სამი ეკლესია
ქრისტიანობა მსოფლიოში ყველაზე დიდ რელიგიას წარმოადგენს. დედამიწის ყოველი მესამე მცხოვრები ქრისტიანია – ეს დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს შეადგენს.
ქრისტიანობა მსოფლიოს 237-დან 164 ქვეყნის ძირითად რელიგიას წარმოადგენს. იგი სამ ეკლესიად (განშტოებად) იყოფა – კათოლიკური, პროტესტანტული და მართლმადიდებლური.
კათოლიკური - სამიდან ყველაზე დიდი
რომის კათოლიკური ეკლესია ამ სამი ეკლესიიდან ყველაზე დიდია. მას თითქმის ერთი მილიარდი ადამიანი ეკუთვნის – რაც დედამიწის მოსახლეობის ერთ მეექვსედს შეადგენს. მისი ცენტრი რომში, იტალიაში მდებარეობს და არჩევნების გზით დანიშნული პაპი ხელმძღვანელობს. ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული ეკლესია საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, პოლონეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, სლოვენიაში, ხორვატიაში, ლიტვაში, ტანზანიაში, ანგოლაში, რუანდაში, კონგოში, კანადასა და სამხრეთ ამერიკის უმეტეს ნაწილში (გაიანას და ზოგიერთი კუნძულის გარდა).
კათოლიკური ეკლესია საკუთარ თავს დედამიწაზე ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიად და ასევე, სხვებთან შედარებით, უფრო ძველად მიიჩნევს. კათოლიკეებს აერთიანებთ პაპის, როგორც დედამიწაზე ქრისტეს წარმომადგენლის მრწამსი. ამ მრწამსს სხვა ქრისტიანული ეკლესიები არ იზიარებენ. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური ეკლესიის მიმდევრების რაოდენობა უმნიშვნელოდ მატულობს, იგი მაინც თანდათან მცირდება დედამიწის მოსახლეობის ზრდის პროცენტულობასთან შეფარდებით2.
მეორე ადგილი პროტესტანტებს უჭირავთ
სიდიდით მეორეს პროტესტანტული ეკლესია წარმოადგენს.
დაახლოებით 720 მილიონი ადამიანი საკუთარ თავს პროტესტანტს უწოდებს. ზოგიერთი ქვეყანა, სადაც ქრისტიანების უმრავლესობას პროტესტანტები წარმოადგენენ – გერმანია, ფინეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჰოლანდია, ნორვეგია, ლატვია, გრელანდია, დანია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისლანდია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ნიგერია, კენია, სამხრეთ კორეა, ზიმბაბვე, ესტონეთი, ბოტსვანა, მალავი, მოზამბიკი, კოტ დივუარი, განა, ლიბერია, ნამიბია და უგანდა.
პროტესტანტული ეკლესიების რიცხვს მიეკუთვნებიან ლუთერანები, ბაბტისტები, ანგლიკანები, ორმოცდაათიანელები, რეფორმატორები, მეთოდისტები, პრესვიტერიანელები, დამოუკიდებელი ხარიზმატები, ადვენტისტები და სხვა. (მაგრამ არა მორმონები და იეჰოვას მოწმეები).
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკლესიებს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ, როგორც წესი მათ აერთიანებთ მრწამსი, რომ გადარჩენა მხოლოდ რწმენით მიიღწევა და წმიდა წერილის ავტორიტეტი აღემატება ეკლესიის გარდამოცემას. ეს და კიდევ სხვა საკითხები განაცალკევებს მათ კათოლიკეებისა და მართლმადიდებლებისაგან, რაც მოცემულ წიგნში განიხილება. მიიჩნევა, რომ პროტესტანტული ეკლესიები დაარსდა მარტინ ლუთერის რეფორმაციის დროს ახ.წ. 1517 წ.
დედამიწის მოსახლეობასთან პროცენტულ მიმართებაში, პროტესტანტები სამიდან ერთადერთ სწრაფად მზარდ ეკლესიას წარმოადგენენ. ყოველწლიურად მათი რიცხვი დაახლოებით სამი პროცენტით მატულობს. ამ ზრდიდან ძირითადი წილი ევანგელურ ეკლესიებზე მოდის. ევანგელური მორწმუნეები, ორგანიზაცია “ოპერეიშენ ვორლდ”1-ის განმარტებით1 არიან ისინი, რომლებიც ხაზს უსვამენ გადარჩენას მხოლოდ ქრისტეს რწმენით, პირად მოქცევას, ბიბლიას, როგორც უმაღლეს ავტორიტეტს და მახარებლობისადმი მიძღვნას. ზოგიერთი კათოლიკე და მართლმადიდებელიც ევანგელური მორწმუნეა, თუმცა უდიდეს უმრავლესობას პროტესტანტები წარმოადგენენ.
აღმოსავლური მართლმადიდებლობა
დაახლოებით 211 მილიონი ადამიანი მართლმადიდებელ ეკლესიებს ეკუთვნის. ყველაზე დიდ ჯგუფს შეადგენს თორმეტი დამოუკიდებელი ჯგუფის გაერთიანება, რომლებიც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობენ, თუმცა მისი წევრები მთელ მსოფლიოში არიან. ეს ეკლესიები ერთ მრწამსს იზიარებენ და ერთმანეთთან მოზიარეობას ინარჩუნებენ. იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ძირითად რელიგიას აღმოსავლური მართლმადიდებლობა წარმოადგენს, შეადგენენ რუსეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, მოლდავეთი, ბულგარეთი, სერბეთი, ალბანეთი, მაკედონია, მონტენეგრო, უკრაინა, ბელორუსია, საქართველო და კვიპროსი. მართლმადიდებლურ ქვეყნებად ითვლება ერითრეა, ეთიოპია და სომხეთი, მაგრამ მათი ეკლესიები არ შედის მართლმადიდებელი ეკლესიების მთავარ გაერთიანებაში, ისევე როგორც მცირერიცხოვანი ნესტორიანული, კოპტური და განდგომილი მართლმადიდებლური ჯგუფები. მსოფლიო ორგანიზაცია “ოპერეიშენ ვორლდ” მათ მართლმადიდებელი ეკლესიების რიცხვს მიაკუთვნებს, ვინაიდან ქალკედონის კრების დადგენილებების გარდა, ძირითად მრწამსს იზიარებენ. ისევე, როგორ კათოლიკეების, მართლმადიდებელი მორწმუნეების რიცხვიც უმნიშვნელოდ მატულობს, მაგრამ არა ისეთივე სისწრაფით, როგორც დედამიწის მოსახლეობა იზრდება.
მართლმადიდებლებს კათოლიკეებთან ბევრი საერთო აქვთ, მაგრამ უარყოფენ პაპის ძალაუფლებას და საკუთარ თავს თვლიან ერთადერთ ეკლესიურ ორგანიზაციად, რომელიც მოციქულთა სწავლების ერთგული დარჩა. ასევე საკუთარ თავს უძველეს ეკლესიად მიიჩნევენ.