრაუნდი თანამედროვე ქართული ტექსტებით ჩემს ოჯახში იშვა.
ირაკლი ჩარკვიანი
„საავტორო სვეტები, ინტერვიუები“
„ნარგიზა“ 1974 წლის გაზაფხულზე შეიქმნა, შეიძლება ითქვას, ნიძლავზე ან კიდევ თავდაჯერებული, ავანტიურული შეპირების გამო. მე და ჩემი მეგობარი ოთარ წერეთელი სიყრმიდან მოყოლებული მრავალი წლის მანძილზე ინტენსიურად ვთანამშრომლობდით, ასე ვთქვათ, ეპატაჟური ხელოვნების სარბიელზე – ვწერდით სიმღერებს, რომელთა შესრულება არა თუ იმდროინდელ (და ამდროინდელ) სცენაზე, არამედ რომელიმე ტრადიციულ ქართულ ოჯახშიც კი წარმოუდგენელი ჩანდა. თუმცა რაღაც მანქანებით ჩვენ ამას მაინც ვახერხებდით, ვბედავდით და, წარმოიდგინეთ, ახირებასაც ვიკმაყოფილებდით – ჩვენ მიერ ნამღერ სიმღერებს ყოველ ჯერზე მოჰყვებოდა შოკის მდგომარეობა, მუნჯი სცენა. მერე თავზარდაცემული სტუმრების ნაწილი, განსაკუთრებით წყვილები, ჩუმად იპარებოდნენ, საგონებელში ჩავარდნილი მასპინძელი კი ამაოდ ცდილობდა დაერწმუნებინა დაბნეული საზოგადოება, რომ ოთარი და მე სინამდვილეში კარგად აღზრდილი, კეთილი, ინტელიგენტი ბიჭები ვართ და მხოლოდ ზოგჯერ, ძალიან, ძალიან იშვიათად გადავაბიჯებთ ხოლმე ეგრეთ წოდებულ „წითელ ხაზებს“. ჩვენს ხელაღებით ლანძღვას ართულებდა ერთი გარემოება – შემოთავაზებული პროდუქტი, როგორც მუსიკალური, ისე პოეტური თვალსაზრისით ხელწამოსაკრავი არ იყო. ამას გუმანით ისინიც კი გრძნობდნენ, ვის წინაშე საინტერესო რითმისა და უჩვეულო ჰარმონიის მარგალიტის დაგება, სხვა არაფერია, თუ არა ძვირფასი რესურსის დანაშაულებრივი განიავება. მუსიკას მე ვწერდი. სიტყვებს – ხან ოთარი, ხან მე. უფრო ხშირად კი – ერთად. ზოგჯერ ღამეს ვათევდით, სანამ ბოლო წერტილს დავუსვამდით მორიგ „ნაღმს“, რომელსაც უნდა აეფორიაქებინა კიდევ ერთი საბჭოთა ბიურგერის ოჯახი. დღევანდელი გადასახედიდან, ჩემთვის ამაში უცნაური არაფერია – მოუსვენარი, ოდნავ მეამბოხე ახალგაზრდების მიერ თვითკმაყოფილი მეშჩანების შეცბუნება ხომ ისეთივე ძველი თავშესაქცევია, როგორც კუკუმალულობანას თამაში.
