1
ზუსტად ასე მიყვარს გაღვიძება: თვალს რომ გაახელ და ერთხანს აზრზე არა ხარ, სად იმყოფები... სწორედ ამისთვის, ასეთი გაღვიძებისთვის ვცხოვრობ ისე, როგორც ვცხოვრობ და მარტო მე კი არა - ჩვენ ყველა, ჩემიანები.
გაიღვიძებ ეგრე და როგორც არ უნდა იყო, გინდ თავი გისკდებოდეს პახმელიისგან თუ რავი, რა ჯანდაბისგან, ან სიცივისგან იყინებოდე, ან ცეცხლი გეკიდოს ფეხზე, მოკლედ, რაც არ უნდა ცუდად იყო, მაინც კარგად ხარ, იმიტომ რომ იცი: შენ რომ გიყვარს, სწორედ ისეთი დღე გქონდა გუშინ და ახლაც ყველაფერს გააკეთებ, ყველაფერს გამოსწოვ დღევანდელ დღეს; მიხვალ, სადაც მიგესვლება და არ მიგესვლება, რისი დალევა, ჭამა თუ მოწევაც შეიძლება ან მავნებელია, ყველაფერს დალევ, შეაკეთებ და წააწყდები ათას ნაგავს და კარგ, მართლა მაგარ ტიპებს; ზოგთან ჩაურტყამ, ზოგთან მოწევ, ვისთანაც დაკვრა გიყვარს, იმასთან დაუკრავ, ვისთანაც ლაპარაკი გიყვარს, ილაპარაკებ, ვისი გაჟიმვაც ხელგეწიფება, გაჟიმავ და ასე: - აქ, ამ სიბრტყეზე, ჩემს განზომილებაში, სადაც გადაეყრები არასრულფასოვნების კომპლექსის ყველაზე მაგარ და საინტერესო, სასაცილო და ხანდახან სახიფათო გამოვლინებებს ისტერიის უმაღლესი და თავისუფლების უდაბლესი ხარისხით და, პრინციპში, ყველგან ასეა, მარტო აქ კი არა.
მთავარი, ცენტრი დამავიწყდა, ჩვენი ტაძარი: ერთი მიყრუებული როკკლუბი, სადაც ბინადრობს ყველაზე ნაღდი ადამიანი დედამიწის ზურგზე, ყოფილი მღვდელი და ამჟამად კლუბის მეპატრონე და შეთავსებით ქარიზმატული ფეისკონტროლიორი, რესპექტაბელური და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარ ხალხის მტერი ნომერი პირველი, ცალთვალა, წითელწვერიანი და უშველებელი, ვითარცა მეკობრე, ბებერი დრამერი მამაო - ჩვენი შემწე და მფარველი. მამაომ მასწავლა ტუჩის გარმონზე დაკვრა, რის მეშვეობითაც, რაც სახლიდან წამოვედი, მოვიპოვებთ პურს არსობისას: სიგარეტს, ლიმონს და არაყს - მე, ჩემი ძმაკაცი და მხეცი გიტარისტი ალექსანდერი და ბერძენი, თავგადაპარსული გოგო ნეა, ჩვენი კლავიში, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე ტუშით და ნემსებით შედევრის დახატვა რომ შეუძლია. ადრე სალონში აკეთებდა სვირინგებს და ბევრი კლიენტიც ჰყავდა, მაგრამ მერე სპიდიანი მარკუსა შეიყვარა და გამოაგდეს იქიდან. განსაკუთრებით მამაოს უყვარს ნეა, მისი გაკეთებული სვირინგიც აქვს ზურგზე: ყალყზე შემდგარი კენტავრი, თავადაც ტატუირებული და საყურეებიანი, ხელში კომბალივით მომარჯვებული ელექტროგიტარით. მოკლედ, სუფთა მამაო, ოღონდ ოთხფეხა, - ოცდამეერთე საუკუნის ქირონი, ანდერგრაუნდის გმირთა და უპოვართა აღმზრდელი და მეგობარი.
