დილა მთაში
დილას ისევ იგრძნო თავის ტკივილი. ამ ბოლო დროს ახალგაღვიძებულზე თავბრუ ესხმოდა ხოლმე. ცოტა ხანს ჭერს უყურა. ხანდახან წვიმა ჩამოდიოდა ამ ჭერიდან. ერთხელ თოვლიც კი ჩამოვიდა. ყოველთვის ეღიმებოდა ამის გახსენებისას. ნელა წამოდგა და შარვლისკენ ხელი წაიღო. მერე ორი ჯემპრი ერთად ჩაიცვა. ამ ორ ჯემპრს ყოველთვის ასე იცვამდა და იხდიდა, ერთმანეთისგან გაუცალკევებლად.
დილით ჭამა არ უყვარდა. პირდაპირ აივანზე გავიდა და გზას გახედა. იანვრიდან გზები ჩაკეტილი იყო, მარტო ამინდს თუ გაიგებდი ამ გზით. ნისლი მაგ მხრიდან მოდიოდა ხოლმე. კარგი დღე ჩანდა. ძროხა ბოსლიდან გამოუშვა და სათავსოში ფქვილის ტომარას ჩახედა. ნახევარზე მეტი იყო. ზამთრის ბოლომდე ეყოფოდა, დარჩებოდა კიდეც. ადრე ყოველთვის უდროო დროს უთავდებოდა მარაგი. რაც მიხა მოკვდა, მას შემდეგ ერთით მეტ ტომარას ყიდულობდა ხოლმე. „მიხას ფქვილი“ ერქვა ამ ტომარას. სანამ მიხა იყო, ორნი რჩებოდნენ მთაში. არც მას ჰქონდა დიდი ჭირნახული, მაგრამ მაინც იმედი იყო. შარშანდელი ზამთრიდან მოყოლებული ხელუხლებელი იდო „მიხას ფქვილი“. შეიძლება მატლიც დაეხვაო, გაიფიქრა.
სახლში შებრუნდა. ასანთი აიღო და ღუმელთან მივიდა. გაახსენდა, შეშა ჰქონდა შემოსატანი. სამოცდათექვსმეტი წლის იყო. ხშირად ავიწყდებოდა, რა რის შემდეგ უნდა გაეკეთებინა. აივანზე დაწყობილი შეშიდან რამდენიმე აიღო და შემობრუნდა. გამურული ჩაიდანი ცეცხლზე დაადგა. ყველი დაჭრა და წინა დღეს გამომცხვარ პურს მიაყოლა. ციოდა, კიდევ შეუკეთა შეშა. ტანსაცმელზე დაიხედა, ორი ჯემპრი და ტყაპუჭი ეცვა. სხვა რაღა ჩავიცვაო, გაიფიქრა. ცეცხლი დატოვა და ლოგინში ჩაწვა. ახლოს ედგა ღუმელთან. სექტემბრიდან მოყოლებული, თითქოს კაცი დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგოო ისე შეიკუმშებოდა ხოლმე ოთახი. შუაგულშიც არა, ერთ კუთხეში, ღუმელთან მოიკრიფებოდა ყველაფერი: საწოლი, სკამი, მაგიდა, ორიოდე გაზეთი, წიგნი. მარტამდე ასე იყო. საწოლის უკან ჩაჩოჩებით იწყებოდა გაზაფხული. საბანი ყოველთვის თბილი ეფარა, მხოლოდ ღუმელს მოცილდებოდა ნელ-ნელა. ერთი სხვა ფერით შეღებილი ფიცარი ჰქონდა იატაკს. მას რომ გაცდებოდა საწოლი, ამინდი უკვე გამოსული იყო. უყვარდა ის ფიცარი. კაი თხუთმეტი წლის წინათ იატაკი რომ შეღება, საღებავი არ ეყო და ეს ფიცარი წყალწყალა შინდისფერი გამოუვიდა, ყველაზე ადრე, სწორედ მას გადაეცალა ფერი.