1973 წლის შემოდგომაზე ჩვენ რევაზ ლაღიძის ოპერის, „ლელას“ პრემიერას ვესწრებოდით. ანტრაქტის დროს ფოიეში კომპოზიტორის ქალიშვილი ლელა ლაღიძე და მისი მეგობარი ნარგიზა გარდაფხაძე შემოგვხვდნენ. ნარგიზა მოწყენილი ჩანდა. შევეკითხე: „რა იყო, ნარგიზ, პირისახე იმიტომ ხომ არ ჩამოგტირის, მამაშენმა ოპერა რომ არ მოგიძღვნა?“ (კარლო გარდაფხაძე საქართველოში მაშინ არსებულ ერთადერთ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა) და დავძინე: „შემიძლია დაგენიძლავო, რომ ერთ თვეში ოთარი და მე ოპერას დაგიწერთ და, ბუნებრივია, „ნარგიზას“ დავარქმევთ“. გოგონებს გაეცინათ, ჩვენ კი უმალ დანაპირების შესრულებას შევუდექით. ჩვენი გადაწყვეტილება მეგობარს, გივი ხომერიკს გავანდეთ და ერთად ფაბულის ჩამოყალიბება და პერსონაჟების, ასე ვთქვათ, გამოქანდაკება დავიწყეთ. ის, რომ ნაწარმოების მთავარი გმირი, ისე, როგორც მისი სათაური, ნარგიზა იქნებოდა, კამათს არ ექვემდებარებოდა. მაშინ მოდაში შემოვიდა სიტყვა როკ-ოპერა და იყო ცდუნება, „ნარგიზა“ ამ ჟანრის ნაწარმოებად წარმოგვედგინა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მუსიკის წერა დავასრულე და მოგვიანებით პიესის ტექსტიც დავწერე, საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე (ვფიქრობ მართებულად) მისთვის (არ გაგეცინოთ!), ვაგნერის მსგავსად, არა ოპერა, არამედ დრამა მეწოდებინა. ამის საფუძველს მაძლევდა თუნდაც ერთ-ერთი მთავარი გმირის, ნარგიზაზე შეყვარებული და იმავდროულად საშინლად ამბიციური ახალგაზრდა კაცის, სოსლანის ცხოვრებაში მომხდარი დრამატიზმით აღსავსე ეპიზოდები.
„ნარგიზა“ საკონცერტო შესრულებით პირველად საზოგადოებას 1974 წლის პირველ მარტს წარვუდგინეთ. ეს თარიღი ჩემი დაბადების დღეა და ამგვარი დამთხვევა შემთხვევითი არ იყო. იმ დროისათვის ჩემს სამოთახიან ბინაში, პეკინის 14-ში, ოჯახის წევრების ხალხმრავალი დაბადების დღეების გადახდის ტრადიცია უკვე მტკიცედ იყო დამკვიდრებული. როგორც წესი, ამ ზეიმებს სამოცამდე სტუმარი ესწრებოდა. ამდენ ადამიანს ჩვენს პატარა ბინაში, ბუნებრივია, სუფრასთან ვერ დასვამდით, ამიტომ გადავედით ბუფფეტ დინნერ-ის, ანუ ფეხზე დამდგარი ჭამა-სმის სისტემაზე, თანდათან დავხვეწეთ და გავაქართულეთ იგი. გვიანდელ კომუნისტურ ეპოქაში ფულის მეგობრებთან ქეიფში დახარჯვაზე უკეთესი ინვესტიცია არ არსებობდა და ეს ჩვენს სუფრებს აშკარად ეტყობოდა. უცხოური სასმელები – სკოჩი, ჯინი და ჩინზანო ეგრეთ წოდებული „ვალიუტნი ბარებიდან“ მოგვქონდა, რასაკვირველია, კანონის გვერდის ავლით, რადგან ის ბარები უცხოელი ტურისტებისთვის იყო შექმნილი და საბჭოთა ადამიანს, რომლის ჯიბეში დოლარი ციხეს უდრიდა, იქ არაფერი ესაქმებოდა. „ნარგიზას“ პრემიერა სწორედ ამგვარ პირობებში უნდა გამართულიყო, თუნდაც იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ხელოვნებაში გამოვლენილი ხარვეზი სოკოს ჟულიენში ჩამხრჩვალი, ნელ ცეცხლზე დიდხანს მოშუშული ნიანგისხელა ძროხის სუკის ზღაპრული გემოთი აგვენაზღაურებინა. იმ პირველ მარტს ჩვეულ სტუმართა წრეს რამდენიმე ხელოვანი შეემატა, კერძოდ, კინორეჟისორი გიორგი შენგელაია, მხატვრები კოკა იგნატოვი და კოკი მახარაძე. დავპატიჟეთ მუსიკათმცოდნე ევგენი მაჭავარიანიც, რომელიც შემდგომში უძღვებოდა საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ (მაშინ რეიტინგებს არ ზომავდნენ) გადაცემას „ეს ესტრადაა“. სტუმრებს ჯერ კოქტეილები შევთავაზეთ. სახელდახელოდ მოწყობილ ბარში ჩემი ცამეტი წლის ვაჟი, ირაკლი