⦁ ⦁ ⦁
ბავშვობაში, როცა დედას სოფლად მივყავდი,
მაფრთხილებდა: არ დავსვრილიყავი!
ფეხსაცმელი სუფთა მქონოდა!
ეზოს ჭუჭყიან ძაღლს არ გავკარებოდი!
და ასე შემდეგ.
და ა. შ.
და ა. შ. შ.
გრძელი იყო ჩამონათვალი
თქმული და ართქმული წესებისა,
რომელიც უნდა დამეცვა.
და ეს ყველაფერი ასე ჟღერდა მოკლედ:
ითამაშე, მაგრამ ისე ფრთხილად,
ისე მოზომილად,
რომ თამაში არ დაგეტყოს…
ითამაშე, მაგრამ არ ითამაშო!
ისევ ასეა,
თუმცა კი დედაჩემი სხვებმა ჩაანაცვლეს,
ნაცრისფერი ოფისების მკაცრმა დეიდებმა:
გამოხატე აზრი, თავისუფალო მოქალაქევ!
გამოხატე აზრი!
ჩვენ მოვიპოვეთ დემოკრატია!
ჩვენ თავისუფლები ვართ!
გამოხატე აზრი!
თავისუფალი აზრი!
ითამაშე!
ითამაშე, სადაც გინდა და როცა გინდა!
მაგრამ ითამაშე, ისე ფრთხილად,
ისე მოზომილად,
რომ თამაში არ დაგეტყოს!
ითამაშე, მაგრამ არ ითამაშო!
ჩვენ გვაქვს ახალი დამალობანა –
„პოლიტკორექტურა“.
ნაცრისფერი ოფისების მიღმა კი,
ბრაზიანი ძიაკაცები გაჰყვირიან,
უგრძესი ჯვრებითა და პაწაწინა პენისებით:
ჰეი, თქვენ, ჩვენივე თავის გამშიშვლებლებო,
იარსებეთ, მაგრამ ნუ არსებობთ,
ნუ გვახსენებთ იმას, რასაც გამეტებით ვმარხავთ საკუთარ თავში,
ფიქრებში, სარკესა და სიზმრებში!
ითამაშე, მაგრამ ნუ თამაშობ!
იარსებე, მაგრამ ნუ არსებობ!
თავისუფლება საშიშია! –
ისმის ბრაზიანთა ქოროდან.
რელიგია კი ჰაშიშია –
მოისმის მეორე ბოლოდან.
შენ გაბოლებენ,
შენ გაბოლებენ,
შენ გაბოლებენ
გამალებით!
არ მოკლა ბავშვი შენში –
ითამაშე!