შესავალი - ზაფხული პირენეებში
მამა და მეჯი ხშირად სეირნობდნენ ცხენებით და, ჩემი არაერთგზის ხვეწნა-მუდარის პასუხად, ერთ მშვენიერ დღეს მითხრეს, რომ მეორე დღეს მათთან ერთად წასვლის უფლებას მაძლევდნენ. ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. დედაჩემს ცოტათი ეშინოდა, მაგრამ მამამ მალე გაუფანტა ყოველგვარი ეჭვი.
- ჩვენ მეგზური გამოგვყვება, - თქვა მან, - ის მიჩვეულია ბავშვებთან ურთიერთობას და თვალყურს მიადევნებს, რომ ისინი ცხენიდან არ გადმოცვივდნენ.
მომდევნო დილას სამი ცხენი მოიყვანეს და გზას გავუდექით. მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს ავუყევით. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა ის, რომ, როგორც მეჩვენებოდა, უშველებელი ცხენის ზურგზე ვიჯექი. მეგზურს ის სადავით მიჰყავდა, გზადაგზა ყვავილების პატარა თაიგულებს აკეთებდა და მე მაწვდიდა, რათა შლაპის ლენტში ჩამესვა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ როდესაც მწვერვალს მივაღწიეთ და სადილობისთვის მოვემზადეთ, მეგზურმა საკუთარ თავსაც კი აჯობა - ჩვენთან მოირბინა და ძალიან ლამაზი პეპელა გვაჩვენა, რომელიც დაეჭირა. „Pour la petite mademuiselle (პატარა მადმუაზელისთვის (ფრ.).)“, - შესძახა მან, ქურთუკის გადანაკეციდან ქინძისთავი ამოიღო, პეპელას გაუყარა და ჩემს შლაპაზე მიამაგრა! რომ იცოდეთ, რა დამემართა! საბრალო პეპელა ფრთებს აფართხალებდა და ქინძისთავს ებრძოდა, მე კი მისი მდგომარეობა საშინლად მტანჯავდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ არაფრის თქმა არ შემეძლო, ვინაიდან თავში ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი მიტრიალებდა. მეგზურს უნდოდა ჩემთვის ესიამოვნებინა. მან პეპელა მომიყვანა - განსაკუთრებული საჩუქარი. თუ ვეტყოდი, რომ არ მომწონდა, ამით გულს ვატკენდი. არადა, როგორ მინდოდა შლაპიდან პეპელა მოეხსნა! პეპელა კი ფრთებს აქნევდა და კვდებოდა, თანაც - ჩემს შლაპაზე. ასეთ ვითარებაში ბავშვს მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეუძლია. და მეც ავტირდი.
რაც უფრო მეტ შეკითხვას მისვამდნენ, მით უფრო მიჭირდა პასუხის გაცემა.
- რა მოხდა? - მკითხა მამამ, - რამე გტკივა?
- შესაძლოა ცხენით მგზავრობის ეშინია, - თქვა ჩემმა დამ.
- არა, არა! - შევძახე მე, - არც ცხენით მგზავრობის მეშინია და არც რამე მტკივა.
- დაიღლებოდი, - თქვა მამაჩემმა.
- არა, - გავჯიუტდი მე.
- მაშ, რა მოხდა?
ვერ ვიტყოდი. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყოდი. მეგზური იდგა და ყურადღებით მაკვირდებოდა. სახეზე გაოცება აღბეჭდოდა. გაღიზიანებულმა მამაჩემმა ჩაილაპარაკა:
- ძალიან პატარაა. არ უნდა წამოგვეყვანა ამ ექსპედიციაში.
კვლავ ავქვითინდი. ვხვდებოდი, რომ მთელი დღე ჩავუშხამე მასაც და ჩემს დასაც. ვიცოდი ეს, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. ვლოცულობდი, რომ მალე მიმხვდარიყვნენ ისიც და ჩემი დაც, რაც ხდებოდა. იმედი მქონდა, რომ შეხედავდნენ პეპელას და იტყოდნენ: „ალბათ, არ მოსწონს ქუდზე მიმაგრებული პეპელა“. ეს რომ ეთქვათ, ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ ვერ ვუკარნახებდი ამ სიტყვებს. საშინელი დღე იყო. სადილზე უარი ვთქვი. ვიჯექი და ვტიროდი, პეპელა კი ფრთებს უხათქუნებდა ჩემს შლაპას. ბოლოს შეწყვიტა. წესით, გულზე უნდა მომშვებოდა, თუმცა უკვე ისე ვიტანჯებოდი, რომ ვერაფერი დამამშვიდებდა.
ქვემოთ დავეშვით. მამაჩემი აშკარად უხასიათოდ იყო, ჩემი და - გაღიზიანებული, მეგზური - კვლავაც თბილი, თავაზიანი და გაოცებული. საბედნიეროდ, აღარ მოაფიქრდა, რომ მეორე პეპელა ეჩუქებინა ჩემს გასამხნევებლად. ყურებჩამოყრილნი დავბრუნდით სახლში და სასტუმრო ოთახში შევედით, სადაც დედაჩემი დაგვხვდა.
- ღმერთო ჩემო! - თქვა მან, - რა მოხდა? აგათა ხომ არ დაშავდა?
- არ ვიცი, - უკმაყოფილო ტონით უთხრა მამამ, - არ ვიცი, რა დაემართა ბავშვს. ალბათ, რამე სტკივა. სადილობის დროიდან ტირის და არაფერი უჭამია.
- რა მოხდა, აგათა? - მკითხა დედამ.
ვერაფერს ვეუბნებოდი. ვიდექი და მივშტერებოდი, ლოყებზე კი ცრემლები ჩამომდიოდა. დედა ერთხანს ჩაფიქრებული სახით მიყურებდა, შემდეგ კი იკითხა:
- ვინ მიამაგრა ეს პეპელა მის შლაპაზე?
ჩემმა დამ აუხსნა, რომ მეგზურმა.
- გასაგებია, - თქვა დედამ, შემდეგ კი მე მომმართა: - შენ ეს არ მოგეწონა, ხომ ასეა? ის ცოცხალი იყო, შენ კი ფიქრობდი, რომ მას ტკივილს აყენებდნენ?
ოჰ, რამხელა შვებაა, რა საოცარი შეგრძნებაა, როცა ვიღაცამ იცის, რა ტრიალებს შენს გულში, და გეუბნება ამას, რათა, ბოლოს და ბოლოს, გათავისუფლდე დუმილის ხანგრძლივი მონობისგან. ანგარიშმიუცემლად გავქანდი მისკენ, ჩავეხუტე, ხელები კისერზე შემოვხვიე და ვუთხარი:
- ჰო, ჰო, ის ფრთებს ახათქუნებდა და ახათქუნებდა, მაგრამ მეგზური ისეთი გულკეთილი იყო, ისე ცდილობდა რამით ესიამოვნებინა ჩემთვის, რომ ამის თქმა არ შემეძლო.
დედა ყველაფერს მიხვდა და ალერსიანად გადამისვა ხელი თმაზე. მოულოდნელად ეს ყველაფერი თითქოს მეორეხარისხოვანი გახდა.
- ვხვდები, რასაც გრძნობდი, - მითხრა მან, - ვიცი, მაგრამ ახლა ეს დასრულდა და მასზე აღარ ვილაპარაკებთ.