რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში?
***
ლექსზე მინდა მოვყვე,
რომლის წერაც დავიწყე
და გზადაგზა გადავიფიქრე.
რატომ უნდა ვიწუწუნო, ვთქვი
და არ დავწერე ორი სტროფი, სადაც უნდა მეწუწუნა.
გასალანძღია, რა თქმა უნდა, მაგრამ დავიკიდებ
და კიდევ რამდენიმე წინადადება არ დავწერე.
თავის ქება არ მეკადრება - წაიშალა ხუთი სტრიქონი.
ეს ფრაზა ვინმეს აატირებს, მაგრამ, მოდი, ნუ იტირებენ.
სიყვარულიც ბანალურია, თავისი სევდით, მონატრებით,
თავის ყველაფრით - აქ წაიშალა სამი გვერდი, თითქმის მეოთხეც...
მერე მინდოდა დამეწერა, მაგრამ უკვე დაწერილი იყო
ლექსი, რომელშიც ჯეკმა სახლი ააშენა
და ხელი ავიღე ლექსზე, რომელშიც ჯეკმა ააშენა სახლი
და იმ ლექსზეც, რომელიც კინაღამ დავწერე.
***
არა აქვს ბედი არც ამ სიყვარულს,
რაღაცნაირად უშნოს და ნათრევს.
მე კი გადავრჩი უამრავ სიკვდილს,
სანამ მოვედი ამ სიკვდილამდე.
და ახლა ვდგავარ, თითქოს, უეცრად
შენში დიდი ხნის მტერი ვიცანი.
ასე გამოდის - უამრავ სიკვდილს
გადავრჩი, აქ რომ მოვმკვდარიყავი.
***
როგორი ძლიერი გამოდგა ეს სიყვარული,
რამდენ ხანს გასტანა,
ჩემზე დიდხანს იცოცხლა.
რა არ იკადრა, რომ გადარჩენილიყო:
იმათხოვრა, იტირა, იწუწუნა...
თავიც მოიმკვდარუნა,
მერე ისევ გამოტყვრა ომში დაკარგული კაცივით.
როგორ ჰგავს ჩემი სიყვარული ჩემსავე ქვეყანას,
ყოველდღე კლავენ, გახედავ და - მაინც ცოცხალია.
***
დაიძინე, მატლო ჩემო, დაუძინებელო,
სევდის ჭიავ, ძარღვზე მოფუთფუთევ.
არც მწუხრის ლოცვა, არც გლეხური იავნანა შენ არ გთენთავს.
როცა ვმღერი - შენს გასაგონად - იქნებ, ჩაგეძინოს,
როცა ვცეკვავ - შენს დასარწევად - იქნებ, ჩაგეძინოს,
როცა მძინავს - შენს მაგალითად - იქნებ, ჩაგეძინოს...
იავ ნანა, იავ ნანა, იავნანინაო,
დაიძინე, ჩემო კარგო, ჩემო პატარაო.
ჩემი სისხლით გაჟღენთილო, იავნანინაო.
ჩემი ძვლების გამომხვრელო, რამ გაგაცინაო.
ღამევ, თბილად შემინახე, გაუთენებელო,
დაიძინე, მატლო ჩემო, დაუძინებელო.
***
მშობიარეს კი არა,
შეყვარებულს აქვს ცალი ფეხი სამარეში.
თაგვია და კატას თხრის,
კატაა და - დანას.
ორი თავიც მას სჭირდება,
შეკაზმული ცხენიც,
სწავლა სიბერემდეც.
სადაც გაიქცევა, იქ წაიქცევა
და ვისაც ჩააცმევს, ის გახდის.
რაც მოგივა, ყველა შენი თავითაო, დავით!
ჩემი შენ გითხარიო...
გაუგიათ, ალია მომკვდარა და
ფეხები საითა აქვს, არ იციან.
მკვდრის ვიზიტი გარებიძაშვილებთან
ჰო, ვერასდროს მოვაღწიე თქვენამდე,
მაგრამ დღეს მოვედი,
მოვკვდი და მოვიცალე.
აღარც სამსახურში ვიყავი წასასვლელი,
აღარც სალონში, არც ექიმთან.
მომიყევით: როგორა ხართ?
ბავშვები რას შვრებიან?
საერთოდ რამდენი გყავთ, ეგეც არ მახსოვს.
მოკლედ, ყველაფერი მომიყევით,
ახლა მოგისმენთ,
ახლა გადამდგარი პრეზიდენტივით ვარ -
ბევრი დრო მაქვს.
***
დრო მირბის, ამ სიტყვებივით,
ბანალურად და სწრაფად.
"ხვალეს" იტყვი და ის წუთიც
იქვე იქცევა "ხვალად".
"ხვალეს" იტყვი და (ძაღლივით)
ხელში გეჭიროს ჯოხი.
ნეტავი, მე ვინც მიყვარდა,
იმას მეც ვყვარებოდი.
ნეტავი, რამე მომესწრო
წუწუნა ლექსის გარდა.
დრო მირბის - ამ სიტყვებივით,
ბანალურად და სწრაფად.
ზაზუნას დღე
ჩემი ზაზუნა გალიაში ზის
და ყოველდღე ხედავს,
როგორ ვდგები, ვიცვამ, ვტოვებ სახლს,
ვბრუნდები სახლში.
და უკვე აღარ ვიცი,
მე გავდივარ ზაზუნას დღეს,
თუ ჩემი ზაზუნა - თეას დღეს?!
***
ხანდახან წითლად თენდება დილა,
ფერი ეცვლება ბარდის, ვარდის ფერს.
ბარდნის ვარდისფრად წითელი ციდან.
ღამე ამოდის მთვარე სამიზნე
და ვარსკვლავს, როგორც გასროლილ ტყვიას
საკუთარ თავზე ბებერი მიწა
ასცქერის, აქ კი ქუჩაში მწევარს
ათოვს. უფრო შორს დაათოვს მწვერვალს.
წევს ნადირი და მშიერი კუჭი
აღარ აძინებს, მთების გადაღმა.
ასე სიყვარულს იტანენ ჩუმად,
ანდა უხსნიან, ასე ხმამაღლა.
***
ცა დიდად არ შეცვლილა, მიწა შეიცვალა,
გზები დათხრილია, სახლები დამწვარია.
ზეცაში მიდიან ამ სახლში ნაცხოვრები
ადამიანები... იქაც დახვდებიან
ადრე წასულები, ძველი ომებიდან,
სადღაც წლების წინ და უკვე მერამდენედ,
სამოთხის კარებს მართლები აწვებიან,
ერთხელაც იქნება, შეაღებენ!
***
რა საწყალია ძლიერი ადამიანი,
თუ გაუჭირდა, ვისთან დაიწუწუნებს?!
ყველას მისი იმედი აქვს!
დაიბნევა და ჭკუას ვერავის ჰკითხავს,
აქეთ ეკითხებიან.
რომ გაღარიბდეს, ფულსაც ვერ ისესხებს,
მისგან სესხულობდნენ...
როგორ წვალობს ძლიერი ადამიანი,
მიედ-მოედება, წრიალებს
და მერე ღმერთს დაქაჩავს კაბის კალთაზე -
მიშველე რამე, შენ მაინც ხომ ჩემზე მეტი ხარ.
****
ნეტავი, სიკვდილი ვიყო
მიწას აკრული ქვემოდან.
შენი გზაც, როგორც ყველასი,
ჩემს ფეხთით დამთავრდებოდა.
დაგიხვდებოდი, სამოთხის
სადაც იწყება მიწები,