* * *
დილას სიცივემ გააღვიძა. ცეცხლი ჩამქრალიყო. „ადექი, გოგი“ თავს შეუძახა, მაგრამ ჯემპრები რომ ჩაიცვა, ისევ ჩაწვა. ლოგინიდან უყურებდა ფანჯარას. მაღლა მთაზე სალოცავი ჩანდა. ერთმანეთზე დადებული ორი ქვა და ჯვარი. ძველებისგან ჰქონდა გაგონილი, ერთხელ მაგ მთაზე ქრისტე ნახეს და სალოცავიც მას მერე დაადგინესო. სულ სხვადასხვანაირად ჰყვებოდნენ ქრისტეს ნახვის ამბავს. თურმე ერთ უშვილო დედაბერს ზურგით შეშა ჩამოჰქონდა. ვიღაც კაცი დაუნახავს მთაზე ამომავალი. მასავით მოხრილი, ზურგზე მოკიდებული ჯვრით. ოფლი და სისხლი სახეზე ღვარად ჩამოსდიოდაო.
მიხა ასე ჰყვებოდა ამ ამბავს: „შაშიას თურმე ზურგით შეშა მოჰქონდა და გზაში ქრისტე შეხვდა“. გოგი ყოველთვის ჩაეკითხებოდა: „რა იცი, რომ ქრისტე იყო“. „ჯვარწამოკიდებული კაცი, მთის აღმართზე მიმავალი სხვა ვინ იქნებოდა“. „რა იცი, რომ შაშია იყო, სხვა ცოტაა დედაბერი“. „შაშიასთანა საწყალი და უპატრონო – არც ერთი“.
ამ ამბის შემდეგ ყოველთვის თაო ახსენდებოდა. ახლაც ის გაახსენდა. ერთხელ მთელი სოფელი შეიყარა, ბავშვი დავკარგეთო. თაოს ეძებდნენ. მერე მთიდან ჩამოიყვანეს ღამისპერანგა. შუა ტყეში იდგა წყლის დოქით, ის დაღლილი კაცი თუ კიდევ ჩამოივლის, დავალევინებო. მთელი სოფელი სიცილით იხოცებოდა.
სიბერეში ისევ ტყეში სიარული დასჩემდა თაოს. ყოველ წითელ პარასკევს ჭიქა წყლით გავიდოდა ტყეში და შუადღის სამ საათამდე იქ იდგა.
* * *
ეზარებოდა ადგომა.
„გათენდა გოგი, შენ თუ არ ადგები, სხვა არავინ ადგება ამ სოფელში“ თავს შეუძახა ჩვეულებისამებრ. ფეხები გადმოყო საწოლიდან და შარვალს მიწვდა. ჩვეულ ადგილას არ დახვდა. ძაღლს იატაკზე ჩამოეთრია და ზედ მოკალათებულიყო. ჩუსტი გაკრა, ფეხზე წამოაგდო წკავწკავით. ღუმლის ქვეშ გასაშრობად შეწყობილი წვრილი შეშა გამოიღო. ცეცხლს შეუჩხიკინა. მერე აივანზე დაფერთხა ბურტყლიანი შარვალი. ფეხი გაუყარა. ძლივს შეიკავა თავი, რომ არ წაქცეულიყო. მიხას უთხრა ერთხელ: „ქალი რომ გვერდით გიწევს და არ გინდა, ეგ უკვე სიბერეა“ „არა ეგ სიბერე არ არის“, – არ დაეთანხმა მიხა, – „სიბერე ისაა, ფეხზე დამდგარი შარვალს რომ ვერ ჩაიცვამ“.
ფართხუნით შევიდა ოთახში და საწოლზე ჩამომჯდარმა ჩაიცვა. შემდეგ ისევ გარეთ გამოვიდა. ძროხა გამოუშვა ბოსლიდან. სათავსოში შეიარა და მიხას ტომარას ხელით ამოურია. ფქვილს მატლი ამოჰყვა. სახლში შევიტან და გავცრიო, ვერ დაძრა. ჯამში გადმოყარა ფქვილი და ასე წაიღო.