წინასიტყვაობა
ეს წიგნი მეშვიდეა იმ წიგნთა შორის, რომლებიც გამოიცა ზაზას გარდაცვალების შემდეგ. მას შემდეგ კი ცხრა წელი გავიდა.
თითქმის ყველაფერი რომ გამოვაქვეყნე ზაზას უცნობი ნაწერებიდან, დარჩა ერთი პიესა – „თხა და გიგო“, რომელიც 90-იან წლებშია დაწერილი. დიდხანს ვიფიქრე, როგორ აჯობებდა მისი გამოცემა – ცალკე თუ სხვა მოთხრობებთან ერთად. ბოლოს ისევ ზაზა დამეხმარა. ერთ დღეს გადავიკითხე მის მიერვე შედგენილი მოთხრობების ერთადერთი წიგნი – „მოხეტიალე“, რომელიც დასტამბა გამომცემლობა „მერანმა“. დიდი ხანი იყო, არ წამეკითხა, რადგან ამ უზაზო წლებში მხოლოდ იმაზე ვმუშაობდი, რაც გამოუქვეყნებელი იყო. „მოხეტიალეს“ კითხვისას თითქოს გონება გამინათდა – ეს წიგნი 1999 წელს გამოიცა. ვიღას ახსოვს ან ვიღას ჩაუვარდება ხელთ ეს მცირეტირაჟიანი კრებული?! ამიტომ გადავწყვიტე, „მოხეტიალესთან“ ერთად, რამდენიმე მოთხრობის დამატებით, გამომეცა ზაზას პიესაც.
ერთი-ორი სიტყვით მინდა გიამბოთ, როგორ დაიწერა „თხა და გიგო“.
ომისშემდგომი 90-იანი წლებია. ჩაბნელებული, დანგრეული და გაუბედურებული თბილისი და მთელი საქართველო ცდილობს სულის მობრუნებას. ჩვენც, ხალხიც ვცდილობთ. მე და ჩემი თანამშრომლები დავდივართ რედაქციაში, თუმცა „ბალავერი“, ჩვენი ჟურნალი, უსახსრობის გამო არ გამოდის. მაინც დავდივართ – ვერთობით, ვსაუბრობთ, ზოგჯერ მწირი სუფრაც იშლება. თვეში ერთხელ ხელფასს გვაძლევენ. ჩვენი ხელფასი კუპონებშია – 4 დოლარის ეკვივალენტი. აღარ მახსოვს, რამდენი კუპონი იყო, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ბიჭებმა დოლარებში რომ გადაიყვანეს, 4 გამოვიდა. ახლაც არ ვიცი, როგორ ვარსებობდით. რედაქციის ცხოვრებას ზაზას მოთხრობებში ამოიკითხავთ, ზედმიწევნით რეალისტურია. ერთხელ „პოლილოგის“ გამომცემელი მოვიდა, ზაზას ლექსები სთხოვა. როცა ჟურნალი დაბეჭდა (კუსტარულად, საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა და ალბათ სტამბაში კინძავდა. ნაცნობ პოეტებს და მწერლებს უბეჭდავდა ნაწერებს), ზაზას მოუტანა რედაქციაში. ზაზამ გადაათვალიერა, რაღაცას ჩაუღრმავდა და კითხვა რომ დაამთავრა, ძალიან ნაწყენმა შესძახა: „ეს რა სათაური გაუფუჭებია, მე დავწერ „თხა და გიგოს!“ მართლაც დაწერა. მასთან ერთად ხმამაღლა ვკითხულობდი ხოლმე რასაც დაწერდა, და სიცილით ვიგუდებოდით. ბოლო ტრაგიკულია. თავად ნახავთ.
