სიზმარი სამოთხეზე (ია ჯინჭარაძის ლირიკული დღიური)
ამ მხრივ თუ დავფიქრდებით:
ძალდაუტანებლად წამოგვაგონდება არაერთი ლირიკული გმირი, გაცხადებულად რომ მიისწრაფიან სამოთხისაკენ და... თავიანთი ხილვები და წარმოსახვანი ეგულებათ იქ შესაღწევ საშვად.
მაგრამ საშვი გინდოდეს და:
სამოთხიდან თავდასაღწევად?
თურმე ამის შემსწრეც უნდა გავეხადეთ ია ჯინჭარაძის ლირიკულ გმირს მის ახალ პოეტურ კრებულში:
„ჩემთან მობრუნდა ყველა უცნაური“ –
სახელწოდება იმთავითვე რომ მიგვანიშნებს იმ უჩვეულოს, მკვეთრად თავისებურს, ყოველგვარ კალაპოტს გადაცდენილს, რითაც აღვსილა პოეტის ბოლოდროინდელი ლირიკული ფიქრები, აქამდეც აღბეჭდილი უეცარი, მოულოდნელი ხილვებით, ამჯერად კიდევ უფრო რომ გამძაფრდებოდა ეს ხილვანი და რელიგიური სარჩულიც უფრო ხელშესახებად გამოეკერებოდა:
ამ სამყაროში კიდევ უფრო ჩაღრმავებად, და არა მხოლოდ მოხდენილ და ეფექტურ მეტაფორებად, შედარებებად, გაელვებებად.
და სამოთხიდან თავდასაღწევი საშვიც მანამდე სურს, ვიდრე იქ მოხვდებოდეს.
ჯერ არ შეუღწევია და... უკვე გამოღწევას ნატრობს?
ასეა მის მხატვრულ ძიებებში, და ეს იმიტომ:
კიდევ უფრო რელიეფურად და კანთიელად განიცადოს წუთისოფელი, ამქვეყნიური არსებობის ხიბლსა და მადლს სრულყოფილად ჩაწვდეს და... მერეღა მიიჩნიოს თავი ღირსად, შეაღოს სამოთხის კარი.
მაინც რას გულისხმობს ეს საშვი, სამოთხიდან თავდასაღწევი?
თუმც მანამდე:
ერთხანს ეგებ დარაჯადაც ედგეს სამოთხის კარს.
და თუ გაუჩნდება ცნობისწადილი, ერთი უპირველესი იმის შეტყობა მოინდომოს:
ნეტა როგორია შემოდგომა სამოთხეშიო?
და თავისი წარმოსახვა ამგვარად შესთავაზოთ მკითხველს:
ალბათ სავსეა ხეებით,
აქ რომ კეთილად იცხოვრეს,
და ხეებით,
ცეცხლს რომ შევუკეთეთ,
და ფოთლებიც კი არ კვდებიან –
შრიალებენ, შრიალებენ.
ეს შრიალი გამოსდევს ლირიკულ-დრამატულ ხილვებს იდუმალ მუსიკად, ხილვებს, უმთავრესად სიზმარეულ ჩვენებებში რომ ჩაძირულან და პოეტური კრებულიც ზმანებათა ფონიდან ამიტომ ამოზრდილა, ყოფითობა უპირატესად ნაფლეთებად, ნასხლეტებად რომ უნდა შემოიჭრას, თუმც ეს ნაფლეთ-ნასხლეტები იმისთანაა, ყოფითი სინამდვილის უფსკრულს უკიდურესი სიმწვავით რომ განგაცდევინებს.
ლირიკული გმირი ხომ ეძებს ხმელეთს, სადაც არა ჰკითხავენ:^
აქ რა გინდაო?
და თავისივე ჩრდილს, რათა შეეფაროს ისეთი დაღლილი, თითქოსდა იმ ხალხმრავლობიდან დაბრუნებულიყოს, სადაც გაჰყვიროდა:
– ბარაბა! ბარაბა!
ეს ხომ ის შეგრძნებაა, თავსაც რომ არ უტყდებიან ადამიანები, არამცთუ საქვეყნოდ გაამხილონ, თუ სად შეიძლება აღმოჩენილიყვნენ მაცხოვრის ჯვარცმისას.