ნეას შეყვარებული კიდევ, მარკუსი, სანამ მოკვდებოდა, ჩვენთან ერთად უკრავდა...
* * *
მარკუსი და ნეა რომ გავიცანით, თავიდან გავიფიქრე, ეს როგორ შეიყვარა-მეთქი ამ გოგომ. სულ სხვადასხვა ტიპები იყვნენ: მარკუსი - ჩუმი და წყნარი, წარამარა წითლდებოდა ბავშვივით და ისედაც ბავშვს ჰგავდა; დაბალი იყო და გამხდარი, სიგარეტის ღერივით, ნეი კი ხმაურიანი და უტიფარი, თან მარკუსზე ერთი თავით მაღალი.
ვიჯექით ერთხელ მე და ალექსანდერი მიწისქვეშა გადასასვლელში და გიტარაზე ახალ თემას ვარჩევდით. ცუდი დღე გვქონდა, ერთი-ორი კაპიკი ძლივს მოვაგროვეთ და მარტო არაყზე და ლიმონზე გვეყო, მშივრები ვიყავით. ღამდებოდა და იმას ვფიქრობდით, სად გაგვეთენებინა. მე პარკში მერჩივნა, კარუსელზე. აკვანივით კარუსელი იყო, - ერთს მიაწვებოდი, დაატრიალებდი, აძვრებოდი მერე ორადგილიან სკამზე და სანამ გაჩერდებოდა, ასე ტრიალში ჩაგეძინებოდა კიდეც და რომც არ დაგძინებოდა, ისედაც ასწორებდა მანდ წოლა, თან თუ მოწეულიც იყავი... დროდადრო გამოჩნდებოდა ცხენოსანი პოლიციელი, ეული და თავჩაღუნული რომ დააჩინდრიკებდა თავის ცხენს ჟანგიან კარუსელებს შორის და უთავო მხედარს ჰგავდა შორიდან. ამ მივარდნილ პარკში ვის ან რას იცავდა და საერთოდ, ვინ სირმა გაამწესა აქ, აზრზე არა ვარ, თუმცა ჩვენ არაფერს გვერჩოდა. ხანდახან შედგებოდნენ ეგ და მაგის მერანი და გვიყურებდნენ შორიდან, ახლოს არ მოდიოდნენ. მაგრამ მერე და მერე, ერთად რომ ვიყავით ყველა, მარკუსი და ნეაც რომ ჩვენთან ერთად იყვნენ, უფრო გლიჯავდა: ოთხივე რომ მივაწვებოდით კარუსელს, დავძრავდით და ნახევარი საათი მაინც ვტრიალებდით ასე. მარკუსს კიდევ მაწანწალა ძაღლები უყვარდა კარუსელზე მეტად, ჭრიალის ხმაზე რომ გამოძვრებოდნენ ხოლმე საიდანღაც. და ძაღლებსაც უყვარდათ მარკუსი; ჩვენ რომ სკამებზე ვიწექით და რაღაც სისულელეებს ვუკრავდით, ის ამ დროს ძაღლებს ეთამაშებოდა და კარგი იყო, მაგარი იყო ეს ყველაფერი - კარუსელიც, მუნჯი პოლიციელიც, ალექსიც, ნეიც, არაყიც და მთვრალი მარკუსაც, იმ მუნიან ძაღლებთან რომ კოტრიალობდა შუაღამისას.
იმას ვამბობდი, თავიდან როგორ იყო-მეთქი, ნეი და მარკუსი როგორ გავიცანით: ვიჯექით მე და ალექსი, მე კარუსელის მუღამი მქონდა, მაგრამ მეტროს ფული აღარ გვრჩებოდა და ბოლოს აქვე გადავწყვიტეთ გათენება. სკამები აქაცაა, თან ღამე თბილა ამ პადზემკაში. ადრეც რამდენჯერ ჩამომივლია. ზაფხულში, საერთოდ, გრილა მიწისქვეშებში