საერთოდ, დღემდე მაოცებს ზაზას უნარი, ერთ ტექსტში (და ეს ეხება როგორც პოეტურ, ისე პროზაულ ნაწარმოებებს), თითქმის ერთმანეთის გვერდით თანაარსებობდეს კომიზმი, ტრაგიზმი, თვითირონია, სარკაზმი, იუმორი, გროტესკი, რეალიზმი, სიზმრისეული საბურველი და სხვ. ზაზას მოთხრობებში შერწყმულია ფხიზელი ანალიტიკური განსჯა და ვნებათა სიმძაფრე, მუდმივი ძიება და მუდმივი დაუკმაყოფილებლობა იმ რეალობით, რომელიც სუფევს არა კონკრეტულ დროში (თუმცა ეს დრო, ერთი შეხედვით, მეტისმეტად კონკრეტულია – თბილისით და მისი ქუჩებით, ქალაქის ხედებით, შუქ-ჩრდილებით, ზეცითა და ჰაერით), არამედ ზოგადად: თითქოს მთელი კოსმოსი იშლება ატომებად, ინგრევა ყველაფერი – ადამიანის გარე და შინაგანი სამყაროც. ზაზას გმირები მუდამ ეძებენ მყარ საყრდენებს და ვერ პოულობენ მას ამ ნგრევად სამყაროში. ამიტომაც არიან ისინი ერთგვარად განზემდგომნი და მარტოსულები, საზოგადოებისგან განყენებულები, თითქოს საკუთარ თავში დაურწმუნებლები და, ამავე დროს, შინაგანი სიმართლით, სიწმინდით, უკიდეგანო სიყვარულითა და ღრმა ტრაგიზმით აღბეჭდილნი. ისიც უცნაური მგონია, თუ როგორ ახერხებს მწერალი ზაზა თვარაძე, აღწერდეს თავის თანამედროვე ეპოქას, ჩვენს ხსოვნაში ჯერ კიდევ ცხადად შემონახულ სურათებს, და ყოველივე ამას ისე აწვდიდეს მკითხველს, რომ ყველაფერი უნივერსალურ მნიშვნელობას იძენდეს. მიუხედავად მოთხრობებში მკაცრად განსაზღვრული ლოკალური არეალისა, იდეა, რომლითაც გამსჭვალულია ეს მოთხრობები, ზოგადია, ზოგადადამიანური არსებობის ტრაგიზმით აღბეჭდილი.
ზაზა თვარაძე რთული ავტორია, შეიძლება ითქვას, იდუმალიც კი. მისი შემოქმედება არ თავსდება მხატვრული განხილვის მზა ჩარჩოებში და ამით თითქოს აღიზიანებს კიდეც მკითხველს თავისი მრავალმნიშვნელობით, მოულოდნელი კონტრასტებით.
ვაცნობიერებ, რომ ის მცირედი, რაც ახლა ზაზას ნაწერებზე ვთქვი, თავად მასზე მინდოდა მეთქვა. ის თვითონაა თავისი შემოქმედების მთავარი აზრი და იდეა. ყველაფერი, რასაც ის წერდა, მისი ცხოვრების არსი და შემადგენელია, ზაზაა მთელიცა და ნაწილიც ამ შემოქმედებისა ანუ სიცოცხლისა. ზემოთ ვთქვი, რომ ის რთული ავტორია. იგი თავად იყო რთული პიროვნება და შეუსაბამობა, რომელსაც ის გრძნობდა თავის შიგნით არსებულ სამყაროსა და უხეშ, გაუტანელ და არამართალ გარესამყაროს შორის, ქმნიდა მის მტანჯველ შინაგან წინააღმდეგობას, ერთი შეხედვით ფრივოლურ ჰედონიზმს და ამავდროულად ღმერთისგან მიტოვებულობის მწარე განცდას. უცნაური იყო გარეგნულად მისი მიუკარებელი და ერთგვარად განყენებული პოზა და იმავდროულად საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, სიცოცხლის უკიდეგანო სიყვარული და ამავდროულად ღრმა ტრაგიზმი...
ამ ერთი წლის წინ ჩემს შვილს, მარის, ვუთხარი: „თხა და გიგო“ დამრჩა გამოსაქვეყნებელი და მერე შემიძლია პირნათელი შევხვდე ზაზას-მეთქი. სულ მთხოვდა, არ დამეწყო წიგნზე მუშაობა. ახლა, როცა გაიგო, რომ წიგნი მზადაა, შეშინებულმა მკითხა, აწი რას აპირებო. მე კი ვაპირებ, ზაზას