თავი 1 ერკიულ პუარომ შუბლი შეიკრა.
- მის ლემონ!
- დიახ, მესიე პუარო?
- ამ წერილში სამი შეცდომაა.
პუარო თვალებს არ უჯერებდა: მის ლემონი, შესანიშნავი მდივანი, არასოდეს უშვებდა შეცდომას, არც ავადმყოფობდა, არც იღლებოდა, ყოველთვის გამოირჩეოდა ყურადღებიანობითა და აკურატულობით. შეიძლება ითქვას, ქალი კი არა, ყოველმხრივ გამართული მანქანა იყო - იდეალური მდივანი. ყველაფერი იცოდა, ყველაფერი ეხერხებოდა. მან ერკიულ პუაროს ცხოვრებაც ისე მოაწყო, რომ მასში გაუთვალისწინებელი არაფერი ხდებოდა. პუარომ ხომ დიდი ხნის წინათ აირჩია დევიზად „წესრიგი და მეთოდი“ და იდეალური მსახურის, ჯორჯისა, და იდეალური მდივნის, მის ლემონის წყალობით მის ცხოვრებაში მუდამ წესრიგი და მეთოდი დომინირებდა. უკმაყოფილების საბაბიც კი არ ჰქონდა.
აი, დღეს დილით კი მის ლემონმა სამი შეცდომა დაუშვა ჩვეულებრივი წერილის ბეჭდვისას. მეტიც - ისინი ვერც შეამჩნია. ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა!
ერკიულ პუარომ ქალს ავბედითი წერილი გაუწოდა. უზომოდ გაოცებულს გაბრაზებაც კი არ შეეძლო, ვინაიდან მოხდა ის, რაც წარმოუდგენლად მიაჩნდა!
მის ლემონმა ფურცელი გამოართვა და თვალი გადაავლო. პუარომ ცხოვრებაში პირველად დაინახა, როგორ გაწითლდა მისი მდივანი - სახე ისე წამოუჭარხალდა, სიწითლემ მისი ხეშეში თმის ძირებამდეც კი მიაღწია.
- ღმერთო ჩემო! - შესძახა ქალმა, - ვერ გამიგია, ეს როგორ... თუმცა არა, ვხვდები. ეს ჩემი დის გამო მოხდა.
კიდევ ერთი მოულოდნელობა. პუარო ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ მის ლემონს და ჰყავდა, ისევე, როგორც დედა, მამა, ბებია ან ბაბუა. ქალი ისე ჰგავდა კონვეიერიდან ჩამოსულ ავტომატს, ასე ვთქვათ, ზუსტ ხელსაწყოს, რომ არც განცდები უნდა ჰქონოდა და არც ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული რამე პრობლემა. ყველამ ჩინებულად იცოდა, რომ მის ლემონი კარტოთეკის ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობდა და ამ გამოგონების დაპატენტებას აპირებდა, რაც მის სახელს უკვდავყოფდა.
- თქვენი დის? - უნდობლად ჩაეკითხა ერკიულ პუარო.
- დიახ, - ენერგიულად მიუგო მის ლემონმა, - თუ არ ვცდები, ის არასოდეს მიხსენებია თქვენთან. თითქმის მთელი ცხოვრება სინგაპურში გაატარა. მისი ქმარი იქ კაუჩუკით ვაჭრობდა.
ერკიულ პუარომ გაგებით დააქნია თავი. სავსებით ბუნებრივად მოეჩვენა, რომ მის ლემონის დამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი სინგაპურში გაატარა. მისთვის ეს შესაფერისი ადგილი იყო. მის ლემონის მსგავსი ქალების დები სწორედ სინგაპურელ ბიზნესმენებს უნდა გაჰყოლოდნენ ცოლად, რათა ყველა მის ლემონს შეუფერხებლად ემუშავა თავის დამქირავებელთან (მოცალეობისას კი კარტოთეკის სისტემა გამოეგონებინა).
- გასაგებია, - თქვა პუარომ, - განაგრძეთ.
მის ლემონმა განაგრძო:
- ჩემი და ოთხი წლის წინათ დაქვრივდა. შვილი არა ჰყავს. მისთვის პატარა მყუდრო ბინა მოვძებნე ნორმალურ ფასად (ცხადია, მის ლემონს ამ თითქმის გადაუჭრელი პრობლემის მოგვარებაც შეეძლო.)...
- ჩემი და უზრუნველყოფილია ფინანსურად... მართალია, ახლა ფული გაუფასურებულია, მას მცირე მოთხოვნილებები აქვს და სავსებით კომფორტულად იცხოვრებს, თუკი გონივრულ სიფრთხილეს გამოიჩენს.
მის ლემონი ერთხანს გაჩუმდა, შემდეგ კი დაამატა:
- თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მარტოსულად გრძნობდა თავს. არასოდეს უცხოვრია ინგლისში, აქ არც ძველი მეგობრები და ამხანაგები ჰყავდა, თავისუფალი დრო კი თავზე საყრელი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ექვსიოდე თვის წინათ მითხრა, რომ მუშაობის დაწყებაზე ფიქრობს.
- მუშაობის?
- სტუდენტური საცხოვრებლის მეპატრონე ქალი ნახევრად ბერძენია. მას მნე სჭირდებოდა მეურნეობის გასაძღოლად და საქმის მისახედად. ეს ძველმოდური შენობაა ჰიკორიროუდზე. გეცოდინებათ, სადაც არის.
პუარომ არ იცოდა.
- ოდესღაც ძალზე ფეშენებელური რაიონი იყო. იქ ჩინებული სახლებია. ჩემს დას საუცხოო პირობები შესთავაზეს: საძინებელი, სასტუმრო ოთახი და პატარა სამზარეულოც კი...
მის ლემონი კვლავ გაჩუმდა.
- აჰა, - ჩაურთო დაინტერესების გამოსახატავად პუარომ, რომელიც ქალის ნაამბობში განსაკუთრებულს ჯერ ვერაფერს ხედავდა.
- თავდაპირველად დავეჭვდი, მაგრამ ჩემმა დამ დამარწმუნა. მას არ სჩვევია უსაქმოდ ყოფნა. ძალზე პრაქტიკული ადამიანია და საქმის გაძღოლაც ეხერხება. ისიც უნდა ვთქვა, რომ საკუთარი თანხის ჩადებას არ აპირებდა. ის მხოლოდ დაიქირავეს. დიდი გასამრჯელო არც შეუთავაზებიათ - ეს არც სჭირდებოდა - და არც საქმე ჩანდა მძიმე. ყოველთვის მოსწონდა ურთიერთობა ახალგაზრდებთან. მან დიდი დრო გაატარა აღმოსავლეთში, კარგად ერკვევა ეროვნულ ფსიქოლოგიაში და იცის, როგორ მიუდგეს უცხოელებს. საცხოვრებელში კი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები არიან. უმრავლესობა, ცხადია, ინგლისელია, მაგრამ მათ შორის შავკანიანებსაც შეხვდებით.
- გასაგებია, - თქვა ერკიულ პუარომ.
- როგორც ამბობენ, ახლა საავადმყოფოებში მედდების ნახევარზე მეტი შავკანიანია, - ყოყმანით თქვა მის ლემონმა, - ეტყობა, ინგლისელებზე ყურადღებიანები და გულთბილები არიან... თუმცა, მგონი, გადავუხვიე. ერთი სიტყვით, ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და