ამ გადასახედიდან ადვილია თქმა: იესოს გადარჩენას შევეცდებითო!.. – მაგრამ როდესაც იესო კვლავდაკვლავ გვევლინება ათასგვარი სახით, თუ ვამჯობინებთ ან თუ ვახერხებთ, სიკეთის მხარეს ვიპოვნოთ ადგილი და არა ბოროტებისა. ნებით თუ უნებურად ხომ არ გავყვირით ხოლმე: ბარაბა! ბარაბას! – და მერე დაღლილნი, მაგრამ კმაყოფილნი ხომ არ ვუბრუნდებით ჩვენ-ჩვენს სადგომს?!.
ძნელია ამის აღიარება, იქნებ სულაც შეუძლებელი?
მაგრამ როდესაც გულგადახსნილი დგახარ უფლის წინაშე, დაე უმძაფრესი იყოს პასუხისმგებლობა და აიღო შენს თავზე ისიც, რაც არ ჩაგიდენია, მაგრამ საფრთხილოა, რაღაც ამგვარში არ გაიხლართო, დემაგოგთაგან წაქეზებულ ბრბოში, და დიდი პასუხისმგებლობა გაწევს თვისტომთა წინაშეც, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოგლიჯო „ბარაბა! ბარაბას!“ ძახილს.
ამიტომაც დაე ყოველჟამ ფხიზლობდეს სული და ისევე მოუწოდებდეს მკითხველებსაც გამუდმებული სიფხიზლისაკენ, რითაც აღბეჭდილა ოთხივე მახარებლის მონათხრობი, იესო სულ ამას რომ შეაგონებდა მოწაფეებსაც და ყველასაც გარშემომყოფთ:
იფხიზლეთ, ნუ გძინავთო.
პარადოქსად გამოიყურება, არა, თან ეს მოწოდება სიფხიზლისაკენ ამ კრებულიდან და თან ეს ჩაძირვა სიზმარეულ ჩვენებებში?
მაგრამ ეს არის პოეტური პარადოქსი, მხატვრული აბრუნდი, განზრახული სწორედ იმისათვის, თან მოგატაროს ზმანებათა საუფლო, როგორც გზაბილიკები იდუმალთან მისაახლოებლად, და თან მთელი არსებით განგაცდევინოს აუცილებლობა სიზმართაგან ამოტივტივებისა.
აქ კი დაგხვდება თუნდ ქვის გულიდან ამოსული ლეღვის ხე, რომელიც იესომ დაწყევლა, და ამიტომაც უცნაური უნდა იყოს მისი ნაყოფი, ია ჯინჭარაძის ლირიკული სახისმეტყველებისათვის ნიშანდობლივი:
გველის წიწილივით რბილი და ტკბილი, როგორც... სიზმარი სამოთხეზე.
ხემ უნდა იშრიალოს ქვის საიდუმლო, იშრიალოს ეს ძახილი: კაენ... კაენ!..
ლირიკულ გმირს კი ჯაყვა რომ დააქვს, იმ იმედით, ერთხელაც უშველოს ლეღვის ხეზე გათოკილს ან აყვირებულს, არსებითად კი უშველოს თავის თავს – ჯავრიანს, და კიდეც უნდა ამოკაწროს მის ტანზე ჯვარი.
ოღონდ აღარ ახსოვდეს:
ქრისტეს აქეთ
თუ
ქრისტეს იქით.
დროის ქრონოლოგია უნდა წაიშალოს, რათა ამქვეყნიური რეალობა გამთლიანდეს უსაზღვროებად და ასე გაგიჩინოს შეგრძნება სიზმრისა სამოთხეზე.
აქ დაგხვდეს თუნდ ყველაზე ფრთხილი ამბავი, რომელიც შეიძლება ჩაგატყდეს ხელში, ვით ბროლის ჭიქა, და რაღას გიშველის, ცრემლი რომ მოგადგება წყაროზე წასულ თებრონესავით.
სიზმრად შესაძლოა დამასკოც გექცეს, და შემოგანათოს ტიბეტელმა მღვდელმაც მზესუმზირებით, და... ბავშვობაში დარგულმა ლურსმნებმაც, იდუმალების სიტყვები კი მოელვარე ძვირფასი თვლებივით ჩამარხო გულის ლუსკუმაში; და როდესაც სიმძიმილი დაგეუფლება და მიხვდები, ვეღარ ვუძლებ საკუთარ უფსკრულსო, ამოზიდო, ყელზე მძივივით შემოიხვიო და... საშველიც