"ენოქის წიგნი" დაუმსახურებლად არის გამოდევნილი საღვთისმსახურებო გამოყენებიდან და მიკუთვნებული ძველაღთქმისეულ აპოკრიფულ ლიტერატურას. ეპისკოპოსი მიტროფანე[1] ხაზს უსვამს მის ავტორიტეტს და აღნიშნავს, რომ მას იმოწმებდნენ როგორც მოციქულები, ასევე ქრისტიანობის პირველი საუკუნის წმიდა მამები. ბიბლიის ეთიოპიური კანონის შემადგენლობაში აღმოჩენილი ენოქის წიგნი შედგება ხუთი ნაწილისგან:
1) დარაჯთა წიგნი (თთ. 1-36);
2) სიმბოლოთა, ანუ იგავთა წიგნი (თთ. 37-71);
3) ასტრონომიული წიგნი, ანუ წიგნი ზეციურ მნათობთა მოძრაობაზე (თთ. 72-82);
4) ხილვათა წიგნი (თთ. 83-90)
5) ენოქის ეპისტოლეთა წიგნი (თთ. 91-108).
ცნობილია, რომ ენოქის წიგნი ბერძნულ ეკლესიაში იკითხებოდა VIII ს-მდე, მაგრამ მოგვიანებით ის გაქრა საეკლესიო მიმოქცევიდან. უკვე "IV ს-ის მიწურულიდან ენოქისეული ლიტერატურის ციტირება მართლმადიდებლობიდან გადახრის ნიშნად აღიქმება, რადგან ენოქისეული ტექსტებს აქტიურად იყენებდნენ მანიქეველები.[2] ამავდროულად, ენოქის წიგნის ისტორიულ გამოკვლევებში ის მაინც ავტორიტეტულ წიგნად რჩება. ასე მაგალითად, მისი მთელი ფრაგმენტებია შესული ბიზანტიელი ისტორიკოსის გიორგი სვინკელოსის (IX ს) ქრონიკებში.[3] როგორც ცნობილია, აბისინიაში (ეთიოპია) აღმოაჩინეს ენოქის წიგნის ტექსტის ოთხი მანუსკრიპტი, რომლებიც შემდეგ ევროპის სხვადასხვა ბიბლიოთეკებში გადანაწილდა. ამასთან ტექსტებში აღინიშნებოდა არსებითი განსხვავებანი და წაკითხვანი, კორექტული თარგმანისთვის კი საჭირო იყო მათი დეტალური შედარება. ეს სამუშაო XIX ს-ის შუაწლებში შეასრულა გერმანელმა ბიბლეისტმა დილმან ავგუსტმა. შედეგად მის მიერ გასწორებული ეთიოპიური ტექსტი გერმანულ ენაზე გამოიცა.[4] მოგვიანებით გამოიცა იმავე ავტორის კიდევ უფრო ზუსტი თარგმანი.[5] დილმანის კომენტარებს ძალიან დიდი ღირებულება გააჩნიათ, რადგან ის "მეცნიერული სერიოზულობით, საკმაო სისრულითა და სიზუსტით გამოირჩევა".[6] 1949 წელს აღმოჩენილ ყუმრანის გრაგნილებში, ენოქისეული ტექსტების ძირითადმა მასამ ჩვენამდე არამეულ ენაზე მოაღწია, თუმცა გვხვდება მცირე ფრაგმენტები ებრაულ ენაზეც. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის წიგნთაგან ენოქის წიგნი მესამე იყო პოპულარობით მკვდარი ზღვის ყველა გრაგნილთა შორის, რომელმაც თავისი პოპულარობით დაბადების წიგნსაც კი გადაასწრო. ენოქის წიგნი ყუმრანის ხელნაწერებში წარმოდგენილია ოცდახუთი გრაგნილით. უფრო მეტი რაოდენობა აღერიცხებათ ფსალმუნებს და მეორე სჯულთა წიგნს.
[1] Митрополит Митрофа́н (в миру Алексей Васильевич Бада́нин; род. 27 мая 1953 года, Ленинград) — архиерей Русской Православной Церкви, митрополит Мурманский и Мончегорский, глава Мурманской митрополии.
[2] იხილეთ, მაგალითად, კელნის მანიქეველური კოდექსი (Colon. 4780) (Ткаченко А.А., Агеева Е.А. Енох // Православная энциклопедия. М., 2012. Т. 18. С. 464).
[3] Black М. Apocalypsis Henochi Graece. Leiden, 1970. P. 10,12, 19-37
[4] Liber Henoch Aethiopice, ad quinque codicum (idem editus, cum variis lectionibus. Lpz., 1851.
[5] Das Buch Henoch: Obers. und Erkl. Lpz., 1853
[6] Смирнов А.В. Книга Еноха. Историко-критическое исследование. Казань, 1888. Вып. I.. С. 12